აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერა ქართულ მხარეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 13:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) უცხადებს. სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის პრეზიდენტს ბრედ ფედმანს შორის გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის ექსპერტები საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში აქტიურ წვლილს შეიტანენ და ქართულ მხარეს აღჭურვილობის უზრუნველყოფაშიც გაუწევენ დახმარებას.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება მოახდინეს, სადაც ამერიკელი ექსპერტების ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული. “აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომელსაც უწყების ფარგლებში ვატარებთ. ეს რეფორმები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ახლა იწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც  წვრთნებს უკავშირდება. ჩვენ საჯაროდ უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება მას საფუძველი. მრჩევლების აქტიურობა, მათი ამ წვრთნებში ჩართულობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაპარაკია ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე. მოხდა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც მათი გააქტიურება, მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული, რათა დაწყებული პროცესი მივიყვანოთ  ლოგიკურ წარმატებულ შედეგამდე“,  - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ბრედ ფედმანმა CUBIC-ის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხანგრძლივ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ჩვენ საქართველოს ბევრი წელია მხარდაჭერას ვუწევთ. შეხვედრაზე საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების საკითხი განვიხილეთ. ამჟამად, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 25 ქვეყანას ვუზრუნველყობთ აღჭურვილობით. ვგეგმავთ, ქართულ მხარესაც გადმოვცეთ აღჭურვილობა. ასე რომ, ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რომელიც უკვე მრავალია წელია გრძელდება“.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, კუბიკის პროგრამის მენეჯერი საქართველოში უილიამ ქრეივენი და კუბიკის ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე მაიქლ კელი დაესწრნენ.

აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორისაა თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. კუბიკის მეორე ჯგუფი დახმარებას უწევს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში. მესამე ჯგუფი კი, დახმარებას უწევს  ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის JCATS და  MILES ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების გამოყენება-უზრუნველყოფაში.  

წაკითხულია 510 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (USS Potrer) ბათუმშია

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (Porter) (DDG 78) 23 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. ეს არის გეგმიური ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების შავ ზღვაში მოქმედებისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში.

    ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს საზღვაო ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. COVID-19 პანდემიის გამო პორტში ყოფნის დროს საზღვაო ხომალდის პერსონალი არ დატოვებს ხომალდს.

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ პორტერი” არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების არლი ბუკეს ტიპის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება.

    ამერიკის საზღავაო ძალები ხშირად ახორციელებს საზღვაო ხომალდების ოპერაციებს შავ ზღვაში, რაც შესაბამისობაშია მონტროს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან.
    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი”, რომლის მეთაურია კაპიტანი კრეგ ტრენტი, ესპანეთში საზღვაო ძალების სადგურის, „როტას” ნაწილია. ის ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში და იცავს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში.

    ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა იტალიაში, ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და სრული სპექტრის საზღვაო ოპერაციებს, ხშირად, მოკავშირეებთან და უწყებათა შორის პარტნიორობით იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.

    თბილისში ამერიკის საელჩოს პრეს-რელიზი

    https://ge.usembassy.gov/ka/uss-porter-visits-batumi-june-23/

  • აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა

    აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

    ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

    კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

    „კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

    რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

    ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

    ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

    „საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

    სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

    „პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-s-respublikelta-kvlevitma-komitetma-erovnuli-usafrtkhoebis-strategia%e2%80%8b-gamoaqveyna-romelshic-saqartvelozec-aris-saubari/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

  • ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

    სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყების გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

    ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების (სულ 52 ობიექტი) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს. ამას გარდა, შექმნილ ვითარებაში, COVID_19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს და 52-ვე ობიექტს პირველადი საჭიროების მედიკამენტსა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს.

    „მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისა და მოხუცების მიმართ, მითუმეტეს, როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ბანკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბიზნესის კეთილი ნება, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარების პროცესში. დიდი მადლობა ლიბერთის გვერდში დგომისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

    „ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ მათზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და თანადგომა,“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 57 შშმ პირი.

    მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 168 ბავშვი იღებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური