ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, - სახალხო დამცცველი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 15:02

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. თუმცა, ამავე დროს გამოთქვამს წუხილს, რომ კომისიამ სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა.

კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი;  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. მართლმსაჯულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გადასინჯვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შესაბამისად საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი მექანიზმის შექმნის მოლოდინი.

სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობის თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით. ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი და იმავე პირს მეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას.

შემოთავაზებული პროექტი გვთავაზობს ტექნიკურ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი უნდა ჩანაცვლდეს ომბუდსმენით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის  მსგავსი ცვლილების განხორციელება, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში არის ტენდენცია ომბუდსმენის გენდერულად უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლების. ამასთან, უცხოური ტერმინის შემოღება არაა სახელმწიფო ენის პატივისცემის გამოხატულება. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილება არ ყოფილა შეთანხმებული სახალხო დამცველთან და საერთოდ, გაუგებარია თავად ცვლილების საჭიროება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ეს გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და სხვა ტიპის პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატისთვის.

სახალხო დამცველმა კომისიის წინაშე დააყენა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიების საკითხი, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით, სამწუხაროდ ეს ცვლილება არ აისახა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.

და ბოლოს, ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისათვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა.  ამასთან, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც, არსებული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში. 

წაკითხულია 16 ჯერ

Related items

  • ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

    "როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. 

     

  • საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან,  ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე. 

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და  ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა  პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის  და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.

    სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ,  ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

  • სახალხო დამცველი 17 წლის გოგონას ქორწინების მიზნით გაიტაცების ინციდენტს ეხმაურება

    საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.

    სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.

    აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით და დეტალურად შეისწავლის რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.

    მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად,  არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას. 

  • ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ეკა ელოშვილის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, - სახალხო დამცველი

    2017 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ განსხვავებული მოსაზრების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

    სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ.

    რეკომენდაციით სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

    1. ფაქტობრივი გარემოებები

    2 ე. ე. (შემდგომში განმცხადებელი) მიუთითებს, რომ 2016 წლის ივნისის დასაწყისში მას დაუკავშირდა კოლეგა და აცნობა, რომ ზმ ფმ შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისთვის“ (შემდგომში აკადემია) ეძებდა PR სპეციალისტს და ამ პოზიციისათვის განიხილავდნენ განმცხადებლის კანდიდატურას. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში, განმცხადებელი შეხვდა აკადემიის დირექტორს, გ. ა.-ს და განიხილეს განმცხადებლის საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. გ. ა.-თან 2 შეხვედრის შემდეგ განმცხადებელი შეხვდა ზაზა ფაჩულიას. შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აკადემია ითანამშრომლებდა განმცხადებელთან და 2016 წლის სექტემბრიდან გაუფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნულის შემდეგ, 2016 წლის სექტემბრამდე განმცხადებელი აიყვანეს გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას უნდა დაეგეგმა ერთი ღონისძიება - ზაზა ფაჩულიას NBA-ის საზაფხულო ბანაკი. განმცხადებელი ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიების PR და მედია აქტივობებში, ორგანიზებას უწევდა პრესკონფერენციებს და ა. შ. საზაფხულო ბანაკის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით და აკადემიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საზაფხულო ბანაკის დასრულების შემდეგ, განმცხადებელმა მიიღო კუთვნილი ანაზღაურება და აკადემიის წარმომადგენელსა და მას შორის სიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად ელოდებოდა 2016 წლის სექტემბერში შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ღონისძიების დასრულებისა და კუთვნილი ანაზღაურების მიღების შემდეგ, განმცხადებელი კვლავ განაგრძობდა აკადემიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქტივობებს და ზაზა ფაჩულიას თხოვნითა და დავალებით აქვეყნებდა განცხადებებს, ფოტო ალბომებს და ა. შ. აღნიშნული დასტურდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული მასალებით, რომელიც შეიცავს განმცხადებლისა და ზაზა ფაჩულიას პირად მიმოწერას სოციალურ ქსელში.

    [განმცხადებლისა და მოპასუხეს შორის კორესპონდენცია]

    2016 წლის 16 აგვისტოს განმცხადებელმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა პოსტი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომელიც გლდანის 21-ე ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

    „ვინ ხართ თქვენ, ბიჭოოოო..... !!!!!!! რევოლუცია იმიტომ მოაწყვეთ, რომ ბოლოს ეს გაგეკეთებინათ?! ადამიანი იმიტომ დაიჭირეთ, რომ მანდ მოხვედრილიყავით და ვერ გავიგე, დეპუტატობა ფედერაციის შენობის გავლითაა?! წესი ასეთია?! ამდენ ადამიანს იმიტომ დაამხეთ ცხოვრება, რომ ბოლოს აქამდე 3 მისულიყავით?! მანდ ხო დააწიწკნეთ ყველაფერი, ხო გამოტენეთ პროფესიონალებით და ტალანტებით?! ეს არის დამპალი პრაქტიკა, დამპალი იყო და იქნება - აკეთე ერთი საქმე, შენი საქმე და აკეთე თუ შეგიძლია.... კანონმდებლობა რომ არ კრძალავს, ეგეც არის დიდი სისულელე და რა პრეცედენტებიც ყოფილა, ყველა სისულელე იყო. ჰო, ვერ ვიქნები ობიექტური და 8 თვე კი არა, 8 საუკუნე რომ გავიდეს, ამათ ვერ მოვინელებ... იმათ ვერ მოვინელებ, ვინც პოლიტკორექტული სახეებით მოჰყვნენ, ადამიანის ცხოვრებაში, საქმეში ხელები აფათურეს, თავზე დაამხეს ცხოვრება, მოწყვიტეს ცხოვრების საქმეს, დატოვეს ღია ცის ქვეშ და მერე წავიდნენ : ))) ჰო, ასე! ხო გეკიდათ მაშინაც ბურთიც, ბალახიც, მოედანიც და ახლაც ხო გკიდიათ?! აბა, რა ბებიათქვენის გინდოდათ?! ხო გამიჯნეთ სპორტი და პოლიტიკა?! ხო სამართლიანები ხართ?! ხო გადარეცხეთ სისხლიანი 9 წლის ნარჩენები?! კატების ქვეყანა.... ან კატებს რას ვერჩი :/ შიდა ბარდაგი დაალაგე, ოქრო, გლდანი დიდია, პილასოსი ვერ გაგიქაჩავს... ფუი თქვენი...

    P.S. ჰო, მისდექით ახლა დამლაიქებელ-დამკომენტარებლებს და სათითაოდ ურჩიეთ საქმე :))) ამის პრაქტიკა ხომ გაქვთ?! “

    იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

     

  • სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

    სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

    სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

    შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

    გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

    დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვ...

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმ...

პოპულარული

« ივნისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper