სეოკ-ში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 16:05

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებული საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებთან. მათ მიესალმნენ და წარმატება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფესტივალზე საქართველოს 6 წარმომადგენელი გამოვიდა: სამთო მოთხილამურეები - ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარიანი, ლაშა კურტანიძე და გიორგი კურტანიძე, ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე და სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი. 

ამათგან ყველაზე უკეთ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 14 წლის მოციგურავე ნიკა ეგაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილისთვის პირველი მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევაა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ნიკა ეგაძეს, მის მწვრთნელს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციას მიულოცა ევროპული მედალი და ხაზი გაუსვა თვალშისაცემ პროგრესს, რაც სპორტის ამ სახეობაში შეინიშნება: "ჩვენი მოციგურავეებისთვის  წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა. ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც უთუოდ აღსანიშნავი შედეგია, თან ეს შედეგი ნაჩვენებია მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის წინ. ერზრუმში კი ნიკა ეგაძემ გვასახელა. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპულ ფესტივალზე პირველი ჯილდო მოვიპოვეთ. ეს მეორე მედალია. აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ რთულია ამ შეჯიბრების პრიზიორთა შორის მოხვედრა."

ლერი ხაბელოვმა ნიკა ეგაძეს და მის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები მიიღეს აგრეთვე ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა.

როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა აღნიშნა, ერთობლივმა ნაყოფიერმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. მანვე სეოკ-ისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენა საკითხი თბილისში თანამედროვე საციგურაო სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე. ეს საკითხი ასევე განიხილა სეოკ-ის აღმასკომმა, რომლის წევრებიც წლეულს პირველად შეიკრიბნენ.

ჩვენი გუნდის სხვა წევრების შედეგები:

სნოუბორდი

ბაქარ მუშკუდიანი - მე-10 ადგილი.

სამთო თხილამურობა:

ეკატერინე გოცირიძე - სლალომი - 37-ე ადგილი, სლალომი-გიგანტი - 46-ე;

თამარ ბარბარიანი - სლალომი - 38-ე, სლალომი-გიგანტი - 47-ე;

ლაშა კურტანიძე - სლალომი - მე-18, სლალომი-გიგანტი - 31-ე;

გიორგი კურტანიძე - სლალომი - 23-ე, სლალომი-გიგანტი (დისკვ.).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იყო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიურ მისიას კი სეოკ-ის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ უხელმძღვანელა.

სეოკ-ის აღმასკომის დასტურით, სეოკ-ში შეკრებილთა თანდასწრებით მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოგზავნილ ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური მიწვევის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია.

 ზამთრის ოლიმპიადა ერთი წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში, პიონჩანგში ჩატარდება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სეოკ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი თამაშების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სპორტსმენები სამხრეთ კორეაში წინა თამაშებზე უკეთ გამოვლენ.  ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მეშვეობით სეოკ-მა  ჩვენს 4 სპორტსმენს უკვე დაუნიშნა სტიპენდია, თითოეულს - თვეში 1 500 დოლარის ოდენობით. ისინი დიდი ოლიმპიადის პოტენციური ლიცენზიანტები არიან.

წაკითხულია 1010 ჯერ

Related items

  • მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

    როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

    „COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

    პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.

  • ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

    ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონითი კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. 

    დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა გერმანიის ნაკრების ძიუდოისტი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი "ვაზარით" დაამარცხა. 

    ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან ორთაბრძოლაში ჯერ "ვაზარი" გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა შებოჭვით დაასრულა. მეორე ტურში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან "ვაზარით" აგებდა, თუმცა ჩამორჩენა "ვაზარითვე" გააბათილა და შემდეგ ავასატე იპონით (წმინდა გამარჯვება) დაამარცხა.

    მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დროისათვის ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოცეს.

     

  • 23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები
    23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება, ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
    ️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
    საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
    ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი): „დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
    ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
    გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“.
  • 2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

    2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ბაკურიანს მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 26 ნოემბერს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სათხილამურო ფედერაცის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა. პირველი ფესტივალი 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით. 1993 წელს, იტალიის დაბა აოსტამ ევროპის ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

    შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება, ფესტივალი კი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. 2012 წლიდან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოთხი წლის ინტერვალით ეწყობა.

    პირველად საქართველომ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას 2015 წელს უმასპინძლა, მოგვიანებით 2020 წლის თებერვალში ჩვენთან ჩამოვიდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

    ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC) შეიტანეს.

    COVID-19-ის გამო, ასამბლეა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრაზე ფესტივალის ბაკურიანში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

  • გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

    საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:
    "მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
    საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.
    საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.
    ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
    ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა...მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
    მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
    ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური