ლევან იზორიას ლექცია-დისკუსია არასამთავრობო სექტორთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:38

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

 შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიოტრ ქვეყნებში, სამართლიან დაფინანსებაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დისკუსიის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მიზანი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე ტრანსფორმაციის ანალიზი და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იყო.

ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

წაკითხულია 409 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური