თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:54

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში კანადის ელჩს ქრისტოფერ ჯონ კუტერს, რომელიც რეზიდენციით თურქეთში იმყოფება, დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა კანადის ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროს განვითარება უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ლევან იზორიამ კანადურ მხარესთან სამხედრო განათლების სფეროში, ასევე სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით, თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა კანადელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის, რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ასევე კანადის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წაკითხულია 415 ჯერ

Related items

  • ბაგრამის ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის 5 სამხედრო

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

    თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

    ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.
    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

    კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

    რაც შეეხება, ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას.

  • თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.

    ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
    ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს.

    გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი და ეროვნული დონის პრიორიტეტია.

    საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ.
    „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლა.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

    თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
    შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური