წინანდლის ფესტივალი ფუძნდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 17:30

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი" ფუძნდება, - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება. პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად, ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე - რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი და „ვერბიეს" ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის" იდეის თანაავტორებიც არიან. მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს. „წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას", - განაცხადა „ვერბიეს" მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა. მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე - ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით - მიიჩნევს ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი. „წინანდლის ფესტივალი" 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.

წაკითხულია 1310 ჯერ

Related items

  • თბილისში, 2 მაისს იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“

    თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“, 2019 წლის 2-5 მაისს, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

    2019 წლის 27 აპრილი, თბილისი - 2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“ (მ. კოსტავას ქუჩა # 36/1), 2-დან 5 მაისამდე. კინოფილმები იქნება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები ხელისაწვდომია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: Official Facebook page of the festival .

    ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018)  ჩვენებით, რომელიც გაიმართება 2 მაისს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. მოგვიანებით, 3-5 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (რეჟისორ ვოლოდიმერ ტიხის მხატვრული ფილმი, 2017 წელი),  “ვულკანი” (რეჟისორ ტომან ბონდარჩუკის მხატვრული ფილმი, 2018 წელი), კომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული), „როდესაც ხეები ეცემიან“ (მარუსია ნიკიტიუკის ფილმი, 2018) და რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები).

    უკრაინული კინოფესტივალის 5-წლიანი ისტორიის ტრადიციის კვალდაკვალ, სპეციალური პროგრამა მომზადდა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შემდეგი თანამედროვე ფილმების ნახვა: „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

    საფესტივალო ფილმების ბილეთები სიმბოლურ 1 ლარად ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: biletebi.ge, tkt.ge და kinoafisha.ge. შესაბამისად, თავისუფალი ადგილებისთვის რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

    ფესტივალის მთავარი პროგრამის გარდა, 4 მაისს, 14:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკა და დარია პოლუნინა ბავშვებისთვის ჩაატარებენ მსახიობის ვორკშოპს. ეს ღონისძიება ბავშვებს ჩართავს კინოს მაგიურ სამყაროში და მათ მისცემს მსახიობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

    ღონისძიების ორგანიზატორის მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, უკრაინულ კინოს სამყაროს გაცნობას და ფესტივალიდან რაღაც განსაკუთრებულს წაღებას“.

    ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით.

    ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=380515422541700 

  • უკრაინაში ქართული კულტურის ფესტივალი “თბილისობა” საზეიმოდ აღნიშნეს

    ქალაქ კიევში რიგით მე-7 ქართული კულტურის ფესტივალი “თბილისობა” საზეიმოდ აღნიშნეს.

    მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ და ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია სკლიარსკაიამ.

    საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე  და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიაზე, მდიდარ კულტურასა და ტრადიციებზე.
                                                                                                                         
    ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. მაყურებლის წინაშე წარსდგა მუსიკალური ანსამბლი “სულიკო”.  ასევე, გაიმართა ქართველი დიზაინერის, ეკატერინე ჯავახიშვილის მიერ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ახალი კოლექციის ჩვენება.

    ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორული ორგანიზაცეიბის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. უკრაინელი მოქანდაკის და რეჟისორის, ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს ელჩის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით " კიევი. აკრილის დღიური". თბილისობის ფარგლებში, ასევე გაიმართა ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"- ის ჩვენება, რომელსაც თავად ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე დაესწრო.

    ტრადიციულად, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული ღვინის კომპანიების მიერ ორგანიზებულ დეგუსტაციაში და დაეგემოვნებინათ ქ.კიევში მოქმედი ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძები.

    ანდრეევსკის დაღმართზე გამართულმა თბილისობამ წელსაც ათასობით ადამიანს უმასპინძლა.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-5 ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის ტრადიციული სამოსი, ფოლკლორი და კერძები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 27 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს. მათ შორის არიან აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის, ჩინეთის, ისრაელის, საბერძნეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების სტუდენტები. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

     

     

  • ფესტივალი «უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე»

    2018 წლის 5 მაისს საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ ჩატარდება ფესტივალი ‘’უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე‘’. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავს. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები,კერძოდ: კიევის ქუჩის მოხატვა უკრაინული თემატიკის ნახატებით, ყვავილების დარგვა, სკოლაში,ბაღში,ბავშვთა და ახალგაზრდობის ხელოვნების სახლში სხვადასხვა აქტივობის ჩატარება. 5 მაისს ღონისძიებები ჩატარდება მთელი დღის განმავლობაში (12:00 -15:00-დან ოფიციალური ნაწილი, 16:00-დან საკონცერტო პროგრამა) კიევის ქუჩასა და აღმაშენებლის ქუჩის საფეხმავლო ნაწილზე ,ეს ღონისძიებებია:

    - საქართველოში მოქმედი უკრაინული ბიზნესის პრეზენტაცია

    - უკრაინული ტურიზმის პრეზენტაცია

    - უკრაინელი მხატვრის გამოფენა ’’უკრაინა-საქართველო-ფასეულობა ტრადიციებში’’

    -’’პეტრიკივსკი’’უკრაინული ტრადიციული მოხატვის მასტერ-კლასები (მათ დამსახურებული უკრაინელი მხატვარი წარუძღვება)

    -უკრაინული ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა (სამოსი,აქსესუარები,სუვენირები,კერამიკული ნაწარმი)

    - საკონცერტო პროგრამა

    - უკრაინული სამზარეულო

    - კონკურსები

    -ასევე გაიმართება ლატარია, სადაც ყველას გადაეცემა პრიზი.

    ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის არიან: თბილისის მერი, უკრაინის საპატიო ელჩი საქართველოში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატები, სხვა ცნობილი სახეები,მასმედიის წარმომადგენლები, თბილისში მცხოვრები უკრაინელები,თბილისის მოსახლეობა, ტურისტები .

    ღონისძიების ბმული  facebook-ზე

    https://www.facebook.com/events/166857770687645/ 

    ღონისძიების პარტნიორები:

    უკრაინის საელჩო საქართველოში

    თბილისი City Hall

  • „ომი და მშვიდობა“ ანუ ახალი ერა ომის გარეშე

    რამოდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე თემა „ომი და მშვიდობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. კორეელ ხალხს კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ცდილობენ ყველანაირი ძალისხმევით შეინარჩუნონ სტაბილური გარემო. ამისათვის ისინი მზად არიან გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩრდილოეთ კორეასთან და ამით ხელი შეუწყონ კორეის ნახევარკუნძულზე მათ მშვიდობიან თანაარსებობას.

    იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად ყოველი წლის სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, იმართება მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერი. დღეისათვის ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან. 

    2016 წლის 14 მარტს, HWPL-მა სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

    სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 2018 წლის 14 მარტს სეულში ჩატარდა დეკლარაციის მიღებისადმი მიძღვნილი მეორე სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ ნეანმარის, ბანგლადეშის, კამბოჯის და პარაგვაის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას. კონფერენციის მუშაობას 70 ჟურნალისტი აშუქებდა.

    კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა HWPL-ის ლიდერმა ბატონმა ლი მან ჰიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია მშვიდობის შენარჩუნებაზე. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს ომები მსოფლიოში, რათა მომავალ თაობებს დავუტოვოთ მშვიდობიანი პლანეტა ომის გარეშე“, - განაცხადა ლი მან ჰიმ.

    კონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა ვიდეო-მიმართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წერილი გამოუგზავნა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს  HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივას. 

    ლი მან ჰიმ ასევე დაამატა, რომ ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა მონაწილეობა აღარ მიიღონ ამ ტრაგედიაში. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ. ჩვენ გვსურს გაერთიანება. რა თქმა უნდა ეს ძნელია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ამის მაგალითია ერთიანი გერმანია. ხალხმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისა, რომ კორეელი ხალხის ნება არ გავითვალისწინოთ. ყველას უნდა მშვიდობა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“, - დასძინა HWPL-ის ლიდერმა.

    კონფერენციის დასასრულს HWPL-ის გენერალურმა მდივანმა წაიკითხა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღმერთის ნებაა მსოფლიოში იყოს მშვიდობა. „ჩვენ მივმართავთ ყველას გაავრცელონ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რათა ერთიანი ძალისხმებით ხელი შევუწყოთ მშვიდობის განმტკიცებას მთელს მსოფლიოში“, - დასძინა მან.

    ამავე დღეს, HWPL-ის მიერ გამოცემული დეკლარაცის „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW), აღმნიშვნელი ღონისძიებები გაიმართა მსოფლიოს 166 ქალაქში. მათ შორის ჩინეთში, შშ-ში, გერმანიაში, უკრაინასა, და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნულ გლობალურ ღონისძიებაში, საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 150 ათასმა სხვადასხვა მოქალაქემ, მსოფლიოს 71 ქვეყნიდან და თითოეული მათგანი  სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო ერთიანდება - „ჩვენ ვართ ერთიანი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“. 

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნების პარალელურად სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან კულტურის, განათლების და ჟურნალისტიკის დარგებში. 2016 წლის 21 მაისს თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" მშვიდობის თემაზე მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართა. ფესტივლის ფარგლებში, კინოხელოვნებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალი სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის ეგიდით ჩატარდა.

    მიმდინარე წელს კი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან მოსწავლეების გაცვლითი კურსი მოეწყო სეულში. ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები ჟურნალისტიკის დარგში, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციების გაცვლას, გავრცელებას და კორეელი და ქართველი ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლებას.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სეული-თბილისი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური