ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 12:22
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი "რუსთავ 2-ის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული,"- ნათვამია პრემიერის განცხადებაში.
წაკითხულია 390 ჯერ

Related items

  • შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

    საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

     

     
     
  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თარიღზე მისი ვიზიტი სიმბოლურია. „ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი სულ ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი სტიმული მივცეთ ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყანასა დ ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. გიდასტურებთ პირადად ჩემს და ჩემი მთავრობის მზადყოფნას ამისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

    ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური