ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 16:46

17 იანვარს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს.

აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29 კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

ხელშეკრულებას ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

 

 
წაკითხულია 515 ჯერ

Related items

  • მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

    გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  სრულ აღდგენას მთლიანობაში ექვემდებარება 26  მისამართი, რომელთაგან  20 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრაციის სწორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და მის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

    „თბილისის განვითარების ფონდი"  პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში" გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 2019-2020 წლებში განახორციელებს და მისი ღირებულება 25 მილიონი ლარია.

  • ქვეშეთი-კობის ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს

    ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.

    კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“  2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის  სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული  უმსხვილესი  საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალს. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები. მისი მშენებლობის წლიური მოცულობა 20,000,000 მ³-ს აღემატება.

    ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

    ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი  აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

    გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას.

    პროექტის ზემოქმედების ზონაში  მოხვდება ხეობის 9 სოფელი.

  • არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

    მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

    აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

    შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

    ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

  • იგეგმება “სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება

    2018 წლის 28 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილესთან, ციენ ხუნგშანთან. 
    შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები, “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული თემები, ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები.
    აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა, რაც დიდ სტიმულს აძლევს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

  • ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

    თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს.

    მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.

    „ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. გაკეთდება არა მხოლოდ შენობის კონსტრუქციული გამაგრება და მოწესრიგდება გარე ნაწილი, არამედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მისი შიდა ნაწილის ავთენტურ აღდგენას და ეს ადგილი გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.

    გამოჩენილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური  მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა,  ილიას დაბადებიდან 150-ე  წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.

    ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა  ილიას მიერ დაარსებული გაზეთ  "ივერიის" რედაქცია და სტამბა.

    ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით  რჩეული საზოგადოება  იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. 

    სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს.

    ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური