მოჭიდავეების ორი ოქრო საფრანგეთიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 17:43

პარიზში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები შოთა ფარტენაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ. ფარტენაძემ ოთხი მეტოქე დაამარცხა - ჯერ ფრანგი ქუენტინ სტიკერი (8:6), შემდეგ შვეიცარიელი რანგი ვოკი (4:1) და უნგრელი იოზეფ მოლნარი (10:0), ფინალში კი ამერიკელ ჯეისონ ნესს აჯობა (9:2).

გენო პეტრიაშვილს კვარცხლბეკზე ასასვლელად სამი გამარჯვების მოპოვება დასჭირდა, ამერიკელებს: ბობი ტელფორდსა და ზაკ რეის იოლად გაუსწორდა - 11:0 და 10:0. ოქროს მედალს კი უნგრელი დანიელ ლიგეტის ძლევით (8:2) დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ხალიჩაზე სულ 5 სპორტსმენით გავიდა. ლევან მურცხვალაძე (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე და დავით ტლაშაძე (ორივე 74 კგ) საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

საქართველოს ნაკრები პარიზში მწვრთნელებმა ემზარ ბედინეიშვილმა და ნუგზარ სხირელმა ჩაიყვანეს. ტურნირში მონაწილეობა 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.

წაკითხულია 378 ჯერ

Related items

  • ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია

    საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია. 

    სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 25 წლის ქართველი სპორტსმენი ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და წარმატებას ზედიზედ მეორედ მიაღწია. 2016 წელს დათუნაშვილმა 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა პირველობა, ამჯერად კი ერთი წონით მაღლა - 80 კილოგრამში დაუეფლა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის ტიტულს. 

    ფინალურ შეხვედრაში, დათუნაშვილმა ბელარუსი რადიკ კულიევი 4:2 დაამარცხა, ფინალში გასვლამდე კი ქართველმა მოჭიდავემ ბულგარელი, ჩეხი და რუსი მეტოქეები ჩამოიშორა გზიდან.

    ბერძნულ-რომული სტილით მოჭიდავეებმა ჯამში 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე საპრიზო ადგილებზე გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) გავიდნენ. 

  • ახალგაზრდა მოჭიდავეების 10 მედალი ესპანეთიდან

    ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით 22-23 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერთშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მედალი - 7 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ნაკრების წევრებმა შვიდივე წონით კატეგორიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, აქედან სამში ქართული ფინალები გაიმართა.

     ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (55), თეიმურაზ ვანიშვილი (60), ივერიკო ჯულაყიძე (66), მირზა სხულუხია (74), ნიკა კენჭაძე (84), გივი მაჭარაშვილი (97) და ზურიკო ურთაშვილი (125) გახდნენ. ვერცხლის მედლები გოგა ძიგუამ (55), ედემი ბოლქვაძემ (66) და ზაურ ბერაძემ (84) მოიპოვეს.

     55, 66 და 84 კგ კატეგორიების ფინალში რამაზ თურმანიძემ, ივერი ჯულაყიძემ და ნიკა კენჭაძემ თანაგუნდელები გოგა ძიგუა, ედემი ბოლქვაძე და ზაურ ბერაძე დაამარცხეს, თეიმურაზ ვანიშვილმა (60) მასპინძელ კარლოს გარსიას 14-2 მოუგო, მირზა სხულუხიამ (74) პოლონელი სებასტიან ბაკი 12-2 დაამარცხა, ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გივი მაჭარაშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა (125)  ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხეს ესპანელები ლოპეზ ფერნანდესი და დიეგო იგლესიას კუევასი.

     საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე მასპინძელი ესპანეთი გაივდა 56 ქულით, მესამეზე პოლონეთი 33.

     გუნდს გელა საღირაშვილი, ბელდუხ გავაშელიშვილი და თეიმურაზ მინდიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

  • ფალავნები 17 დეკემბერს გამოვლინდებიან

    17 დეკემბერს, თბილისში, ნიუ თბილისის ფრენბურთის დარბაზში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ამასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

    „ქართულ ჭიდაობას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. წლევანდელი ფალავნობა გამორჩეულია, რადგან მასში უცხოელი მოჭიდავეებიც მიიღებენ მონაწილეობას, ამდენად, გვინდა, რომ შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაფერი გააკეთეს, ახლა ჯერი სპორტსმენებზეა. დარწმუნებული ვარ ფალავნობის მოყვარულთ დიდი სიამოვნება ელით", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

    წლევანდელ ფალავნობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სპორტსმენები გერმანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან. ფალავნები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან: 80კგ, 90კგ, 100კგ და +100კგ, ხოლო პრიზიორები ფალავანთა ფალავნობისთვის იბრძოლებენ. წონითი კატეგორიების პრიზიორებს თანხა გადაეცემათ (I ადგილი - 3000 ლარი, II ადგილი - 2000 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი), ფალავანთ ფალავნობის გამარჯვებულს კი ბინა. მეორე ადგილზე გასულს - 10 ათასი ლარი, მესამე ადგილოსანს - 5000 ლარი.

    „წლევანდელი ტურნირი გამორჩეულია, ჩვენ ახალ სიმაღლეზე ავედით და გვინდა, რომ 2016 წლის შეჯიბრება განსაკუთრებულად ჩატარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველების გარდა რვა ქვეყნის მოჭიდავეები იასპარეზებენ, შემიძლია ვთქვა: წლევანდელი შეჯიბრება უმაღლესი დონისა იქნება. დარწმუნებული ვარ ქართული ჭიდაობის გულშემატკივრები წლევანდელი შეჯიბრებით დიდ სიამოვნებას მიიღებენ. აქვე მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.

  • მოჭიდავეებმა ევროპის ერთა თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს

    18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ერთა თასს მასპინძლობს გუნდურ შეჯიბრში.

    ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, 19 ნოემბერს კი მედლებისათვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

    ერთა თასის პირველივე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა 5-3 დაამარცხა უკრაინა, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი მასპინძელი რუმინეთის ნაკრებს დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში იასპარეზებს.

    იხილეთ პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია

    თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, „ევროპის ერთა თასზე" საქართველოს გარდა შემდეგი ნაკრებები მონაწილეობენ: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და უკრაინა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ხალიჩაზე ქართველი, რუსი, რუმინელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და თურქი სპორტსმენები გავლენ.

    თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუმინეთში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა. განაცხადში არიან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ), აღსანიშნავია, რომ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა სატურნირო განაცხადში სულ 14 მოჭიდავე შეიყვანა, მათ შორის რიო 2016-ზე ნამყოფი გუნდის ექვსივე წევრი.

    ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში  საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ბეგი დარჩიასგანაცხადში 10 მოჭიდავეა, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ზურაბ დათუნაშვილი(75 კგ), რომელიც ახალ წონით კატეგორიაში - 80 კილოგრამში გამოდის.

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ერთა თასზე

     

    თავისუფალი ჭიდაობა

    57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი და ოთარ გოგავა
    61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე
    65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი
    70 კგ - დავით ტლაშაძე
    74 კგ - იაკობ მაქარაშვილი და ზურაბ ერბოწონაშვილი
    86 კგ - სანდრო ამინაშვილი და ირაკლი მწითური
    97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
    125 კგ - გენო პეტრიაშვილი და გიორგი მეშვილდიშვილი
    მთ. მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი

    ბერძნულ-რომაული

    59 კგ - ირაკლი შავაძე
    66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
    71 კგ - მინდია წულუკიძე
    75 კგ - გიორგი დათუნაშვილი და გელა ბოლქვაძე
    80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ნიკოლოზ კელასოვი
    85 კგ - რობერტ კობლიაშვილი
    98 კგ - კუკური კირცხალია
    130 კგ - იაკობ ქაჯაია
    მთ. მწვრთნელი: ბეგი დარჩია

  • სოფელ გლდანში საჭიდაო დარბაზი გაიხსნა

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.

    საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2015 წელს დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 480 ათასი ლარი გამოიყო.

    „მორიგი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა. გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის დარბაზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დახურული და მოუწესრიგებელი იყო. გლდანის მიკრორაიონებში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც ამ სპორტით არიან დაკავებულები და დარწმუნებული ვარ, ღირსეული მომავალი თაობა გაიზრდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    შენობა, თავისი ორიგინალური ფორმითა და კონსტრუქციით, წარმოადგენს ძველი სტილის  ნაგებობას, სადაც ადრე  სახელგანთქმული ფალავნის - კულა გლდანელის სახელობის სახალხო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში იმართებოდა, ხოლო შემდგომ - ათწლეულების მანძილზე შენობა მიტოვებული და უფუნქციო იყო.

    სპორტულ დარბაზში თავისუფალი ჭიდაობის, კლასიკური ჭიდაობის და ძიუდოს შესწავლა მოხდება, სასწავლო ჯგუფებში  8-დან 15 წლამდე ასაკის 100 მოზარდი ჩაირიცხება.

    თბილისის მერიის მიზანია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტის სახეობები ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

    ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური