თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში - 2016 წლის ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 16:11

დღეს  სასტუმრო „რუმსში“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია „კოალიცია თანასწორობისათვის“ თანამშრომლობით ჩატარდა.

კონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა და მათმა ბენეფიციარებმა ისაუბრეს, როგორ ხორციელდება დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება ცალკეული ჯგუფებისთვის საქართველოში და ამასთან, შეაჯამეს თანასწორობის კუთხით 2016 წელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ასევე შევიდა კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

კოალიციის წევრები თვლიან, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოზიტიური პოლიტიკა; თანასწორობის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება და პრევენცია; დისკრიმინაციული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა კი საზოგადოებაში დაუსჯელობასა და მტრობაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის არადომინანტი ჯგუფებისთვის.

ანგარიში სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, ქალების, ლგბტ თემის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების, პოლიტიკური ოპოზიციის) უფლებრივ მდგომარეობას აღწერს ცალ-ცალკე.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის 2015-2016 წლების ანგარიში, სადაც თავმოყრილია კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი დისკრიმინაციის შემცველი ფაქტები. ანგარიშში შევიდა  36 საქმის დეტალური მიმოხილვა. საანგარიშო პერიოდში კოალიციის წევრებმა აწარმოეს შეზღუდული შესაძლებლობის (7 საქმე), მოქალაქეობის (3 საქმე), რასის (1 საქმე), საცხოვრებელი ადგილის (4 საქმე), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (10 საქმე), ჯანმრთელობის მდგომარეობის (1 საქმე), ქონებრივი მდგომარეობის (1 საქმე), გენდერის (4 საქმე), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (4 საქმე), რელიგიის ნიშნით   (1 საქმე) დისკრიმინაციის საქმე.

 

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლმა მოქალაქეებმა.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“,  „იდენტობა“, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”.

 

 

 

 

 

 

 

 

წაკითხულია 171 ჯერ

Related items

  • 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა
    2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

    შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

    ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

    2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

    საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
  • გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად
    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
     
    "ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან,  სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის,  რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
     
    უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
    მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება,  რა თქმა უნდა,  უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. 
     
    განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
     
    უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
     
    მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
     
    მთავარი და მნიშვნელოვანია,  მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
    ამ სულისკვეთებით,  მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
     
    გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.
  • საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი საზეიმოდ აღინიშნა

    საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთამინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

    მინისტრმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე ისაუბრა ხალთაშორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სამომავლო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ძლიერ ფუნდამენტს წარმოადგენს.

    „ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის სამაგალითო მეზობლობა და თანამშრომლობა რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგების მომტანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას „ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით ახერხებენ ქვეყნებისა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ევროპის ასევე აზიის მასშტაბით.

    „ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ მომავალში იმისათვის რომ ეს პარტნიორობა, ეს მეგობრობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის რომელიც დაინტერესდება ითანამშრომლებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა მინისტრმა.

    სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებულ სამაგალითო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

    მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა ფიკრეტ ამიროვის სახელობის განჯას სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრის კონცერტი .
    საზეიმო ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა.

  • შემოქმედებითი საქართველო: 5 წარმატებული პროექტი, 7 ძირითადი რეკომენდაცია

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „კულტურის სტრატეგია-2025“ პირველი წლის შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე შეაჯამეს. მისმა მონაწილეებმა ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა ინიციატივის ფარგლებში. პროგრამის რეალიზაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.  

     

    5 წარმატებული პროექტი s

     

    • მუზეუმების ღამე

    „მუზეუმების ღამე“ — ეს ცნობილი საერთაშორისო აქციაა, რომლის დროსაც მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება ღამით უფასოდაა შესაძლებელი. ამ პროექტს რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის პირველად ჩაუშვეს საქართველოში, წარმატება არ მოჰყოლია. 2017 წელს ის ჩართეს პროგრამაში „კულტურის სტრატეგია 2025“ და ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ რეკომენდაციების შესაბამისად ჩაატარეს.

    „მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ წელს „მუზეუმების ღამით“ ყველა ჩვენს მუზეუმში ხალხის ტევა არ იყო. ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე: აქციაში 53 883 ადამიანი მონაწილეობდა!“ — თქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

     

    • თბილისის კონსერვატორიის იუბილე

    თბილისის კონსერვატორიის იუბილის ფარგლებში დედაქალაქში მუსიკალური ფესტივალი, ოთხი მასშტაბური კონფერენ ცია და 300-ზე მეტი კონცერტი ჩატარდა.

     

    • ქართული კინოს განვითარება

    პროექტში „გადაიღე საქართველოში“ ერთი წლის განმავლობაში ცხრა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა გადაღებებშიც 1 800 ადამიანი იყო ჩართული.

     

    „ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კულტურა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სულიერი განვითარებისთვის. ეს ეკონომიკის კონკრეტული სფეროა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის“, — აღნიშნა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

     

    • რეგიონებთან მუშაობა

     

    2017 წელს ქვეყნის სამ რეგიონში, 16 ქალაქში საინფორმაციო ტურები და ტრენინგები ჩატარდა, რომლის მონაწილეთა რაოდენობამ 600 კაცს გადააჭარბა.

     

    • არაფრომალური განათლება

    კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამებში 87 934 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოისმინეს ლექციები და ეწვივნენ კულტურის ობიექტებს. მსურველებს კარი გაუღეს: „კინოს სკოლამ“ — სადაც 3 500-ზე მეტი კინოჩვენება გაიმართა, და „ცოცხალმა წიგნებმა“ — განაკუთრებული მნიშვნელობის პროექტმა, რა დროსაც 65 ქართველი მწერალი სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა მათ. 

     

    „არაფორმალური განათლება გვეხმარება ერთმანეთს დავუახლოვოთ ტრადიციული სფეროები და შევქმნათ კრეატიული პროექტები“, — ამბობს მიხეილ გიორგაძე.

     

    7 ძირითადი რეკომენდაცია

     

    შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის განვითარების საკითხების ექსპერტი რაგნარ სიილი პროგრამა „კულტურა და შემოქმედებისგან“ შვიდ მთავარ რეკომენდაციას იძლევა საქართველოში  ამ ინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის.  

     

    1. კულტურისა და შემოქმედების სფეროში პროფესიონალების გუნდის ჩამოყალიბება. ისინი შეიმუშავებენ საქმიანობის გეგმას და თვალყურს მიადევნებენ მის ეტაპობრივ შესრულებას.
    2.  პროგრამის ჩაშვება, რომელიც კულტურისა და შემოქმედების სფეროს ტურიზმით დაუჭერს მხარს. იმგვარი პროექტებისთვის ხელშეწყობა, რომლებიც განავითარებს კულტურისა და შემოქმედების სფეროს, და იმ ტურისტების მიზიდვა, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებულები არიან საქართველოს კულტურით.
    3. კრეატიული ჰაბებისა და ტექნოლაბების გახსნა. ეს კულტურისა და შემოქმედების განვითარების ცენტრები და მოედნებია, სადაც ჩატარდება ლექციები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.
    4. კულტურისა და შემოქმედების რეგიონული განვითარების კუთხით საბჭოების მოწვევა და აუცილებელი კვლევების ჩატარება. ეს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგინებშიც, რაც მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
    5. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის დადგენა. ეს აუცილებელია სახელმწიფოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში სრულად ჩასართავად.
    6. იმ ორგანიზაციების სპეციალური ქსელის შექმნა, რომლებიც კულტურასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებენ. ისინი უზრუნველყოფენ კულტურული ინდუსტრიების მრავალფეროვნებას.
    7. IT-ტექნოლოგიებსა და კრეატიულ მიმართულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრების განვითარება. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება, იპოვონ საკუთარი თავი შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროებში. 

     

    მთავარი დასკვნა

     

    კონფერენცია შეაჯამა პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ხელმძღვანელმა ტიმ უილიამსმა:

    „საქართველო, ალბათ, ყველაზე წარმატებულია ექვს ქვეყანას შორის. ის ეტაპობრივად ითვისებდა გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ ვუზიარებდით. „სტრატეგია 2025-მა“ ასახა ეს და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა მომავალშიც განავითარებს შემოქმედებით ინდუსტრიებს“. 

  • საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

    საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

    განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან „საქართველოს ევროპული გზა", რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.  

    აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა.  საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში  2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის,  თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. 

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური