EBRD ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 14:17

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს. EBRD-მა საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ლარით პირველი ევრო ობლიგაციის გამოშვებას და მის ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში.ობლიგაციის ვადიანობა 5 წელს გულისხმობს და თანხა ჯამურად 120 მილიონ ლარს შეადგენს. ევრობანკი ობლიგაციების განთავსების მიზნით, ლონდონის საფონდო ბირჟას მიმართავს. სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორის ბრუნო ბალვანის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და მეტი ინვესტორის დაინტერესებას.

წაკითხულია 313 ჯერ

Related items

  • EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

    EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.

    პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს. 

    მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

    საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

    „ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.

    EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.

  • საქართველო EBRD - ის შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს. 
    აღნიშნული სიახლის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და  EBRD - ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა და მას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის გამართვის შესაძლებლობას. 

    თავის მხრივ, EBRD - ის  რეგიონული დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, საქართველო ერთერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების განხორციელების კარგი შესაძლებლობაა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე, რომელიც EBRD-მა შარშან დეკემბერში დაამტკიცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული სტრატეგია სრულ შესაბამისობაში მოდის საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან. 

    დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება.

    EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. საქართველოსა და ბანკის თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით აღსანიშნავია EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით. ბანკის მიერ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში (ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა).

  • გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს. აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD-მა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი - ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს. 

    "პირველ რიგში, მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს. ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო და ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. 

    ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის," - განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • EBRD „რუსთავის აზოტს“ 155 მილიონ დოლარს გამოუყოფს

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია „რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორის მიმართულებით, გაზის მონეტიზაციის ძალიან მსხვილ პროექტს ითვალისწინებს.

    შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

    საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება, რომელსაც EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ და ბიზნესმენმა, Loyal capital Group S.A. - ს დამფუძნებელმა და "რუსთავის აზოტის" მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

    გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მყარი ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ამ პროექტს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს და ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჩართულია „საპარტნიორო ფონდი" და ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში, ევრობანკთან ერთად კიდევ დავაფინანსებთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახლავთ ყველაზე მსხვილი კრედიტორი და კაპიტალში მონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა და EBRD-ის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერას, საქართველოს რეალურ სექტორსა და საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიმართულებით, აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
    მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ 155 მილიონ დოლარში ასევე მონაწილეობს „საქართველოს ბანკი", რომელიც, ასევე, პროექტის ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი იქნება.

    გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ახალი, მისასალმებელი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში.

    პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან ერთი ფაქტი გაიხსენა.

    „2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იყო გაგანია საბრძოლო მოქმედებები, ევრობანკმა საქართველოსთვის მხარდაჭერის ნიშნად, შეავსო საპარტნიორო ანგარიში ერთ-ერთ პროგრამაში, ერთ-ერთ ბანკში, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი და ეს იყო EBRD-ის მიერ, საქართველოს საბანკო სექტორისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება და რწმენა, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას განვითარების სწორ ვექტორს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს რეალურ სექტორსა და ევრობანკს შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება. შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. ახალი, ენერგოეფექტური ამიაკის ხაზი, შესაბამისობაში იქნება უმაღლეს გარემოსდაცვით სტანდარტებთან, რაც მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

    კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა, ხელშეკრულების ხელმოწერით წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება.

    „ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვწამს საქართველოს ნათელი მომავლის, საქართველოს იურიდიული სისტემის, საქართველოს სამეწარმეო გარემოსი", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

  • EBRD-მ 107 მილიონი ლარის ობლიგაცია გამოუშვა

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 107 მილიონი ლარის ობლიგაცია გამოუშვა. ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე გამოშვებაა საქართველოში. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ამ თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან ერთად და განაცხადა, რომ ლარით ობლიგაციების ემისია საქართველოს ეროვნული ვალუტისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის დასტურია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური