ელექტრომობილების მფლობელები პარკირების საფასურს არ გადაიხდიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 იანვარი 2017 17:49

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. 

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის  იმპორტის წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომაზე დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო.

წაკითხულია 416 ჯერ

Related items

  • თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

    თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

    კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

    ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

    ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

    ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

    როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

  • პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

    მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს. 

    „პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტ-ენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. 

    ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ. 

    პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა. 

    ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია,“ - განაცხადა მუმლაძემ.

  • თბილისის მერია გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

    თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

    ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია.

    ცნობისთვის, ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

    რაც შეეხება იმ ე.წ. „კორუფციულ გარიგებებს“, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.

    მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა. (იხ. ფოტოები) 
    მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ნუ შეეცდებიან მერიის წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია დაუპირისპირებს სიმართლეს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

  • შეხვედრა MEDEF International-ის დელეგაციასთან

    თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.  შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

    28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

    „ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია.  მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

    დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.

    MEDEF International-ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

    MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF-ს მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

    თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

  • მტკვირს გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

    მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან - გიგა ნიკოლეიშვილთან, რომელიც უშუალოდ კურირებს პროცესს, და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორთან, ზვიად ქაწაშვილთან ერთად, დღეს, პირადად იმყოფებოდა ლოკაციებზე და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

    “დავიწყეთ მტკვირს გაწმენდითი სამუშაოები, აქ არის მდინარის მიერ ჩამოტანილი ნარჩენები, ისევე როგორც, გასასხლავია ხე-მცენარეები, ამიტომაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც მერიის ყველა ძირითად სამსახურთან ერთად ჩართულია შსს-ს შესაბამისი სამსახურები. ერთობლივი ძალსხმევით უახლოესი შემდგომი ერთი კვირის, ან ათი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ ინტენსიურად და გავასუფთავებთ მტკვრის კალაპოტს, რათა ერთის მხრივ, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური თვალსაზრისით იყოს მოწესრიგებული და, მეორეს მხრივ, ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სანახაობრივად ეს ყველაფერი იყოს სუფთა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება  წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, იჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი.

    მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გასტანს. ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ორთაჭალის ჰესთან და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ). საგზაო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს. დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს-სთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური