სახალხო დამცველი 17 წლის გოგონას ქორწინების მიზნით გაიტაცების ინციდენტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:42

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.

სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით და დეტალურად შეისწავლის რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად,  არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას. 

წაკითხულია 476 ჯერ

Related items

  • The Washington Post: კოსოვოში მომხდარი გატაცების შემდეგ ყველა ქვეყნის მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს

    აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელი ნატე სენკანი, თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციურად განწყობილი ექვსი თურქეთის მოქალაქის კოსოვოდან გატაცებასა და მათი დაპატიმრების შესახებ The Washington Post-ში სტატიას ავრცელებს.

    ნატე სენკანის მიერ გატაცების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მოკლე მიმოხილვა ასეთია:

    ″ხუთშაბათს დილით, კოსოვოდან მოულოდნელად თურქეთი ექვსი მოქალაქე გაქრა. იმავე დღეს, თურქულმა საინფორმაციო სააგენტომ ″ანადოლუმ″ ამ ექვსი ადამიანის თურქეთის დროშის გვერდით გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.  ფოტოს გადაღების ადგილი გაურკვეველი იყო. ფოტოებთან ერთად გავრცელებულ ინფორმაციით, აღნიშნული პირები გიულენის მოძრაობის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იყვნენ. სააგენტო ასევე იტყობინებოდა, რომ ეს ადამიანები თურქეთის ეროვნული დაზვერვის (MIT) და კოსოვოს დაზვერვის სამსახურსი ერთობლივი ძალისხმევით დააკავეს და კერძო თვითმფრინავით თურქეთში წაიყვანეს.

    მაგრამ ისინი სად იყვნენ? მათი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში ისინი თურქეთში იყვნენ თუ კოსოვოში გაურკვეველი იყო. მაგრამ შაბათ დღეს გაირკვა რომ ისინი თურქეთში იყვნენ გადაყვანილი.

    პირველ განცხადებებში თურქეთის და კოსოვოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ექვსი ადამიანი თურქეთში იყვნენ გადაყვანილი. მაგრამ არც ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია, არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ კოსოვოში მყოფ ოჯახის არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს. ამ მდგომარეობამ, ჭორები გააძლიერა იმის შესახებ, რომ შესაძოლა ეს ადამიანები ჯერ კიდევ კოსოვოში, შესაძლოა თურქეთის საკონსულოში ანდა პრიშტინას აეროპორტში ყოფილიყვნენ. აშკარა იყო ის რომ ამ ადამიანების უფლებები დაირღვა. ისინი ისე დააკავეს რომ ადვოკატებთან დაკავშირების უფლებაც კი არ მისცეს. მათ ასევე დაკავების და დეპორტაციის მიზეზების გასაჩივრების უფლებაც არ მისცეს. და ისეთ ქვეყანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე არასათანადო მოპყრობა და წამება ციხეებში ხშირია.

    ბოლო დროს თურქეთმა, საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტები არაერთხელ უკანონოდ აიღო მიზანში. მედიის ანგარიშები იმაზე მიუთითებს, რომ სამ კონტინეტნზე სულ ცოტა 15 ქვეყანაში თურქეთის მიერ განხორციელებული ზეწოლა დაპატიმრებით ან და დეპორტაციით დასრულდა. თურქეთის მოქალაქეებმა, ხუთ ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვეს მაგრამ მოთხოვნის განხილვის გარეშე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მათი თურქეთში დეპორტაცია მოხდა. მინიმუმ სამ ქვეყანაში თურქეთის დაზვერვის სამსახურმა, უკანონო სპეცოპერაციები ჩაატარა და მიზანში მყოფი ადამიანები დააკავა და სამშობლოში დააბრუნა. გიულენის მიმდევრების გასატაცებლად  თურქეთის დაზვერვის სამსახურში სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ თურქული მედია უფრო ადრე წერდა.

    თურქეთის მოკავშირეები, კიდევ ერთხელ იმის მოწმენი ხდებიან, თუ როგორ პატივს სცემს ანკარა ორმხრივ ურთიერთობებს. თურქეთი, როგორც გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მოიქცა, მოკავშირეების მოქალაქეების მძევლად აყვანის პრაქტიკა ისედაც საკმარისად ცუდი იყო. ანკარა ახლა მეგობარი ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების გატაცების საკითხში რამდენად მონდომებულია ამას ავლენს.

    პრიშტინას ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ თურქეთი, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში მყოფი თურქი ოპონენტების მიმართ გლობალურ წმენდას აწარმოებს. ანკარა ასობით, ათასობით მეცნიერის, ქურთი აქტივისტის, ჟურნალისტის და გიულენის მოძრაობის წევრების, ″დახმარება-წაქეზების″ კრიტერიუმით როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ ″ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის″ ოპერაციებს ატარებს. თურქეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ ბევრ ქვეყანაში გატაცების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა თურქეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის ნება სურვილი უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ. გარდა ამისა, თურქეთის მთავრობის მიერ დაკავების ან ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნას უფრო მეტად ეჭვით უნდა შეხედონ″, - ნათქვამია The Washington Post-ში გამოკვეყნებულ სტატიაში.

    ნატე სენკანი სტატიაში ასევე, კოსოვოს სპეცოპერაციის შესახებ ერდოღანის ნათქვამსაც იხსენებს, ″სადაც არ უნდა იყვნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მათ დავიჭერთ და აქ ჩამოვიყვანთ. აქ კი პასუხს მოვთხოვთ″ და სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს, ″როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის, ამის გასაკეთებლად საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიოს. ყველა იმ ქვეყანამ, სადაც თურქეთის მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს″.

    წყარო: https://www.washingtonpost.com/news/democracy-post/wp/2018/04/01/turkey-just-snatched-six-of-its-citizens-from-another-country/?sw_bypass=true&utm_term=.6d22a5f3f0fe

  • რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

    ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
    გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

    ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
    კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

    მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

    მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
    ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

    გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    ირაკლი ლომოური

  • ე.წ. მოდულის შენობაში, “სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს

    ე.წ. მოდულის შენობაში, ბიზნესმენის გატაცებაში ბრალდებულებისთვის, ნიკოლოზ ბახტაძისა და ლევან ჩქარეულისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს. 

    მათი ადვოკატი იმედა ბეროშვილი ე.წ. მოდულის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა. 

    ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არავითარ გამოძალვას და არც გატაცების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

    როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებში ბახტაძისა და ჩქარეულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს. 

    "საქმის მასალებში წარმოდგენილია გარკვეული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ვიდეომასალები, რომლითაც არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს დანაშაული, რასაც დღეის მდგომარეობით, გამოძიება ედავება. ვიდეომასალები არის ფარული, რომელიც გადაღებულია დაზარალებულის მიერ. ამ მასალებში აღბეჭდილია შეხვედრები და ჩვეულებრივი საქმიანი საუბარი. იმედია, მიეცემათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საშუალება, გაეცნონ ამ ჩანაწერებს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მათ ავთენტურობაზე. დანიშნულია ასევე ექსპერტიზები. არანაირ მუქარას არ აქვს ადგილი ამ ვიდეოში. ვმუშაობთ შესაბამისი მტკიცებულებების მოსაძიებლად და წარსადგენად, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში, რათა დავამტკიცოთ მათი უდანაშაულობა", - განაცხადა იმედა ბეროშვილმა. 

    დაცვის მხარე ეჭვობს, რომ „სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელძღვანელს არ სურდა ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების და ამიტომ მოხდა საქმის აღძვრა და 4 პირის დაკავება“.

  • დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადაზიდვის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდა 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’- ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო და სატრანსპორტო საშუალება ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე მუხლის მე - 2 ნაწილით და მე - 200 მუხლის მე - 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით

  • მოქალაქეთა კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯია“- ს და შპს „ემეფიქს გრუპის,“ ასევე, ოფშორულ ზონაში, ბელიზში  რეგისტრირებული კომპანია “Master services inc”- ის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს მოქალაქე, მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, იგორ ვოლკოვმა, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, ამავე კომპანიების საშუალებით, მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ, ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით. აღნიშნული გზით, ბრალდებულების  მიერ,  ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად ინვესტირების ნაცვლად,  გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა - ჯამში  1 589 266  აშშ  დოლარის ოდენობით. 

    მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ. 

     საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური