კოლუმბიელი მორაგბეები მომზადებას საქართველოში გაივლიან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 28 მარტი 2017 15:47

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოლუმბიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრამ მოაწერეს, ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სპორტის მიმართულებით. კერძოდ, პირველ ეტაპზე საქართველოში მომზადებას კოლუმბიის მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ავტოსპორტი - სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების  და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2017 წლის 22 თებერვალს უმასპინძლა კოლუმბიის ოფიციალურ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პატი ლონდონიო ხარამილიო და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრა. სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრების მომზადების გავლას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადების საკითხებს, ასევე დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ პროცედურები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
„უცხოელების ასეთი დაინტერესება და სურვილი, სპორტსმენებმა საქართველოში გაიარონ მომზადება, იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სპორტის განვითარების მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს. უშუალოდ ეს მემორანდუმი საშუალებას მისცემს ჩვენს სპორტულ ფედერაციებს მოიწვიონ კოლუმბიელი სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც მათ საქმიანობას წაადგება. უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმრება კოლუმბიელ მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები, ისინი ჩვენ სარაგბო ბაზებზე გაივლიან მომზადებას. თუმცა, ჩვენი და კოლუმბიის მხარის თანამშრომლობა მხოლოდ სპორტის ერთი სახეობით არ შემოიფარგლება და ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. მისასალმებელია სტუმრების ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნისადმი, სადაც თავისუფლად შეიძლება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამართვა და შეკრებების მოწყობა.  ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული სპორტის ბოლოდროინდელი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება."

სპორტული დიპლომატიის სფეროში მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთვის ახალი გამოცდილებაა. კოლუმბიურ მხარესთან  ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაზე სპორტის მეშვეობით.

დღესვე,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლუმბიის კულტურის კვირეული გაიხსნება, რომელიც 31 მარტამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კოლუმბიის პირველი კინოფესტივალის ჩატარებაც. გარდა ამისა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ძველი ესპანური კოლუმბიის ეპოქაში ოქროთი ვაჭრობის დაწყება".

წაკითხულია 448 ჯერ

Related items

  • 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

    2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტსმენები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, როგორც საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში და წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

    2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხის“ ეთერში გადაიცა.

    სამინისტრო მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.

    ნომინაციებში გამარჯვებულები:

    1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

    2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)

    3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

    4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)

    5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია

    6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

    7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

    8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
    9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
    10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი
    11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

    სპეციალური პრიზების მფლობელები:

    1. 2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობის წყვილი
    2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის - „არქი ჯგუფი“
    3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
    4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
    5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის  - „კაჭრეთი ამბასადორი“; „თბილისი ჰილსი“
    6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში - ნინო სალუქვაძე
    7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი
    8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე - თათია დარსაველიძე
    9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი  - გიორგი შერმადინი 
    10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
  • ქართველების პირველი შეხვედრა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე

    უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლასით უფრო ძლიერ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და თამაშში ბოლომდე დარჩნენ, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობამ გამარჯვების საშუალება არ მოგვცა - 26:37.

    ეს იყო სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტისა და კავკასიური ხასიათის დაპირისპირება, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს და ტოლსწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იყო ეპიზოდები, როდესაც უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს ლელოც ლოგიკური ჩანდა, თუმცა პატარ-პატარა შეცდომების გამო ქულების აღება ვერ მოხერხდა.

    მთლიანობაში, ‘პუმიტასმა’ გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა, მაგრამ მინიმუმ ქულას უმცროსი ბორჯღალოსნებიც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ბოლო ლელოს დადება ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ბიჭებმა, რომლებმაც არგენტინასთან მთელი 80 წუთი თავდადებულად იომეს, ქომაგისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს და მოედანი თავაწეული დატოვეს.

     საქართველო 26:37 არგენტინა

    საქართველოსა და არგენტინის შეხვედრებისთვის ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი თითქმის პირთამდე შეივსო. ტრიბუნებზე ბორჯღალოსნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამერიკული ტურნესთვის ემზადებიან. ასევე იყვნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სამხრეთ ამერიკელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლივ ქომაგობდნენ. ტრიბუნაზე იყო ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ის ქართველთა თავდადებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.

     ‘პუმიტასმა’ ჰიმნი არგენტინელთათვის ტრადიციულად, ემოციურად შეასრულა. მერე იყო ჩვენი ჰიმნი და თამაში პირველსავე წუთებიდან გახურდა. უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ ღია თამაშში, სწრაფმა არგენტინელებმა რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და უპირატესობის მოპოვება. ქართველები ბურთზე კონტროლის დამყარებას და ფორვარდების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ჩასაფრებული არგენტინელები მცირე შეცდომას არ გვპატიობდნენ.

     ანგარიში გელა აფრასიძემ ჯარიმით გახსნა, რომელმაც შესვენებამდე კიდევ სამი შანსი მიიღო და ყველა გამოიყენა, აქედან ორი დარტყმა საკუთარი ნახევრიდან შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ პერიოდში მეტოქემ 3 ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა და შესვენებისას სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო - 12:17.

     მეტოქე მიხვდა, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იოლად ვერ გაუმკლავდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში აღარ გარისკა, ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ქართველებმა ფაზები გადააბეს და წითელ ზოლს უწიეს, ლელოც თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქემ იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. 3 ქულის აღება ძალიან მარტივი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს და სამწუხაროდ, უქულოდ დარჩნენ.

     61-ე წუთზე მატიას სოსემ ინდივიდუალური გარღვევით არგენტინელთა მე-4 ლელო დადო და საკუთარ გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 5 წუთში უპასუხეს: კარგი მოლი მეტოქემ ჩააქცია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, შეტევა ხაზზე გაიშალა, გიორგი გოგოლაძემ ბურთი გიორგი კვესელაძეს ამოუგდო და მან 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო მიითვალა.

     სოსეს კიდევ ერთ სწრაფ გარღვევას არგენტინელთა მორიგი ლელო მოყვა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და უშანგი ჭეიშვილის ლელო გოგოლაძემ გარდასახა. დრო კიდევ საკმარისი იყო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 15-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და პრემიალური ქულის აღება არ დაგვანება.

     

     

  • ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონაზე კაპიტნები საუბრობენ

     სასტუმრო ‘ბილტმორში’ 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის იმ ჯგუფების კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა გუნდებიც თბილისში ითამაშებენ.

     20-წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. „ბ“ ჯგუფის (ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია) შეხვედრები ქუთაისში, ‘აია არენაზე’ გაიმართება, ხოლო ‘ა’ (ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა) და ‘გ’ (არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო) ჯგუფის შეხვედრებს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

     ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხისა’ და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

     

    პრესკონფერენცია

     რის ჰიუეთი (ავსტრალია) : „საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. რაგბი კარგად ვითარებდა და მჯერა, ტრიბუნებზეც გათვითცნობიერებული ქომაგი იქნება. ტურნირის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, შეჯიბრით ყველა ისიამოვნებს.

    ჩემი გუნდის იმედი ნამდვილად მაქვს. ავსტრალიაში კარგი თაობა მოდის და რამდენიმე მათგანს ზე-რაგბში თამაშის გამოცდილება აქვს. ცხადია, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, დანარჩენი კი შეჯიბრის მიმდინარეობისას გამოჩნდება”.

     

    ვილ ჯოუნზი (უელსი): „მძიმე ტურნირის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ ინგლისს, ავსტრალიასა  და სამოას ვეთმაშებით და ცხადია, რომ იოლ გამარჯვებას ვერავისთან დავგეგმავთ”.

     ივან ფეპულეაი (სამოა): „ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე პლანეტის 12 უძლიერესი ნაკრებია შეკრებილი და ეს თავისთავად მეტყველებს რა დონის შეჯიბრს უნდა ველოდეთ. ბიჭების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინასწარი გათვლებით, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, ტურნირის სტარტი ძალთა ბალანსს კარგად გამოაჩენს. პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ვეთამაშებით და გავიაზრებთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს”.

     ზექ მერსერი (ინგლისი): „მსოფლიო თასისთვის ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და წინდაწინვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იქნება, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

     ილია სპანდერაშვილი (საქართველო): „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. ცხადია, რომ ურთულესი მატჩები გველის. მეტოქეები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული. ჩვენც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს, ჩვენ კი მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ. ცხადია, მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და შემდეგ პლეიოფში მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა”.

     ტომას ალვორნოსი (არგენტინა): „საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ყოველმხრივ დადებითია. ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. პირველივე მატჩში მასპინძელ საქართველოს ვეთამაშებით და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქართველებს შარშან მოსამზადებელ მატჩებში გავეჯიბრეთ და მახსოვს, როგორი რთული სპარინგები იყო. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც დიდ ბრძოლას ველით”.

     ფლორიან ვერეგე (საფრანგეთი): „საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც მატჩიდან მატჩამდე წინ უნდა ვიაროთ. საქართველოს ნაკრებთან თამაშის გამოცდილება ჩვენც გვქვს და კარგად გვახსოვს, რომ გასულ მსოფლიო თასზე მცირე სხვაობით ვიმარჯვეთ. ახლა, ჯგუფში ერთად ვართ და იმედია, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ”.

     ერნსტ ფან’რეინი (სამხრეთი აფრიკა): „შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. არგენტინის, საფრანგეთისა და საქართველოს სახით, ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, მიზანი კი, ცხადია, პირველობა იქნება. საწყის შეხვედრაში საფრანგეთთან გამარჯვება ძალიან წაგვწევს წინ”.

  • ჩემპიონი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

     21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხ გზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    newsday.ge მწუხარებას გამოთქვამს უჯას გარდაცვალების გამო და ტანაგრძნობას უცხადებს, ქართულ სარაგბო ოჯახს, გუჯას მეგობრებსა და ახლობლებს.

  • 13 წლის მორაგბე სიცოცხლისთვის იბრძვის - დავეხმაროთ ლუკას!

    13 წლის ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება. პატარა მორაგბეს თავში ანევრიზმა გაუსკდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ლუკას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია თურქეთში ან ავსტრიაში უნდა გაკეთდეს, რადგან საქათველოში სათანადო აპარატურა არ არსებობს.

    პატარა მორაგბის გადასარჩენად თითოეული წამი მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ლუკა გადავარჩინოთ.

     

    ლუკას გადასარჩენად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

    ანგარიშის ნომერი: GE81TB7734545061100045
    მიმღები: ია ნემსიწვერიძე.
    დანიშნულება: ვერთიანდებით ლუკასთვის

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური