„შემოქმედებითი ევროპის“ საგანმანათლებლო ტურებისთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 17:19

ქართველ, სომეხ, მოლდოველ და უკრაინელ კულტურულ აქტივისტებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სლოვენიისა და ჩეხეთის კრეატიულ ლანდშაფტს საგანმანათლებლო ტურების ფარგლებში, რომელთაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედება“ აწყობს და რომელზეც განაცხადების შეტანის დედლაინი 2017 წლის 31 იანვრამდეა ღია.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო კულტურული ინსტიტუციების, კერძო და კომერციული, სამოქალაქო და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში მუშაობენ.

ვიზიტების მონაწილეები გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომელთაც მათ პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ სთავაზობთ, შეძლებენ გაამყარონ კავშირები და თანამშრომლობა სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებთან შემდგომი ერთობლივი პროექტებისთვის.

ვიზიტების პროგრამა

სლოვენიაში საგანმანათლებლო ვიზიტი (ლუბლიანაში) ფოკუსირებული იქნება ხელოვნების პერფორმატიულ (თეატრი, ცეკვა) და ვიზუალურ სახეობებზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მუზეუმებზე. სლოვენიაში ვიზიტის თარიღი: 2017 წლის 10-14 აპრილი.

ტური ჩეხეთში (პრაღა) შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიებს მიეძღვნება — დიზაინის, არქიტექტურის, მუსიკის, საგამომცემლო საქმის, კრეატიული ჰაბებისა და კლასტერების, ფესტივალებისა და ა.შ. ჩათვლით. ჩეხეთში ტურის თარიღი: 2017 წლის 22-26 მაისი.

ტურების დეტალური გეგმა არჩეული მონაწილეების მოთხოვნებისა და მოლოდინების გათვალისწინებით დაპროექტდება. საგანმანათლებლო ვიზიტების სამუშაო ენა — ინგლისური. 

განაცხადების შეტანის დედლაინი — 2017 წლის 31 იანვარი

განაცხადის შეტანის წინ, გირჩევთ გაიაროთ მოკლე ონლაინ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ, მეტი შეიტყოთ პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ შესახებ.  https://www.culturepartnership.eu/en/publishing/creative-europe-course

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:  https://www.culturepartnership.eu/en/article/application-creative-europe-study-tours-to-slovenia-and-czech-republic

განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ აქ:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeYEQRoZAH_PsvXq8nkogVWN2S0nDIWaTV5gdXP5nMBO0aWEw/viewform?c=0&w=1

წაკითხულია 703 ჯერ

Related items

  • „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს

    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

    ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

    "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ.

    ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.

    კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

    კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

  • აღმოსავლეთ პარტნიორობა: მედიის ექსპერტების შეხვედრა რიგაში დონორების მომავალი მხარდაჭერის განსაზღვრის მიზნით

    100-მდე მედია-პროფესიონალი, დონორი, ოფიციალური პირები ევროკავშირიდან და მედიის განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლები 13-14 ნოემბერს რიგაში (ლატვია) შეიკრიბნენ ღონისძიებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია 2019: ბიზნესი და მდგრადობა“. კონფერენციამ, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკომისიის მიერ საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის და ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით, შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს განეხილათ დამოუკიდებელი მედიის პერსპექტიულობის სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

    მონაწილეებმა ისაუბრეს ჟურნალისტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და წარმოადგინეს იმ ცალკეული მედია-საშუალებების მაგალითები, რომლებიც წარმატებით გადადიან ბიზნესის მომგებიან მოდელებზე.

    ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიზის და აუდიტორიის კვლევის გაუმჯობესებული წვდომა, მონეტიზაციის სტრატეგიები, ახალი პლატფორმების და სერვისების დივერსიფიკაცია და მედია-მენეჯმენტის უნარების განვითარება - ეს გადაწყვეტები იყო შემოთავაზებული დამოუკიდებელი მედიის პოტენციალის გაძლიერების მიზნით რეგიონში. კონფერენციის შედეგები და რეკომენდაციები ემსახურება მედიისთვის გასაწევი სამომავლო დახმარების განსაზღვრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

    ეს კონფერენცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მედიაკონფერენციის გაგრძელება, რომელიც ჩატარდა 2017 წელს კიევში და განსაზღვრა ეკონომიკური მდგრადობა, როგორც პროფესიული ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევა მთელ რეგიონში.

     

     

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

    მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

    საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

    ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

    ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

    http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

  • პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება

    ქუთაისი, საქართველო, 2019 წლის 21 აგვისტო- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. იგი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

    პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

     „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

    ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

    თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

    აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

    პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

    ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

    ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური