"თანხები, რომელიც ახვლედიანის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია"

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 12:50

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

„დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

„იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

წაკითხულია 606 ჯერ

Related items

  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

    სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

    თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

    „დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

    „ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

    „მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

    ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

    2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

    ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

    და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

    დამატებითი ინფორმაცია

  • არჩილ თალაკვაძე - ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ეხმაურება.

    „მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

    გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

    „ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

    „თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

    „შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

    ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

    ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

    წყარო: https://1tv.ge/news/archil-talakvadze-dialogis-am-etapze-opozicia-isev-ar-aghmochnda-mzad-rom-kheli-moewera-shetankhmebaze/

  • პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

    საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

    სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

    „ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

    „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

    მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

    ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

    „მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • ნ. მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი

    საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. ქართველმა კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, ნ. მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამის დადგენილებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორმა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

    შეგახსენებთ, რომ ნ. მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, ნ. მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა.

    ამჯერად პროკურატურა სასამართლოში ნ. მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც საგამოძიებო უწყებას პარლამენტის თანხმობა და ნ. მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეჩერება სჭირდებოდა.

    მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს, პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება, დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.

  • არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. 

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას.

    მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

    საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური