საქართველოს პრეზიდენტი პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 14:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” ახორციელებს, რომლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.
''ჩვენ ვიმყოფებით კასპის ოკუპაციის მუზეუმში, უკვე 23 წელია ეს ადგილი გახდა სკოლა, სადაც იზრდება ახალი თაობა, მაგრამ ამავე დროს არ ხდება წარსულის დავიწყება და აქ მუზეუმი განთავსდა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს სამშობლო დასაცავია, რომ თავისუფლება დასაცავია, რომ დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია და რომ ნებისმიერი ნაბიჯი უკან ნიშნავს ათობით ჩვენი თანამემამულის გაუბედურებას და წყვდიადში ჩავარდნას. 
25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობის შენება და თითოეული ჩვენი მოქალაქე მზად არის რომ ამ დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე იდგეს. 
მე მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სამშობლოს და თავისუფლების დაცვის თემების მიჩუმათება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

წაკითხულია 295 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

    პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
     
    შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკალაიანმა.
     
    პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
     
    პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

  • "პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის"

    საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
     ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

    ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

    მინდა ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

    პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
    ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.


    ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
    აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

    ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას შვებულების საკუთარ სამშობლოში გატარებისაკენ მოუწოდებს

    საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდმომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აჭარის მთავრობასთან პირველი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რეგიონული განვითარებისა და რეგიონული საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ასევე, ტურისტული სფეროს განვითარების კუთხითაც.

    ,,რეგიონში ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, მზარდი მაჩვენებელია ტურიზმის სფეროშიც, თუმცა დღეს ვიცით, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რეალურად, ტურისტების მზარდი ნაკადი არ შენელებულა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

    მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარონ. ამ განცხადებას კიდევ ერთხელ გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას ბათუმის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება და სადაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან. ეს კონფერენცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ეტაპი იქნება და ის, რომ ასეთი კონფერენცია ბათუმში ტარდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

  • "ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე!"

    ,,ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც  20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი  მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.
    ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს. 

    დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ  ,,მადლობის სიგელი" გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

    ,,დღეს განსაკუთრებული დღეა - მადლობის თქმის დღე! 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, თავდაუზოგავად იშრომეს, ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო მათ მთელი საზოგადოების სახელით“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 
    პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

    პრეზიდენტის თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში, სულ 24 პაციენტი შევიდა. მათ გადაუდებელი ოპარაცია ჩაუტარდათ და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. 

    ,,6 პაციენტის შემთხვევაში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია

    მინდა დაჯილდოებით გამოვყო ქირურგ - ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას ღვაწლი, რომელმაც 21 ივნისს დაბადების დღესთან დაკავშირებით მორიგეობა გადაცვალა და სწორედ იმ ღამეს მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება. 

    ,,რეგიონულ ჰოსპიტალსაც“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს  პირობებში უწევდა მუშაობა და იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 
    როცა ბელორუსიიდან დავრეკე პირადად, მითხრეს, რომ ვერ გადაარჩებოდა თვალი, მაგრამ სასწაულებიც ხდება და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ქირურგ - ოფთალმოლოგს, რეზო ომიაძეს, რომელსაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და დაბრუნდა საქართველოში, ესეც ღირსშესანიშნავია. 

    სულ მუშაობდა 77 სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  მათ შეძლეს სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა. 

    მაკა გვარამია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, იმ ღამეს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული, სოლომონ როსტომაშვილი - მოვალეობის შემსრულებელი,  არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სამსახურის მობილიზაცია შეძლეს და ამ სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა, რომ ყველას გადასცეთ მადლობა.

    ჩვენ ამოვირჩიეთ ეს 4 ადამიანი, შეუძლებელია ყველას დაჯილდოება, მაგრამ მათი ჯილდო თქვენი ჯილდოცაა, ეს ყველას ჯილდოა - სხვადასხვა საავადმყოფოებში მობილიზებული ექიმების.  ეს იყო არნახული ერთად ყოფნა. 
    ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    არაერთი ტრაგიკული, მძიმე დღე, მძიმე ღამე და მძიმე პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას -  მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმ პერიოდში, მეორე მხარე, რომელიც იმედისა და გაძლიერების მომცემია და ეს მეორე მხარე, დღეს ხართ თქვენ, ყველა, ვინც ამ ქვეყნისა და მისი მომავლისათვის მზადაა იშრომოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ამისი მაგალითი ვნახეთ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

    ,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო. 

    ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. 

    არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.
    ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები,  სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    ექიმებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო ჯილდოსა და ნდობისათვის.
    ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის. 
    ჩემთვის უდიდესი  პატივია ეს ჯილდო, მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. 
    შემოსული იყო ორი უმძიმესი პაციენტი თვალის კაკლის დაზიანებით. საბედნიეროდ, მეც და პაციენტებსაც გაგვიმართლა, რომ მოვახერხე  თვალის მთლიანობის აღდგენა. 

    მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოფთალმოლოგიურ ცენტრში ნინო ბერაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა,  ასევე მადლობა ჩემს კოლექტივს ოფთალმოლოგიურ ცენტრს ერთად დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რეზო ომიაძემ.
     

  • „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

    კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

    ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

    „ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

    მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური