პროექტი „სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე „ დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 17:53

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის განვითარების ცენტრთან" ერთად პროექტის „სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე"  შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. პროექტი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.„ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა .

პროგრამის ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე საქართველოს ხუთი ქალაქიდან, (თბილისი, ქუთაისი, წყალტურბო, ზუგდიდი, ფოთი) შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და მცირე ჯგუფებში განეხილათ სხვადასხვა ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია სოხუმში, გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, ცხინვალში, ახალგორში, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღნიშნულ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მიმდინარე მოვლენებს. რესპონდენტები საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობებზე, ესკალაციის პერიოდზე, საომარ მოქმედებებსა და უშუალოდ მათი თვალით დანახულ მოვლენებზე. პროგრამის ფარგლებში დღეისათვის ჩატარებულია 30-ზე მეტი სადისკუსიო ვორქშოფი „ბერგჰოფის ფონდის" მეთოდოლოგიით თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.  აღნიშნული პროგრამა მოიცავს 450-ზე მეტ პირდაპირ ბენეფიციარს. ვორქშოფების მონაწილეთა შორის პროექტის მეორე ეტაპისთვის შერჩეულ მონაწილეებს დეკემბრის ბოლომდე ჩაუტარდებათ  ვორქშოფების კიდევ ერთი ეტაპი, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგისთვის მოსამზადებლად და აღნიშნულ საკითხებზე უფრო მეტი ცოდნის/ინფორმაციის შეძენის მიზნით.

წაკითხულია 303 ჯერ

Related items

  • საცნობარო ტური "მე ვირჩევ" იმერეთს ეწვევა

    არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „მე ვირჩევ!“ იწყებს იმერეთის რეგიონის 6 ოლქის ჩართვას წინასაარჩევნო ინფორმირების, ყველასთვის საინტერესო, ნოვატორულ, საგანმანათლებლო, საცნობარო ტურში.

    ჩვენ ერთად მოვივლით ქალაქებს: ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას, ტყიბულს, თერჯოლას და ადგილობრივ მოსახლეობას გავუზიარებთ ცოდნას, რათა მათი უპირატესი ხმის უფლება დაცული იყოს! რათა მათთვის ნათელი გახდეს არჩევნებზე მისვლის აუცილებლობა და აქტივობის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, იმ საინფორმაციო ტექსტური მასალებით, რომლებიც მოვამზადეთ და ვიდეო კლიპის მეშვეობით, რომელიც მთელ იმერეთს მოუწოდებს მაღალი აქტივობისკენ, მივცეთ სტიმული ადგილობრივ ამომრჩეველს, მოახლოვებულ დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსიროს გადაწყვეტილება.

    თითოეულ ოლქში ჩვენი ძალისხმევით და უაღრესად დიდი ენთუსიაზმით, მოეწყობა სიმულაციური თამაშები, კონკურსები და ვიქტორინები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას და არჩევნების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, ადგილობრივი ტელევიზია გააშუქებს სახალისო ვიდეო-ანიმაციას.

    ღია ცის-ქვეშ მოეწყობა საჯარო-საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და დარიგდება საინფორმაციო მასალები. საინფორმაციო მასალები აქტუალურ თემებზე უკვე მზადაა. მაგალითად: არჩევნების მნიშვნელობა, აქტიური მოქალაქეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები, ამომრჩეველთა უფლებები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კენჭისყრის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

    იმისათვის, რომ ახალი თაობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესში პროექტმა მათ წახალისებაზეც იზრუნა და ჩვენი სლოგანით: „შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის“, ჩვენი სახელწოდებით - „მე ვირჩევ“ და ორგანიზაციის დასახელებით - ICDI მაისურები ლოზუნგით -ნუ დარჩები სახლში! კეპებით, ბლოკნოტებით, ბუშტებით ხელდამშვენებულები ჩავალთ!

    პროექტი ხორციელდება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

    ჩვენ უკვე მზად ვართ თქვენთან შესახვედრად!

    #იმერეთი - შენ ირჩევ! მე ვირჩევ! ჩვენ ვირჩევთ! შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის!!!

     

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

    „ეს გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით შემუშავებული შეთანხმება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდდა. რამდენიმე არჩევნებზე დავნერგეთ მსგავსი პრაქტიკა და შედეგიც სახეზეა. შემცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა, რომლებიც ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში დგებოდა. შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი პრევენცია არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ბუნებრივია ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც მემორანდუმი ძალაშია.“- განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    საარჩევნო პროცესში თავისუფალი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი მემორანდუმზე საუბრისას  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით „უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ხელს ვაწერთ მემორანდუმში გაწერილ პრინციპებს და ვამბობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე იქნება მკაცრი რეაგირება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარტიებმა ისევე როგორც მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა შეძლონ თავისუფალი კონკურენცია. “

    მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს. უკვე დღეს მემორანდუმს რესპუბლიკური პარტია შემოუერთდა.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

    დოკუმენტს ხელს აწერენ:

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;     

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

    არასამთავრობოორგანიზაციები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

    საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;

    დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი;

    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

    საზოგადოებრივი დამცველი;

    სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

    დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;

    ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი.

    პოლიტიკურიპარტია, რომლიცდღესშემოუერთდმემორანდუმს:

    „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.

  • “მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
    მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა. გარბენში მინისტრთან ერთად დარეგისტრირდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩია. მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება. 7 მაისის გარბენი ჩატარდება სამინისტროს ორგანიზებით, ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" და “რედბულის“ მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება. მსოფლიო რბენა - 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა" მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან. ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ეს არის ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი პროექტი. სასიამოვნოა, რომ წელს გარბენი სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ გარბენში წლეულს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. ეს ღონისძიება ერთის მხრივ გახლავთ ჯანსაღი წესის ცხოვრების პოპულარიზაცია და მეორეს მხრივ საქველმოქმედო პროექტი, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება. უამრავი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ პროექტის მეშვეობით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის მხარდაჭერა, რომელშიც უამრავი ადამიანი ჩაერთვება და ყველას ვანახებთ, როგორ გვიყვარს სპორტი საქართველოში". ვარლამ ლიპარტელიანი:" რამდენიმე წელია, რაც მე ვარ Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩი საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს გარბენი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოხარული ვიქნები თუ წლეულს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, რომელიც საქართველოში გარბენის ჩატარებას უკავშირდებოდა, პრობლემები გადაიჭრა და გარბენი წელს მეოთხედ ჩატარდება. მადლობა ყველას ვინც გარბენის ორგანიზებაში ჩაერთო. ყველას გთხოვთ 7 მაისს შევიკრიბოთ კახეთში". მაია აზარაშვილი(ფედერაციის პრეზედენტი „სპორტი ყველასათვის", ორგანიზატორი ):" იყო იმის საშიშროება, რომ გარბენი ვერ ჩატარდებოდა, თუმცა სპორტის სამინისტროს ძალისხმევით არაერთი პრობლემა მოგვარდა და საქართველო 7 მაისს კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. რეგისტრაცია დაიწყო და მინდა მონაწილეობის მსურველებს აქტიურობისკენ მოვუწოდო, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ორგანიზატორები ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გარბენი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, მონაწილეებს კი დაუვიწყარი სპორტული დღე ვაჩუქოთ". საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპრტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარალიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმები"-ს ის წამყვანი ლევან ხარაშვილი, ცნობილი სახეები ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, რუსკა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი.
  • „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია, - არასამთავრობო ორგანიზაციები

    მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის, -  "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით 9 არასამთავრობო ორგანიზაცია  განცხადებას ავრცელებს. 
    „როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა მოცემულ საქმეში ხელისუფლების შესაძლო პოლიტიკური ინტერესის არსებობის თაობაზე. 
    მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის. დღეის მდგომარეობით, საქმე განსახილველად გადაცემული აქვს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და მხარეები ელოდებიან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ყურადღება მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე მედია საშუალებები აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განმხილველ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

    1. განცხადებები „რუსთავი 2”-ის მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
    რამდენიმე დღის წინ მედიისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ბრალდებები ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის” საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბრალდებების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ 1 მილიონამდე ლარი მიიღო ქალაქ თბილისის მერიისგან.

    აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოგვმართა მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ზვიად ჩოხელის ოჯახსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის, ასევე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები; ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები; მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები სტიქიამდე და სტიქიის შემდგომ), ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული.

    მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან.

    გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მარტო მედიას აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების დეტალებზე, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ამგვარ საქმეებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მოსამართლეეები შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ კრიტიკას, თუმცა ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ლეგიტიმური ინტერესი, რაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით შეიძლება შეილახოს თუ საზოგადოება სრულყოფილად არ იქნება ინფორმირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
    აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ 2017 წლის 21 თებერვალს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების საკრებულოში არ მისვლის ფაქტს, მიუხედავად საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნისა. მიგვაჩნია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირების გადაწვეტილება თავი აარიდონ საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხებს, საზოგადოებაში დამატებით კითხვებს წარმოშობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლებს აქტიურად ითანამშრომლონ საკრებულოს წევრებთან და კანონით დადგენილი წესით პასუხი გასცენ ყველა გამოთქმულ ეჭვსა თუ ბრალდებას.

    2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო შემთხვევა
    უკანასკნელ პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე უზენაესი სასამართლოდან განცხადება 2017 წლის 14 იანვარს გადაიგზავნა ორი კვირის მანძილზე ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვისაც, რომელთაც კანონით ევალებათ მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს მათზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ და საქმის გამოძიება დაიწყო. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დროულად და მიუკერძოებლად წარმართვის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე პროკურატურამ ეტაპობრივად უნდა გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. გარდა ამისა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია იყოს მეტად ინფორმირებული და ქმედითი მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით და დგამდეს რეალურ ნაბიჯებს მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
    აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

    საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოების სპიკერ-მოსამართლეებს - დროულად მოხდეს მოსამართლეების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;

    პროკურატურას - უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

    თბილისის მერიასა და საკრებულოს - შესაბამისი ოფიციალური განცხადების გავრცელების გზით სრულყოფილად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ;
    ჩვენ ვაგრძელებთ „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის შემდგომი განხილვისას გამოირიცხება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე საქმის დაწყების დღიდან არსებობს“, - აღნიშნულია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, - ტარიელ ხეჩიკაშვილი

    "2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. 

    სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური