მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 13:11

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელს სიმონე ბიულერს უმასპინძლა.

შეხვედრას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ესწრებოდა. მხარეებმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის მენეჯერებთან.

შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს. 

საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს.

წაკითხულია 386 ჯერ

Related items

  • საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი

    16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას.

    წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი,  გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი -  Frankfurt Kids Foyer  და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი მიიღებს მონაწილეობას: ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე.

    ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობა ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორკშოპების ჩასატარებლად. გერმანელი კრიტიკოსები წარადგენენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“). გაიმართება დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები - საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას საქართველოს გული - 33 პოეტი საქართველოდან. გაიმართება რეზო გაბრიაძისა და  მერაბ მამარდაშვილის ახალი,  გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ დაგეგმილია ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.

    ფესტივალის პროგრამა  - http://writershouse.ge/geo/new/1373

  • "ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში ნამდვილად საეტაპო მოვლენაა"

    "დღეს საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის საეტაპო მოვლენა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც დღეს ფრანკფურტში უმასპინძლა.

    მთავრობის მეთაურმა საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.

    “საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. გამოწვევებითა და ბარიერებითაღსავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. თუმცა, მინდა გაგახსენოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და საქართველო მათ რიგს მიეკუთვნება. ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ძალიან ემოციურები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ყველა ქართველის ცხოვრებაში, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების "მთავარი კერძი" მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8000 წლის  ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ცოტა სუბიექტური ვიყო ამ საღამოს. ჩემი აზრით, "მთავარი კერძი", რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა"შეზავებული". შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა” - მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

    მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქართველი ერისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ იდეის რეალობად ქცევაში მონაწილეობდა.

    პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი  იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა

    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მწერლებს, რომლებიც ქმნიან ქართულ კულტურას, ქმნიან მის დღევანდელობას და განაპირობებენ ერის სულიერ განვითარებას.
    "ჩვენ დღევანდელი დღით ვეცადეთ, რომ ფრანკფურტის ფესტივალის ემოციისათვის, რომელიც მსოფლიოს წინაშე საკუთარი სამშობლოს წარმოჩენის ემოციაა - შეგვექმნა გარკვეული წინაპირობა. ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მე მასში პოლიტიკურ კონტექსტსაც ვხედავ. ჩვენი კულტურის უნიკალურობის ჩვენება გარდა იმისა, რომ სიამაყის ნიშანია, პოლიტიკურად ამ ქვეყნის დაცულობისა და განვითარების საფუძველია.
    ჩვენ ამით მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ წიგნიერი ერი, რომელსაც საკუთარი დამწერლობა გააჩნია. გააჩნია ამოუწურავი მრავალფეროვანი მწერლობა და ეს კულტურა არ გამქრალა საუკუნეების განმავლობაში ამ ურთულეს რეგიონში. ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს. ქართული მწერლობის ეს ელჩობა არის ჩვენება იმისა, რომ ქართველი არ არის დამპყრობელი, აგრესორი, კრიმინალი, არამედ არის კულტურის მატარებელი, თავისი იდენტობისათვის გმირულად მებრძოლი ერი. ჩვენი გადარჩენა ძირითადად ამაზეა დამოკიდებული",  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
    პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფესტივალისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში. ხაზგასმით აღნიშნა, წიგნის ეროვნული ცენტრის როლი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზების საქმეში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ქართული ლიტერატურის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა და ჯილდო პირადად გადასცა.
    ცენტრმა კონკურსის გზით უზრუნველყო პროექტის ძირითადი კონცეფციის შექმნა, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და ზოგადად დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებს, პერსონაჟებს. ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters - კონცეფცია მარკეტინგულმა კომპანიამ connect შექმნა, რომლის ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის.
    ამ კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro- ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას. ამავე კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი, რომლის პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მრავალფუნქციური და ინტერაქტიული. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 10-14 ოქტომბერს 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. 
    პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი მათ შორის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი 300 გამოცემა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.

  • მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა

    ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში დარგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისივე თქმით, ფედერაციის მოვალეობაა, რომ კითხვებზე პასუხები გაეცეს.

    “ფედერაციის ხელმძღვანელობა თავს ვალდებულად თვლის, რომ ძიუდოს პროფესიულ საზოგადოებას ყრილობის გაფართოებულ ფორმატში მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობა თვლის, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, ამ გაფართოებულ წრეში თავისი აზრი გამოთქვას, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის, თუკი ასეთი იქნება და შესაბამისი პასუხი გასცეს. თუმცა მიუხედავად იმ შეფასებებისა, რომელსაც ერთი ან მეორე მხარე გააკეთებს, ჩვენ კომისიის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას. ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა“, - განაცხადა გიორგაძემ.

    საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

    შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური