ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეებს წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 02 მაისი 2017 16:29

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. 

აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ. 

ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23-წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. 

ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

წაკითხულია 437 ჯერ

Related items

  • FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

    ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
    28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
    იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

    საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

  • ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

    ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

    ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

  • საქართველოს 23 წლამდე მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

    ქართული სპორტის მორიგი წარმატება. ამჯერად გულშემატკივარი მოფარიკავეებმა გაახარეს. ბელორუსის დედაქალაქში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის, სადაც  საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

    ქართველებმა მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს, მეოთხედფინალში რუმინეთს  45-31, ნახევარფინალში რუსეთი 45-41 დაამარცხეს, ფინალური შეხვედრა კი იტალიას 45-36 მოუგეს.

    საქართველოს  23 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში არიან: მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია.

    შეგახსენებთ, საქართველოსთვის ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს მეორე მედალია,  შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.

  • ლუკა ღაღანიძე რაპირით ფარიკაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზორია

    ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ამ შედეგით, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

    ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ოთხეულში გადასასვლელ ორთაბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელს, დიმიტრი ტროფიმოვს დაძაბულ ბრძოლაში 15:14 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე ასევე რუსი სპორტსმენი კირილ ბოროდაჩევი იყო, რომლის წინააღმდეგაც ღაღანიძე 12-15 დამარცხდა. 

    ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. მინდა, რომ ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდე."

    „ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს." - განაცხადა მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური