III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:43

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.

 

წაკითხულია 113 ჯერ

Related items

  • ვაზიანში, სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა

    ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება.

    ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიმართეს. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. იან კელიმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ქართველი სამხედროების გასაცილებლად ვაზიანში თავდაცვის მინიტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

    გაცილების ცერემონიალს აშშ-ის ევროპის სარდლობის საზღვაო ქვეითები და მშვიდობისმყოფელების ოჯახი წევრები დაესწრნენ. პირადი შემადგენლობა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.

    III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

    III ქვეითი ბრიგადა და 31-ე ქვეითი ბატალიონი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად არის ჩართული. ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მეოთხე როტაციას ახორციელებს. ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა გადასროლისწინა მომზადება და შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში, ბაზა „ჰოჰენფელსზე“ გაიარეს.

  • ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების - I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

    მემორიალის გახსნის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

  • "ავღანეთში დაშავებული არცერთი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - თავდაცვის სამინიტრო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამშვიდობო მისიების შესრულების დროს დაშავებული არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    "6 სექტემბერს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებული, II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. იგი გერმანიაში ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტალის რეანიმაციაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

     

    გერმანიაში იმყოფებიან ამავე დღეს დაშავებული სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამხედრო მოსამსახურეები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    რაც შეეხება 11 სექტემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავებულ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალ ზაურ ზურაბის ძე კომახიძეს, მისი ჯანმერთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან და განაგრძობს სამშვიდობო მისიის შესრულებას"- აღნიშნულია თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

    დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

     

  • ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში მარიამობა აღნიშნეს

    ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს.

    სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
    ღვთისმსახურებას II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
    II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონი „მტკიცემხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარეუსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური