Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 13:11

„სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა (Tony Stringer) და რიჩარდ ფრენსისთან (Rochard Francis) შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.

„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ  ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა "Fitch Ratings - ის“ მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა. 

შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.

წაკითხულია 105 ჯერ

Related items

  • დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

    „რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

    საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

    „მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    “აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

    განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში. ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA).

    მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

    მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 31 ივლისს დაამტკიცა. განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება რიგით მეორე და იმავდროულად დასკვნითი პროგრამაა უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

  • „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა

    საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

    საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლი ‘იხუანი და  ჩინეთის ელჩი საქართველოში  ძი იენჩი.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; ასევე, სტრატეგიული პროექტის “აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

    სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნეს კომპანიის, ასევე საქმიანი წრეებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩინური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და 80-მდე ბიზნეს კომპანიის წარმოადგენლები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

    „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ჩვენ ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, - განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე  ძიანგსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგის წარდგენა მოეწყო. გაიმართა ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.

    საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პირველი  სემინარი თბილისში გასული წლის 22 მარტს შედგა. საქართველოში მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გამართვის გადაწყვეტილება ამავე წელს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დიერქტორის დავით საგანელიძის  საქმიანი ვიზიტის დროს, ადგილობრივ მთავრობასა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გადაწყდა.

    საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, „პაბსეკის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძრვანელობით სექტემბრის თვეში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.

    ძიანგსის პოროვინციის შესახებ

    ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნანჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც  ქართული ღვინის რეალიზაცია ხდება.

  • ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში

    პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში.

    „მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დასანერგად, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მხოლოდ. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გამოდმოტანა ჩინეთიდან“ - დიმიტრი ქუმსიშვილი.
    „ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
  • „ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი" - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ „ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“:

    ”დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

    8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

    მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

    გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

    „ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

    როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

    საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

    მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

    საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

    ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური