თბილისში ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 06:33

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში 24 იანვარს ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. სიმპოზიუმზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული გეგმის ქვეშ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები.
სიმპოზიუმს დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი. ასევე მასში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტები ეკონომიკის დარგში, ს.ს. საპარტნიორო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოში მოღვაწე მსხვილი ჩინური კორპორაციები, ჩინელი და ქართველი ექსპერტები ეკონომიკის დარგში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
სპეციალური მოწვევით სიმპოზიუმს დაესწრო ლანჭოუს უნივერსიტეტის პროფესორი ვანგ სიაოვენი, რომელიც 24 იანვარს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.

წაკითხულია 634 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

    დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

    ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

    შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

    მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

    „საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

    შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

    ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

  • ჩინეთის ელჩი ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

    ქალბატონმა ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

    მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივიობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

     

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

  • არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

    მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

    აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

    შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

    ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

  • დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

    2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

    განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

    ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
    ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
    ~
    ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

    კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

    ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური