სახალხო დამცველის შეხვედრები ევროპის საბჭოში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:35

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის და ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებთან. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა; ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებზე.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წელს 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილ კომუნიკაციაზე, რომელიც უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებების აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ ეს კომუნიკაცია სახალხო დამცველმა პირველად წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე.

კომუნიკაცია კონკრეტულად ეხება ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების (ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების კუთხით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ სისტემურ/სტრუქტურულ  ხარვეზებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს უალტერნატივო პირობას იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ კეთილსინდისიერად შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

წაკითხულია 750 ჯერ

Related items

  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

    სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

    თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

    „დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

    „ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

    „მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

    ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

    2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

    ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

    და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

    დამატებითი ინფორმაცია

  • საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნ. მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

    აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება.

    იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

    აქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

    საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

    მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრაში  ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი  მონაწილეობდნენ.

    „საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეას კიფერმა.

    თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

    „ევროპის საბჭოს კონგრესი ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იკვლევს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მდივნის სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

    საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კონგრესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

    „მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის მხარდაჭერა. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

    საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

    „ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიულოცა ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ის კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სესიაზე, ჩვენ ვიხილავთ უკვე დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე საქართველოს პარლამენტშიც. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. ქალბატონმა ბურიჩმა ძალიან კარგად იცის ჩვენი გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ასევე, კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზაფხულში განვახორციელეთ და რასაც ძალიან მიესალმებიან. გენერალური მდივანი მიესალმება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს შეთანხმების მიღწევა ამ კუთხითაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.

    ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

    ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

    დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები:  ირაკლი კობახიძეფრიდონ ინჯიამარიამ ქვრივიშვილიგივი მიქანაძეთამარ ტალიაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი შედიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური