ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 10:22

ქართული  დელეგაციის ჰეგემონიით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში გამართული რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა  2 კატეგორიაში ჩატარდა: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.

ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (2014;2015;2016 წწ.)  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორ +65 მოჭადრაკეთა შორის! თუმცა, მანამდე 1995 და 2009 წლებში უკვე გახლდათ  ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

ასე, რომ ქართველმა ჩემპიონმა თავის 11 ოლიმპიურ ოქროს და ქალთა შორის 5-გზის ჩემპიონობას, 5-გზის სენიორთა შორის ჩემპიონობაც მიუმატა. ნონამ, ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და  9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა , ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1998;1999;2003;2010 წწ.) სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი.

50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის ბოლო ტურში პრინციპული გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა! მან, 10-დან  9,5 ქულა დააგროვა და  მთელი ქულით (!) გაასწრო უახლოეს მდევარს. II-III  ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ რეპრინცევმა (უკრაინა) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ. შეჯიბრის მესამე ქართველმა მონაწილემ ვარლამ ვეფხვიშვილმა 6,5 ქულა დააგროვა.

50+წ. ქალთა შორის მონაწილეობდა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი. მის აქტივში 11-დან 7 ქულა და მე-7 ადგილია.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა  6 მოჭადრაკე და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!

წაკითხულია 586 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ჭადრაკის ჩემპიონატს აანონსებს
    8 ივნისს, 11:00 საათზე, ლიბერთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
     
    პირველ 60 მსურველს, ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
     
     
    გამარჯვებულს, ლიბერთი 500 ლარით დააჯილდოვებს.
     
    ,,ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო სოციალური პროექტი წარმატებით განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლების პროცესის პარალელურად, მაქსიმალურად ვზრუნავთ უფროსი თაობის ადამიანებზე. ჩვენთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს ის რომ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, კომფორტული დასასვენებელი სივრცეები შეხვედრების, ურთიერთობების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის პოპულარული ადგილები ხდება და მომავალში მსგავსი სახის არაერთ სოციალურ პროექტს შევთავაზებთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     

  • გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

    საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:
    "მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
    საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.
    საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.
    ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
    ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა...მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
    მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
    ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

  • ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია

    საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემ ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დასრულდა, ნათქვამია

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

    ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მესამე ადგილი კი 14 ქულით ჟუ ვენჟუნმა(ჩინეთი) დაიკავა.

    ტურნირი შვეიცარული სისტემით 21 ტურად ჩატარდა (29-30 დეკემბერი) და მისი საპრიზო ფონდი 250 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ნანა ძაგნიძეს მსოფლიო ჩემპიონობამ 80 000 დოლარი მოუტანა.

    ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დასრულდა.

    მიმდინარე წლის აპრილში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

    ფიდეს განახლებულ რეიტინგში ქართველი მოჭადრაკე 2528 ქულით მეცხრე ადგილზეა.




  • ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა!

    ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა! ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ნინო მეხუთე ქალია (ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ), ვისაც ვაჟთა შორის უმაღლესი საჭადრაკო წოდება გადასცეს. ბაციაშვილმა ფიდეს კონგრესამდე, ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და მესამე დიდოსტატობის ნორმა იქ შეასრულა.

    ქართველმა მოჭადრაკემ, გადააჭარბა 2500 ქულიან ზღვარს და ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდების მოპოვება შეძლო.  აღნიშნულ ტურნირში ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინომ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა.

  • ბექა ორჯონიკიძე: გპირდებით ბრძოლას, ჟინს, თავდადებას!

    გერმანია, ისლანდია, იაპონია, ჩილე და ალჟირი. ეს იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, რომლებთანაც საქართველოს ჭაბუკთა სახელბურთო ნაკრებს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ალჟირის გუნდთან ექნება და ამ შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

    მოკლედ, 8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი დიდი სახელბურთო ზეიმის მოლოდინშია. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ბექა ორჯონიკიძესთან.

    პირველ რიგში გკითხავთ, რამდენად კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?

    მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი და მარტივი მეტოქეები არსებობს? რა თქმა უნდა, B ჯგუფი, სადაც ჩვენ მოგვიწევს ასპარეზობა ძლიერი მეტოქეებით არის დაკომპლექტებული, თუმცა სიკვდილის ჯგუფად ვერ შევრაცხავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევდა და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

    ჩვენი მეტოქეები თუ გყავთ შესწავლილი?

    ვცდილობთ, ყველა გუნდზე მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. ევროპული ნაკრებები, გერმანია და ისლანდია ამომწურავად შევისწავლეთ, ნანახი გვაქვს იაპონიის გუნდის სხვადასხვა თამაშებიც, რაც შეეხება ჩილეს და ალჟირს, შედარებით მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია ამ ორ გუნდსაც ზედმიწევნით გავშიფრავთ.

    რამდენად რეალურად გესახებათ ჯგუფუდან გასვლა და რა იქნება ჩვენი ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?

    ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. თავისთავად გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარ კედლებში და ქომაგების აქტიური მხარადჭერით, პლუს მაქსიმალური მობილიზებით შეუძლებელი არაფერია.

    ჩვენი პროგრამა მინიმუმიც სწორედ პლეი-ოფში გასვლაა, ხოლო მაქსიმუმს რაც შეეხება, ვფიქრობ შეგვწევს ძალა სახელბურთო სამყაროს და მთლიანად ქართულ სპორტულ საზოგადოებრიობას უფრო მეტი სიურპრიზიც შევთავაზოთ.

    უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე რას იტყოდით?

    ახალი წლის შემდეგ, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად შევუდექით მსოფლიოს

    ჩემპიონატისთვის მზადებას და დღემდე რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვქონია. ერთადერთი, ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ყველა მოთამაშე ჩვენს განკარგულებაში ვერ იყო, თუმცა ფორმას და სათამაშო ტონუსს თავიანთ გუნდებში ინარჩუნებდნენ.

    დიდად წაგვადგა ივნისის თვეში ბულგარეთის ტურნირში მონაწილეობა. ამ ასაკში ხომ მოთამაშეები უცხოურ გუნდებთან პაექრობებით იზრდებიან. ბიჭებმა გამოცდილება აიმაღლეს და ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოყალიბდნენ.

    ნაკრებში ლეგიონერი ხომ არ გვყავს?

    დიახ, ირაკლი კბილაშვილი, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ კლუბში ირიცხებოდა. ბერძნებს ახლაც სურთ მისი შენარჩუნება, თუმცა ირაკლი არ ჩქარობს და უკეთესი შემოთავაზების მოლოდინშია.

    დასკვნითი შეკრების გამართვას სად გეგმავთ?

    ბილისში ვემზადებით. ამჟამად ბაზაზე ვართ შეკრებილი და სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ვცხოვრობთ, სადაც დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი.

    ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდებთან სპარინგ მატჩებს სისტემატიურად ვმართავთ, მაგრამ გვსურს ჩემპიონატამდე ერთი-ორი ამხანაგური მატჩი რომელიმე უცხოურ ნაკრებთანაც ვითამაშოთ. მაგალითად, ჩილეს გუნდი თბილისში ყველაზე ადრე 31 ივლისს ჩამოდის, თუმცა სამხრეთ ამერიკელები ქვეჯგუფში გვყავს და მათთან ამხანაგური რამდენად გამოგვივა და მიზანშეწონილი იქნება დასაფიქრებელია. მონაწილე გუნდების ძირითადი ნაკადი ტურნირამდე 4-5 დღით ადრე ჩამოვა და ალბათ რომელიმე ნაკრებთან სპარინგ შეხვედრის გამართვას მოვახერხებთ.

    ზემოთ ბულგარეთის ტურნირი ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვითხრათ, რამდენად კმაყოფილი დარჩით?

    საბოლოოდ მერვე ადგილი დავიკავეთ და შედეგით შეიძლება დიდად კმაყოფილება ვერ გამოვხატოთ, მაგრამ იმ ბრძოლისუნარიანობით, რაც ბიჭებმა გამოავლინეს, შემართებით და თამაშის ხარისხით იმედი ჩამესახა, რომ თბილისში თავს არ შევირცხვენთ.

    ჯგუფში ლუქსემბურგთან ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ დიდ ბრიტანეთს და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

    რა მიგაჩნიათ ჩვენი 19 წლამდე ნაკრების სუსტ და ძლიერ მხარეებად?

    დაცვის ხაზი და სწრაფი თამაში უდავოდ ჩვენი გუნდის კოზირად მიმაჩნია,

    მეკარის პრობლემასაც არ ვუჩივით. რაც შეეხება სუსტ რგოლს, ბურთის გათამაშების დროს ხშირად მოგვდის ტექნიკური წუნი და ამ მხრივ სამუშაო გვაქვს.

    დაბოლოს. რას ჰპირდებით ქართველ გულშემატკივარს?

    -8-დან 20 აგვისტომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში არა მხოლოდ სახელბურთო, არამედ ზოგადად სპორტული ზეიმი იქნება. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრი 24 ნაკრების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა და დარწმუნებული ვარ მის ორგანიზებას ღირსეულად გავართმევთ თავს.

    გულშემატკივარს კი ვპირდებით ბრძოლას, ჟინს და თავდადებას. სავსე ტრიბუნები და ქომაგების აქტიური მხარდაჭერა ბიჭების კიდევ უფრო დასამუხტად აუცილებელია. თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით და დარბაზში თუ ტელეეკრანებთან მყოფი გულშემატკივრის გასახარებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

    საქართველოს ნაკრები

    ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში შევა 16. ტურნირის განმავლობაში შეიძლება 3 ცვლილება, ოღონდ მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება 28-კაციანი სიიდან (მაგალითად, შესაძლებელია ორის შეცვლა და ერთი გამოცვლილის უკან დაბრუნება - ჯამში, 18 მოთამაშის გამოყენება)

    GK: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი), გიორგი ვათიაშვილი (გორი)

    LW: ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი (იმედი თელავი)

    LB: ზურაბ გოგავა (პეგასი), გიგი ფერაძე (ქარიშხალა), ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი)

    CB: გიგა ბაინაზიშვილი, დავით ყორიაული (იმედი თელავი)

    RB: გიორგი ცხოვრებაძე (პეგასი), გიორგი ტიელიძე (გორი)

    RW: ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), ნიკოლოზ ბაჯალაძე (ფოთი), დავით ნიაზაშვილი (გორი)

    P: გიორგი მიქავა (იმედი თელავი), ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი)

    მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (უკრ), მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი, გულდის უფროსი: ვახტანგ მეიფარიანი

    ხელბურთიჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

    ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

    ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

    მთავარ დარბაზში

    8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

    9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

    11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

    12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

    14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

    ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

    ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

    15 აგვისტო. დასვენების დღე

    16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

    17 აგვისტომეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

    18 აგვისტო: დასვენების დღე

    19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

    20 აგვისტო, ფინალები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური