სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:48

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 

კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური" ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 

წაკითხულია 385 ჯერ

Related items

  • 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

    2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტსმენები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, როგორც საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში და წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

    2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხის“ ეთერში გადაიცა.

    სამინისტრო მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.

    ნომინაციებში გამარჯვებულები:

    1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

    2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)

    3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

    4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)

    5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია

    6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

    7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

    8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
    9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
    10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი
    11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

    სპეციალური პრიზების მფლობელები:

    1. 2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობის წყვილი
    2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის - „არქი ჯგუფი“
    3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
    4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
    5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის  - „კაჭრეთი ამბასადორი“; „თბილისი ჰილსი“
    6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში - ნინო სალუქვაძე
    7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი
    8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე - თათია დარსაველიძე
    9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი  - გიორგი შერმადინი 
    10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
  • მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    26-27 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. 

    ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე. 

    სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში „სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანს“ ჩაეყრება საფუძველი.
    ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

    SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს

    2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

    „ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • მუხიანში რაგბის ახალი კომპლექსის მშენებლობა სრულდება

    თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. 

    "სასიხარულოა, რომ თბილისს კიდევ ერთი სპორტული ობიექტი და რაგბის ახალი კომპლექსი შეემატა. გარდა იმისა, რომ ეს კომპლექსი რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო თასს მოემსახურება და გუნდები საწვრთნელ ვარჯიშებს გამართავენ, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ თბილისის ამ რაიონის მაცხოვრებლებს და ზოგადად ჩვენს ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა სპორტით დაკავდნენ. 

    ამ ბაზაზე ვარჯიში არა მხოლოდ რაგბიში, არამედ რამდენიმე სხვა სახეობაშიც იქნება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი მომავალი თაობისთვის. სპორტში ინფრასტრუქტურლი აღმშენებლობა გრძელდება, როგორც ქალაქის პირობებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიხარია, რომ ამ ახალ არენაზე საშუალება მოგვეცემა ვუმაპსინძლოთ როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ასევე საერთაშორისო ტურნირებს." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.  

    დედაქალაქს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება.

    სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები - ადმინისტრაციული შენობის, ტრიბუნებისა და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა, მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე შიდა ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები.

    სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც  სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.

    რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი" აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.

    2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით  საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ნაკრებების ნაწილი საწვრთნელ ვარჯიშებს სწორედ მუხიანის რაგბის ახალ სტადიონზე  გამართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური