პრემიერ-მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 12:23

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 
შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა. 

ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც დაეთმო. 

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

წაკითხულია 485 ჯერ

Related items

  • აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "დღეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა  გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქარათველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.

    ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ თავზეხელაღებულ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

    საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება

    აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

    ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
    კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

    მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
    ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

    ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა ამერიკის ელჩთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, სხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, ქალბატონ კელი დეგნანსა და საელჩოს კულტურისა და განათლების საკითხთა ატაშეს, ბატონ კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.

    გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა უმაღლესი განათლების თანამედროვე ტენდენციებზე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს, წლებია მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა აკავშირებს აკადემიურ და საგანმანათლებლო დონეზე.

     

  • ამერიკის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემა გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა. სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

    „ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

  • მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

    შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

    განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური