ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში თავის ხელით არ ჩაუდია - მიხეილ რამიშვილი
გამოქვეყნებულია
საზოგადოება
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 13:03
ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა 13:00 საათისთვის გაგრძელდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები იმყოფებიან.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გუშინ დაკითხვისას ბრალდებულმა პროკურატურსიგან მისი ოჯახის წევრების დაცვა მოითხოვა. მისივე თქმით, აღნიშნული მოთხოვნით დაცვის მხარე დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს:
„ძალიან ბევრი ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე დღეს ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვის უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეს მათი პრეროგატივაა, უნდა იმსჯელონ," - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დეკანოზს ჩანთაში მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც საქმეში ფიგურირებს, თავად არ ჩაუდია:
"აღნიშნული ციანიდი, მომწამვლელი ნივთიერება, მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია. შესაბამისად ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგში და ჩვენ ჩვენს პოზიციას დავუმტკიცებთ, პროკურატურამ კი თავისი პოზიცია დაგვიმტკიცოს,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
Tagged under