ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 15:58

27 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო ფონდმა „ლეამ“ ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, იდეოლოგიური იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობების, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნის გამო დამნაშავეებად შეირაცხნენ და ნაცისტური ჯოჯოხეთის მსხვერპლნი გახდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ განგაშს უნდა ვტეხდეთ ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის სულ მცირე გამოვლინებაზეც კი, რათა ამ ბოროტებამ კვლავაც არ მოიკრიბოს ძალა, მასობრივ ტენდენციად და  არნახული განადგურების იარაღად არ იქცეს. დღეს, კონფლიქტებით აღსავსე მსოფლიოში, რომლის ერთ–ერთ ცენტრალურ პრობლემას ტერორიზმი, ფუნდამენტალიზმი და ეთნიკური ნაციონალიზმის აღზევება წარმოადგენს, ბრძოლა ანტისემიტიზმსა და ქსენოფობიის გამოვლინებებთან, აქტუალურია ისე, როგორც არასდროს“ - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელმა მარინე სოლომონიშვილმა, ისრაელის საელჩოს კონსულმა ადელ ნინომ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა. ღონისძიების დასასრულს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენებლად ლოცვა წაიკითხეს მთავარმა რაბინმა ავი მელეხ როზენბლატმა და რაბინმა ბესიონ იზრაელიშვილმა; მონაწილეებმა დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშისა და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად გამოაცხადა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

წაკითხულია 635 ჯერ

Related items

  • საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.

    საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

    2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

  • ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიის პირობებში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით, არჩევნების დღისთვის მიღებული უსაფრთხოების რეგულაციებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამისი დადგენილება ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. მისივე თქმით, ასევე ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, უკვე შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით მიიღონ. „ყველა იმ კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, ჩვენი შეთავაზებით ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელონ. ამავდროულად, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ქვეყანაში. ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით იყო დადებითად შეფასებული და ჩვენ, ცხადია, ყველა უწყებასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ და დაცული იყოს როგორც ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე მოქალაქეების უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ. „როგორც ვხედავ ტექნიკურად და რეგულირების თვალსაზრისით ყველაფერი მზად არის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეს, ყველა, როგორც კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ისე ამომრჩევლები, დაიცავენ უსაფრთხოების ზომებს. თუ ყველა დავიცავთ იმ წესებს, რაც იმოქმედებს, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს ინფექციის გავრცელების რისკები იქნება ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება პროცედურები, რაც მისცემს საშუალებას ყველა პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა კოვიდინფიცირებული, იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში თუ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საფრთხე რომ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მრჩება განცდა, რომ ცესკო აკეთებს ყველაფერს, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს არჩევნებზე“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
  • რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს

    ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
    გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!

    ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
    კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.

    მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.

    მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
    ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

    გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
    პატივისცემით,
    ირაკლი ლომოური

  • ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე

    "როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. 

     

  • საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან,  ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე. 

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და  ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა  პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის  და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.

    სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ,  ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური