შპს შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების საპასუხოდ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 08 თებერვალი 2017 13:04

შპს შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მათივე ვებგვერდზე 7 თებერვალს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, იძულებული ვართ განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება  არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ  ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, სწორი  ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.

  პირველ რიგში, მადლიერებას გამოვხატავ  საზოგადოების მიმართ ამ საკითხისადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესის გამო;  შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმი ფუნქციონირებს 1994 წლიდან  და დღემდე მისი საქმიანობა მაღალ დონეზე არის შეფასებული მოსწავლეების, მშობლების, კურსდამთავრებულებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია,რომ თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოგახსენებთ, რომ სკოლა-ლიცეუმი 2015 წლის 4 სექტემბრამდე მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,   თურქულენოვანი კლასები გაიხსნა ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლების მოთხოვნითა და შესაბამისი ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის საფუძველზე.

  2015 წელს სკოლამ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციის  მაძიებლად ცნობის თაობაზე. 2015 წლის 4 სექტემბერს გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შაჰინის სახ. სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე სკოლის დირექციამ გაითვალისწინა ავტორიზაციის საბჭოს მიდგომა ტექნიკური საგნების ინგლისურ ენაზე სწავლებისა და თურქულენოვანი კლასების არსებობის მიმართ.  სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, გამოვთქვით მზადყოფნა,  თურქულენოვანი სექტორის გაუქმების თაობაზე. ამის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს შაჰინის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ავტორიზაცია 5 წლის ვადით.

ცენტრის განცხადებაში ნახსენები  გეგმიური ორი მონიტორინგის ნაცვლად ჩატარდა 3 მონიტორინგი. პირველი მონიტორინგის  შედეგები  განხილულ იქნა 2015 წლის 25 დეკემბერს. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის N 10 ოქმში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც  სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში თურქულ სექტორზე რეგისტრირებული  მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში. ამავე ბრძანების მიხედვით, გაძლიერდებოდა ქართული ენის სწავლება, მშობლებს მიეწოდებოდათ შესაბამისი ინფორმაცია და 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის მსურველ არაქართულენოვან მოსწავლეთა კონტიგენტის ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ავტომატურად, ქართულენოვან კლასებში. როგორც ზემოთქმული  ცხადყოფს, ეს პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ.   უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ განახორციელა ვადების დაცვით  განახორციელა ყველა ის მოქმედება, რაც  აღნიშნული ბრძანებით ჰქონდა დავალებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ; კერძოდ, მოსწავლეები  მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებული თურქული სექტორის ბაზიდან გადაიყვანა ქართული სექტორის ბაზაში და გაზარდა  ქართული ენის საათები.

  აშკარაა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში აღნიშნული გარემოება,  თითქოს სკოლამ დაარღვია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანება, რადგან არ მოახდინა თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე გადმოყვანილი მოსწავლეების განათლების აღიარება,  უსაფუძვლოა.  აღნიშნული ბრძანება არ არეგულირებს მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ერთი კლასის დახურვის შედეგად  მეორე კლაში (პარალელურ კლასში) მოსწავლის გადაყვანისას ამ მოსწავლეთა განათლების აღიარების ვალდებულებას და შესაბამისად, არც განათლების აღიარების  წესს ადგენს.

  საბჭოს ოქმიდანაც კარგად ჩანს, რომ  თურქულენოვანი სექტორის გაუქმება ეტაპობრივად ხორციელდებოდა 2015-2016 სასწავლო წელს. ხოლო 2016-2017 სასწავლო წლისათვის დირექტორის ბრძანების საფუძველზე სკოლაში ჩამოყალიბდა    ჯგუფი, რომელიც ადგენდა თურქულენოვანი კლასებიდან ქართულენოვან კლასებში გადმოსული თითოეული მოსწავლის ცოდნის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ქმნიდა  ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ხოლო                                  საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლეების  ჩარიცხვა  განხორციელდა კანონმდებლობით  დადგენილი   წესით.   კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.

სიმართლეს არც ის ბრალდება შეესაბამება, რომლის მიხედვით, თითქოს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. გაუგებარია რა პერიოდს იგულისხმება ფრაზაში „ხანგრძლივი დროის განმავლობაში“. სიმართლე ისაა, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ არ დაფიქსირებულა მოსწავლეების მიერ გაკვეთილების მასიური გაცდენების ფაქტები.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს არაქართულენოვან მოსწავლეთა დიდმა ნაკადმა დატოვა სკოლა და გადავიდა ბათუმში ახალგახსნილ თურქულ სკოლაში, რომელსაც საქართველოში საქმიანობის წარმართვისათვის არანარი კანონიერი საგუძველი არ გააჩნია, მათ შორის ავტორიზაცია. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დარეგისტრირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებიდან მხოლოდ 5 არ ცხადდებოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლების სტატუსის შესაჩერებლად  ელოდებოდა კანონით გათვალისწინებულ 90 დღიან ვადას, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია,  ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის ადგილი, სადაც  მითითებულია,  თითქოს  სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსწავლეებზე გაცემული ვაუჩერული დაფინანსებით. 2017 წლის 3 თებერვალს ცენტრში ჩატარებული ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც ერთად მოვისმინეთ ცენტრის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიწერილი წერილის პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ამ მოსწავლეებისათვის  არანაირი ვაუჩერული დაფინანსება არ ყოფილა.

 ზემოთქმულიის  გათვალისწინებით, მოვუწოდებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  მესვეურებს,  თავი დაანებონ საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას და დროულად აღმოფხვრან შაჰინის სახელობის სკოლის მიმართ დაშვებული კანონდარღვევები.

წაკითხულია 873 ჯერ

Related items

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა

    2017 წელს ბათუმში შაჰინის სახ. მეგობრობის ლიცეუმის დახურვის და ამავე წელს სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავების შემდეგ დაიხურა თბილისში დემირელის სახ. სკოლა. ახლა კი ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამ სკოლების ქსელში შემავალი რუსთავის, შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმიც დახურეს. ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისს შედგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცუმში’’ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროინდელი ექსპერტთა არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა საბჭოს წევრების უმრავლესობაშიც, რამაც გამოიღო თავისი შედეგი და არ მოხდა არათუ სკოლის მიერ არგუმენტირებული პოზიციების გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი, რის შედეგადაც საბჭომ მიმართა უკიდურეს ზომას, როგორიცაა სკოლის ავტორიზაციის გაუქმება. სკოლის  ავტორიზაცია მოქმედი იყო 2023 წლამდე. შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაგეგმილია საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  სააპელაციო საბჭოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.

    მოგახსენებთ, რომ შპს ,,შოთა რუსთველის სკოლა-ლიცეუმი’’ არის დაფუძნებული შპს ,,დემირელის სახელობის კოლეჯის’’ მიერ. განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლა-ლიცეუმების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. აღნიშნული ზეწოლა ნათელია ამ სკოლების მიმართ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიაშიც:

    1.      შპს ,,ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის‘’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2016 წელი;

    2.      შპს ,,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2017 წელი;

    3.      თურქეთის მოთხოვნით შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ გენერალური დირექტორის დაკავება ექსტრადირების მიზნით, 2017 წელი;

    4.      შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2017 წელი;

    5.      შპს ,,შოთა რუსთაველის სახ. სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2020 წელი;

    გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კამერალური შემოწმება და სკოლების წინააღმდეგ დარიცხულ იქნა დამატებითი გადასახადები და ჯარიმები, რომელიც აღემატება 3 მლნ ლარის ოდენობას. დღეისათვის შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებულ სკოლა-ლიცეუმებს გააჩნია დამატებითი არაღიარებული გადასახადების ვალდებულება და დაყადაღებული მთელი ქონება, რომლებიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად უფუნქციოდ არის დარჩენილი.  ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10 მლნ. ლარს.

    აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესებისა, მოთმინებით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა ამავდროულად განიხილება შესაბამისი ევროპული სასამართლოებისთვის მიმართვის ალტერნატივა.

    ბოლო წლებში შპს ,,დემირელის სახ. კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ზეწოლის შემცველი ქმედებებიდან გამომდინარე, გვაღელვებს მოქმედი სკოლების მომავალიც:

    ქ. თბილისის „ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი სხივი“;

    ქ. ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

    ქ. მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

    შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი’’ დაარსდა 2007 წელს. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კანონის ამოქმედებისთანავე 2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, შემდეგ 2013 წელს მონიტორინგი და ბოლოს 2017 წელს რეავტორიზაცია.

    სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელ-პერსონალი და 227 მოსწავლე. სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა-ლიცეუმი დაარსებიდან ხელს უწყობს ინტეგრირებას და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სკოლა, რომელსაც გააჩნია სპორტული დარბაზი, ინფორმატიკის, ჭადრაკის, ხატვისა და მუსიკის კაბინეტები; საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლა-ლიცეუმში მიმდინარეობს სასწავლო თუ შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური და  ნაყოფიერი პროცესი. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით მათ შორისაა FLEX-ის საერთაშორისო პროგრამა.

    შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2017 წელს ავტორიზაციის განახლების შემდეგ 2020 წლის 26-28 თებერვალს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი მონიტორინგის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული მონიტორინგი მიზნად ისახავს სკოლის ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას. მიუხედავად მიღებული პრაქტიკისა, რომ ექსპერტები იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, რაც დასტურდება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების პროცესებით.  

    შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია

     

  • ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავს

    ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და სკოლის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობაზე რეაგირებას სთხოვს.

    როგორც დავითაძე აცხადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გუშინ გამართულ საბჭოს სხდომაზე, სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თურქულენოვანი კლასებიდან ექვსი არაქართველი მოსწავლის ქართულ კლასებში გადაყვანა დაედო საფუძვლად. დავითაძე მიიჩნევს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.

    „იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ ხორციელდება, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისთვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს. 2017 წლის 3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექვსი არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ, როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა. ცალკე უნდა აღინიშნოს წინასწარ დაუგეგმავი მონიტორინგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში, რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ, რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.

    მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება, უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, – ნათქვამია მიმართვაში.

    როგორც ელგუჯა დავითაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, 18 იანვარს თურქულ გამოცემა „საბაჰში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს შაჰინის სკოლას“, რაც არის სავარაუდოდ, პოლიტიკის ნაწილი და გულისხმობს შაჰინის სკოლებზე მიზანმიმართულ შეტევას.

    „ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას“, დასძენს ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის ტექსტი ასევე გადაეგზავნათ განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.

  • დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი სკოლების განცხადება

    საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრება“ ვეხმაურებით გასულ დღეებში მედია საშუალებებით პოლიტიკოსებისა მიერ გაკეთებულ ბრალდებებს და ვგმობთ მათ მიერ იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს.
    ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებები ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას. ასევე ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგობის სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“.
    ჩვენს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. სკოლების მთავარი მიზანი განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდაა. შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი, ნათია გვენეტაძე, გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში!
    სკოლები: რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, თბილისის „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა“, თბილისი სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრება“ კიდევ ერთხელ ვემიჯნებით ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და გაჟღერებული ბრალდებების ფონზე ვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური