„ეს ჩემი ტყეა“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:11
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“ კონკურსანტებმა ფოტოები წარმოადგინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაეცათ: სურამის N4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. „მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფილურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა. პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს. ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები. დაჯილდოების ცერემონიას ავსტრიის ელჩთან ერთად, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხულია 411 ჯერ

Related items

  • „ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

    საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისარ კარლოს მოედიშთან. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის თაობაზე. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება მიიღო იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯებია, რაც გულისხმობს განათლების კუთხით ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციასა და მათგან მეტი ბენეფიტის მიღებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და მათ შორის სამეცნიერო პროექტების განხორციელებით. ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერა საქართველოს „ევრაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოღვაწე ყველა მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი მეცნიერებისთვის თითქმის ყველა ევროპული სამეცნიერო ფონდი და რესურსი ხელმისაწვდომი გახდება. ფაქტობრივად, ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

  • USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

    ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

    „რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

  • IBSU-ში განათლების საკითხებზე მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „განათლების, ენის და ლიტერატურის საკითხებზე მეცხრე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრას 27 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის: საფრანგეთის, საბერძნეთის, ჰონგ-კონგის, ამერიკის, ავსტრალიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. მთავარი მოხსენებლები არიან Ori Z. Soltes, Georgetown University-დან და Nick Michelioudakis, ELT ტრენერი საბერძნეთიდან.

    კონფერენცია საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდმაგახსნა.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმ მხრივ, რომ მასში ჩართულები არიან როგორც საქართველოს,  ასევე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები, სტუდენტები, დოქტორანტები. ეს კონფერენცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ენის განმტკიცების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ მაქვს აქ ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა დიპლომატმა.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული, მათ შორის განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

    „ეს არის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია განათლების შესახებ, დაახლოებით 213 მონაწილეა ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ განათლების პრობლემებზე, თუ როგორ უნდა იქნას გადაჭრილი არსებული გამოწვევები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

    IBSU-ს  განათლების და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ნათელა დოღონაძე აცხადებს , რომ საერთაშორისო კონფერენცია მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მათ შორისაა: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია და ა.შ.

    „ეს არის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენის და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაზე, მე- 9 წელია ტარდება და წელს 29 ქვეყანა მონაწილეობს. თუ სახელმწიფოს წარმატება უნდა, განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის თვალსაზრისებისა და ინფორმაციის გაზიარება განათლების სფეროში, გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი ადგილი კონტაქტების დასამყარებლად. ყველანაირი საკითხი გვაქვს გამოტანილი, მაგალითად განათლების ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდები სხვადასხვა დარგების მიხედვით; არის ინჟინერია, ენების სწავლება, ასევე სასკოლო ასაკის, უმაღლესის და პოსტუმაღლესის სწავლების მეთოდები და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური, მნიშვნელოვანია, რომ მასალები ყოველთვის იბეჭდება  და ჩვენს თანამშრომლებს და მაგისტრანტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ, ეს მათთვის ძალიან დიდი შანსია მეცნიერულად განვითარდნენ“, – ამბობს ნათელა დოღონაძე.

    კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

     

  • მამუკა ბახტაძე - მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს

    რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება  ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ.

    ყველა ვთანხმდებით რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში ადგილის  დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. 

    საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლკარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში. ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით.

    მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.

    ჯერ კიდევ ჩემი ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში არაერთხელ განმიცხადებია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში. ეს არის სწორედ ჩემი მთავრობის პრიორიტეტი. ჩვენ, როგორც მინიმუმ, განათლების სექტორის  10-12 პროცენტიან წილს უნდა მივაღწიოთ ჩვენს მთლიან ეკონომიკაში. ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა ფაზის დანერგვას დავასრულებთ, ეს სწორედ ასე იქნება - განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, რომელსაც ექნება არანაკლებ 10-12 პროცენტიანი წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში.

    ამ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც   - რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის.

    ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია, საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებისა და შედეგების, რაც შეიძლება, სწრაფად მიღწევისაკენ.

    დღეს საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც, სრულად მორგებულია ჩვენს რეალობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს განათლების სისტემაში. რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს, ესენია: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

    არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები განათლების სისტემასა და მეცნიერებაში ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება და განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი. ამ ორმა მიმართულებამ ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარება, ეკონომიკური განვითარება და რეფორმა განათლების სექტორში - შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთიანი სტრატეგია, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან.

    ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე  ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით.

    განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც  ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები. ამ პროცესში ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა  დონორი, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა.

    რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია,  და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში.

    პროფესიული განათლება  და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში.

    ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას.

    მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში. რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს.

    წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები  ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი.

    უფრო დაწვრილებით რეფორმის ყველა დეტალზე მოგახსენებთ განათლების მინისტრი.

    დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის გატარებით ჩვენ გარღვევას მოვახდენთ განათლებაში და ქვეყანას გადავიყვანთ განვითარების ახალ ეტაპზე, ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი თაობები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საქმეში. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს, მივაღწევთ კეთილდღეობას და ჩავდგებით თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების რიგებში და შევქმნით ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს.

  • OPIC-ის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს

    OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.

    დელეგაცია, რომელსაც OPIC-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა შექმნილი.

    კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი ინვესტიციები საქართველოში.

    OPIC-ი ინვესტიციების განხორციელებას განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის სფეროში გეგმავს.

    ხაზი გაესვა, რომ OPIC-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაცილებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

    პრემიერ-მინისტრსა და OPIC-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური