სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:24

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

 

წაკითხულია 576 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევ

    საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

    სახალხო დამცველი მომხდარ ფაქტს სისტემურ პრობლემად აფასებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევით ჩაატარა და რომ პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილისა და სხვა ბავშვებისთვის არა თუ კეთილგანწყობილი, არამედ პირიქით, მტრული გარემო იყო შექმნილი; ამიტომ ბავშვები ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად, რაც შეიძლება მათზე ზეწოლად ჩაითვალოს.

    სახალხო დამცველი ასევე დაინტერესდა იცოდნენ თუ არა არასრულწლოვნებმა, რომ მათი მისვლა მოწმის სტატუსით დაკითხვისას ნებაყოფლობითი იყო.

    „სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, არამხოლოდ იმ ჭრილში, თუ როგორ მოექცნენ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ კომპლექსურად. გვაინტერესებს რა იყო წინარე ისტორია და როგორ მოიქცა სკოლა. აპარატი შეაფასებს რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

    სახალხო დამცველმა მიიღო დაპირება სახელმწიფო ინსპექტორისგან, რომ მას ექნება საქმის მასალებზე წვდომა. სახალხო დამცველი სრულად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას.

    საქმის შესწავლა და მიზეზების დადგენა ომბუდსმენის აპარატმა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის შეტყობისთანავე დაიწყო.

  • სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

    2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

    მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

    მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

    დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა.

    მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

    „თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.

    ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

    ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

  • რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

    ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
    გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

    ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
    კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

    მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

    მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
    ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

    გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    ირაკლი ლომოური

  • ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

    "როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. 

     

  • საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან,  ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე. 

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და  ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა  პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის  და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.

    სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ,  ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური