USAID/REAP-ის კულინარიული კონკურსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 12:44

2017 წლის 5 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად უმასპინძლებს კულინარიულ კონკურსს. ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში იმართება და  მიზნად ისახავს ქართული აგრო-პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას და აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

აშშ. ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე    მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ კონკურსში და მოამზადებენ კერძებს. გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციით. კონკურში მონაწილეებს დახმარებას  კულინარიის აკადემიის სტუდენტები გაუწევენ.

მომზადებულ კერძებს შეაფასებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე და ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე. დაჯილდოვდება ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში წარმოებული აგრო-პროდუქციის პოპულარიზაციას. კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რაც პროდუქციის ევრო კავშირში გატანას შეუწყობს ხელს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DCFTA-სკენ. 

წაკითხულია 541 ჯერ

Related items

  • USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

    ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

    „რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

  • “ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

    დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

    კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

    “ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

    მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

    მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

    კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

    კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

    ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

     

     

  • აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

    აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. 

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. 

    განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“. 

    შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

  • სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური

    15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური, პირველ ადგილზე გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ხარაბაძე, რომელიც გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ჩახაია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქვლივიძე. მარიამ ჩახაია გაემგზავრება ჩინური ენის ხიდის საზაფხულო ბანაკში დამკვირვებლად. მესამე ადგილზე გავიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სონიშვილი.
    კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. მათი ინიციატივით, შეიცვალა შესარჩევი ტურის ფორმატი და, ფინალური კონკურსის მსგავსად, რომელიც ტარდება ჩინეთში, ჩინურ ენაზე მოხსენებას, კითხვა-პასუხსა და კულტურულ პროგრამას დაემატა ახალი, წერითი ნაწილი. ეს არის სასიხარულო ცვლილება, რადგან, ამიერიდან, მონაწილეები უფრო მრავალმხრივ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და უკეთ იქნებიან მომზადებულნი დასკვნითი კონკურსისათვის. 
    ჩინური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია იეროგლიფური დამწერლობა. შესარჩევი ტურის პირველ ნაწილში სტუდენტებმა დაწერეს თემა ჩინურ ენაზე. მანამ, სანამ ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა წერის პროცესს, თავისუფალი უნივერსიტეტის ორმა ქართველმა კურსდამთავრებულმა წარადგინა პრეზენტაცია ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალური კონკურსისა და საზაფხულო ბანაკის შესახებ. მათ უკვე წარმატებულად იასპარეზეს ჩინეთში და, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თავგადასავლების შესახებ ისტორიების მოსმენა, რაც წინ ელით შესარჩევ ტურში გამარჯვებულ კონკურსანტებს. 
    მეორე ნაწილში სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენება ჩინურ ენაზე და უპასუხეს ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩინეთის შესახებ. თუ სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად საუბრობდნენ მოლოდინებზე და საკუთარ წარმოსახვაში არსებულ ჩინეთზე, ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა მსმენლებს გაუზიარეს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებიდან დანახული ქვეყანა და შთაბეჭდილებები რეალური გამოცდილებიდან. აუდიტორიამ მათთან ერთად იმოგზაურა პეკინში, ხანჭოუში, დალაშქრა ჩინეთის დიდი კედელი, დააგემოვნა ჩინური კერძები და მაქსიმალურად შეიგრძნო ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც სცადეს სიტყვებით კონკურსის მონაწილეებმა. დასახული მიზნის მიღწევა არასდროს არის მარტივი პროცესი და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა ისაუბრეს დაბრკოლებებსა და მათი გადალახვის გზებზეც. როგორც აღმოჩნდა, მათ საკუთარი ძალისხმევითა და სხვა ადამიანების მხარდაჭერით შეძლეს სირთულეებთან გამკლავება და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია იმ პიროვნების დამარცხება, რომელსაც აქვს ოცნება. 
    კონკურსის შემდეგი ნაწილი დაეთმო კულტურულ ნომრებს და საქართველოს პატარა სცენაზე აუდიტორიამ იხილა უზარმაზარი სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების მქონე ჩინეთის მცირე ნაწილი. სიმღერით, მუსიკალური აკომპანემენტით, ჩინური და ქართული ცეკვის შერწყმითა და იუმორისტული მონოლოგით წარსდგნენ კონკურსანტები ჟიურისა და მსმენლების წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნება არის საერთაშორისო ენა და მისთვის არ არსებობს გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრები.
    როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ქართველი სტუდენტების ჩინური ენის დონე. ეს სასიხარულო ტენდენციაა და, იმედი გვაქვს, მომავალშიც მსგავსი მიმართულებით განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება 2017 წლის ,,ჩინური ენის ხიდის’’ კონკურსს, შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტი ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ათი დღით გაემგზავრება საზაფხულო ბანაკში და დაესწრება დასკვნით ტურს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

  • საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები

    თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და მონიკა აზიმი, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი გახსნიან პრეზენტაციას თემაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.

    პრეზენტაციას, რომელიც 10 აპრილს, 09:30–12:30 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

    ღონისძიების მიზანია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა. ანგარიშში შესულია 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოკვეთილი მიგნებები და თანმდევი მოვლენები.

    ანგარიში მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მეტნაკლებად ყველა საკვანძო მიმართულებით. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს სამომავლო აქტივობებისთვის. იმედია, ეს ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ მიაღწიონ ძირითად მიზანს, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა კულტურის პოპულარიზაციაში.

    ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები.

    პრეზენტაცია მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. იგი შეესაბამება EWMI/PROLoG-ის მიზანს დაეხმაროს ადამიანის უფლებათა უწყვეტი რეფორმის სისტემის ჩამოყალიბებას და ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას საქართველოში.

    USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov

    გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში: 20 წელიწადზე მეტია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს წარმატების თანამონაწილეა ბევრ საკვანძო სფეროში, მათ შორის ძირეული რეფორმების გატარებაში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. როგორც სანდო, მიუკერძოებელი და ინოვაციებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მოახდინოს დემოკრატიულ მიღწევების კონსოლიდირება და ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას, ეროვნულ დიალოგსა და ძალისხმევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური