ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავს
ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და სკოლის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობაზე რეაგირებას სთხოვს.
როგორც დავითაძე აცხადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გუშინ გამართულ საბჭოს სხდომაზე, სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თურქულენოვანი კლასებიდან ექვსი არაქართველი მოსწავლის ქართულ კლასებში გადაყვანა დაედო საფუძვლად. დავითაძე მიიჩნევს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.
„იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ ხორციელდება, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისთვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს. 2017 წლის 3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექვსი არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ, როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა. ცალკე უნდა აღინიშნოს წინასწარ დაუგეგმავი მონიტორინგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში, რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ, რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.
მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება, უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, – ნათქვამია მიმართვაში.
როგორც ელგუჯა დავითაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, 18 იანვარს თურქულ გამოცემა „საბაჰში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს შაჰინის სკოლას“, რაც არის სავარაუდოდ, პოლიტიკის ნაწილი და გულისხმობს შაჰინის სკოლებზე მიზანმიმართულ შეტევას.
„ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას“, დასძენს ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის ტექსტი ასევე გადაეგზავნათ განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.