ნოდულარული დერმატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 13:07

 სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების,

ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ. ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ. FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს. ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ბ-ნ, ორან ერსტერი უწევს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე  ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით,  საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში  ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის  მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

 FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.

წაკითხულია 629 ჯერ

Related items

  • "გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი არის H1N1" - ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.

    "საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა"- ამბობს ის.

    „ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

  • ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი ჯიშების შემოტანა იწყება

    სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-ს მიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის ქალაქებში - სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო - გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს.

    ვიზიტის ფარგლებში იური ნოზაძემ და ლევან უჯმაჯურუძემ შეხვედრები გამართეს ესპანეთის კანტაბრიას ავტონომიური ოლქის პრეზიდენტ მიგელ ანგელ რევილასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინიტრებთან. შეხვედრებზე როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, ქართველი სპეციალისტები აგრონომიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ესპანეთში აიმაღლებენ. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შეტანა იგეგმება. მომავალი წლიდან საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოში სხვადასხვა კულტურის ახლი ჯიშების შემოტანის, გამოცდის და შემდგომ, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ნერგების წარმოების კუთხით.

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ რიოხაში უძველესი მარნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მევენახეობა - მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

     

     

     

  • საქართველოში ესპანური კომპანიების ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა

    სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი, მეხილეობის განვითარებისთვის ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის ახალი ჯიშების ნატურალური მეთოდით გამოყვანას მოიცავს. ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ ლაბორატორიებში ახორციელებს.

    მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის ხეხილის და აგროსატყეო უნიკალური ნერგების უფასოდ გადაცემა იგეგმება. ახლო მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების სანერგე მეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანი ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ხეხილოვანი კულტურის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს.

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რაჭის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საქართველოში მეღორეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე, ახალ რეგულაციებსა და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

    შეხვედრაზე ადგილობრივი ფერმერები დაავადებებთან ბრძოლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს გაეცნენ და ღორების გახშირებული სიკვდილიანობის თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ რჩევები მიიღეს.

    როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უახლოეს მომავალში ესპანური კომპანია ,,NATIVE GEORGIAN“ რაჭაში, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ააშენებს ფერმებს ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია ქართული ღორის ჯიშების განვითარების ხელშეწყობას, ხორცპროდუქტების სახით დამუშავებას და შემდგომში საერთაშორისო ბაზრებზე მათ რეალიზაციას აპირებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

    ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ასევე, რეგიონის რწმუნებულ-გებერნატორის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური