კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი 5 027 000 ლარად გაიყიდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 5 027 000  ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც განახორციელებს 10 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეორე გაყიდული ობიექტია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება 5 750001 ლარად გაყიდა. უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა და 5 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.

საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარმოუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.

 

 

წაკითხულია 507 ჯერ

Related items

  • ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

    წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

     აპრილში ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით. საბოლოო ჯამში აპრილში სავაჭრო ბალანსი 11.6 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.  მიმდინარე წლის აპრილში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (73%), მაისურების და თბილი სამოსის (71%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (39%), მედიკამენტების (26%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (8%) და მინერალური და მტკნარი წყლების (5%) ექსპორტი.

    რაც შეეხება იმპორტს - გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (37%), ნავთობის აირებისა და ნახშირწყალბადების (32%) და სატელეფონო აპარატების (52%) იმპორტი. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

     2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა, ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%- ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

    საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდის საკითხზე. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

  • საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

    13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

    ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

    ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

    ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

    საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

    ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

    საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

    საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

    საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

     

  • ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, - გიორგი კვირიკაშვილი

    ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, რაც დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    ამ მიზნით, ინდოეთში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ინდოეთის კომერციის მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

    მინისტრის ინფორმაციით, კვლევის სავარაუდო ვადაა 6 თვე, თუმცა, ორივე მხრიდან მიზანშეწონილობის დაფიქსირების შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო მოკლე დროში გაფორმდება.

    „ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა იყო 7,5% და ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. ხუთ სამინისტროში გაიმართა შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, მათ შორის - საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი მუმბაი-ბანდერაბასი-აზერბაიჯანი, რომლის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის, სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის ვიზიტი, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყოს ამ თემის შესწავლა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი

    მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველა სფეროში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში ბატონ კიმ ინ ჰანს.


    რამდენი ხანია რაც საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა?

    1992 წელს, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კორეას რესპუბლიკა და საქართველო აგრძელებენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. სამხრეთ კორეის საელჩო საქართველოში აქტიურად იმუშავებს საქართველო-კორეას წლისთავის ორგანიზებისათვის. 2017 წელი, სწორედ ამ ორი ქვეყნის ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობის ოწდახუთი წელია და არის შესანიშნავი მიზეზი ამ კავშირის უფრო გაღრმავებისათვის და ყველა სფეროში ახალი ჰორიზონტების გახსნისათვის, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, მეცნიერებასა თუ განათლებაში.

    ამ კუთხით, რა ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოში კორეას საელჩოს მიერ?

    მიმდინარე წელს, ჩვენ ავღნიშნავთ კორეასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების ოცდამეხუთე დაბადების დღეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ოცდახუთზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. ყველაფერთან ერთად, ეს მოვლენა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ საქართველოსა და კორეას მრავალი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია საერთო ძალებით ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს. მინდა ეს ხელსაყრელი შემთხვევა გამოვიყენო, და შთაგონებულმა ამ წლის აქტუალური მოვლენებით, განვიხილო ის გამოწვევები, რომლებიც მომავალში საქართველო - კორეას თანამშრობლობისათვის გვესახება.

    გამოვყოფდი სამ ძირითად ასპექტს:
    პირველი გამოწვევა ეს არის საჯარო ურთიერთობის განვითარება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამ ორი ქვეყნის მიერ მეტი სარგებელის მოპოვებაზე რაც შეიძლება მოკლე დროში.
    მეორე გამოწვევა ეს არის ქართველი და კორეელი ხალხის ურთიერთობა.
    და ბოლოს, მესამე - ერთმანეთის უკეთ გაცნობა და შესწავლა.

    რა დონემდეა განვითარებული საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობა?

    მე ვფიქრობ, რომ საქართველო და კორეა უფრო ინტენსიურ დიალოგში უნდა შევიდნენ და მეტად გააძლიერონ თანამშრომლობა, რადგან ეს ორი ქვეყანა იზიარებს ერთსა და იმავე ძირეულ ღირებულებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო ჭრილში მათ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ როდესაც ორი ქვეყანა ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებს, მეტი შანსი და პოტენციალი არსებობს პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერებისთვისაც.
    მიუხედაავად იმისა, რომ 25 წელი საკმაოდ ხანმოკლე პერიოდია, მსგავსი იდეოლოგია ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის კეთილდღეობასა და სტაბილურობას პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს საერთო ღირებულებები გააძლიერებენ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობას.

    დაგეგმილია თუ არა წელს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკის მთავრობების წარმომადგენლების ვიზიტები?

    შარშან, ნიუ იორკში, საქართველოსა და კორეას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალ დონეზე შეაფასეს ამ ქვეყნებს შორის არსებული ომხრივი ურთიერთობები, მას შემდეგ რაც გასულ წელს კორეას პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი კორეას ოფიციალურად ეწვია. მე ვისურვებდი ამ თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გაგრძელებას. ასევე მსურს, ჩემი დიპლომატიური ძალები მივმართო ამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისაკენ. საქართველოში კორეელი ტურისტების რაოდენობა 2005 დან 20016 წლამდე - 238 დან 3782 - მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ამ პროგრესის მიზეზი ხელშეუხებელი ბუნება და ისტორიული ფაქტებია, სწორედ ეს ორი ფაქტორი იზიდავს კორეელებს საქართველოში. 

    არსებობს თუ არა საქართელოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები?

    საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კორეამ გადაწყვიტა ინვესტიცია ჩადოს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში, რაც ვფიქრობ, შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალსა და პოლიტიკას. ჯერჯერობით ეს პროექტი განვითარების სტადიაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ არ დაწყებულა შენება. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის ძლიერი სიმბოლო, გადამწყვეტი იქნება კორეელი ინვესტორებისათვის.

    რომელი კორეული კომპანიებია საქართველოში წარმოდგენილი, ეკონომიკური კუთხით და რა დაინტერესებაა კორეელი ბიზნესმენების მხრიდან?

    კორეული კომპანიები მრავლადაა საქართველოში, დაწყებული ავტომობილებით, ტექნიკით და დამთავრებული ელექტროენერგიით. მათ შორისაა HYUNDAI, SAMSUNG, LG, DOOSAN. მექანიკა, ჰიდრავლიკა და ა.შ. კორეელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან ტურიზმის, სასტუმროების, რესტორნების, მოგზაურობის, ტურისტული და სხვადასხვა სახის პროდუქციის ტრანსპორტირების მხრივაც.

    არსებობს თუ არა საქართველოსა და კორეას შორის კულტურული კავშირები?

    კულტურულ კავშირს კორეასა და საქართველოს შორის ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჩამოაყალიბებს, რაც ფუნდამენტურია ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. ორმხრივი კულტურული შეთანხმება 2015 წელს ძალაში შევიდა და დღემდე გრძელდება.
    წელს, საქართველო-კორაის ურთიერთობების ოცდამეხუთე დაბადების დღეს ავღნიშნავთ. ამ თარიღთან დაკავშირებით ბევრი შესანიშნავი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება კორეული ფილმების ჩვენება საქართველოს უნივერსიტეტებში, მოეწყობა სემინარები, საბრძოლო ხელოვნება, კორეული წარმოდგენები და კონკურსი, რომელშიც სამი კავკასიური ქვეყანა მიიიღებს მონაწილეობას.
    აქვე მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს, რომელთაც დაგეგმეს ეს ღონისძიებები, რათა გაზარდონ ქართველების ინტერესი კორეას რესპუბლიკის მიმართ და პირიქით.

    შეუძლიათ თუ არა ქართველ სტუდენტებს სამხრეთ კორეაში განაგრძონ სწავლა?

    კორეას განათლების სამინისტრო გთავაზობთ სტიპენდიებს და ეძებს ქართველ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ლიცენზია კორეაში გასამგზავრებლად.
    თუ გსურთ უფრო დაწვრილებით გაიგოთ მონაწილეობის კრიტერიუმები , გაეცანით: KGSP (Korean Government scholarship Program)
    http://www.niied.go.kr/eng/%20contents.do?contentsNo=78&menuNo=34

    გარდა ამისა ინტენსიური თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს უნივერსიტეტებთან. თავისუფალ უნივერსიტეტში გახსნილია კორეული ენის შესწავლის კურსები და ყოველ წელს იმართება ენის ტესტირება. მაისში კი ილიას უნივერსიტეტთან ერთად ჩავატარებთ სემინარს "აბრეშუმის გზის" თემასთან დაკავშირებით. სემინარში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცენტრალური აზიის სასწავლო უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც.

    დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ მომავალში საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

     

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

    ფრანგულიდან თარგმნა თათული გომართელმა

     

     

  • „სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება

    28 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამა - „სტარტაპ საქართველოს“გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

    სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც ინოვაციური პროექტების დანერგვისათვის აშშ-ში გაივლიან  წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან.

    ვიზიტის შესახებ დეტალების განსახილველად, 24 მარტს, ტექნოპარკში გუნდები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბ-ნ გიორგიმ ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე, გააცნო სტარტაპებს  ვიზიტის პროგრამა  და წარმატება უსურვა მათ.  სტარტაპებმა, თავის მხრივ, სილიკონ ველის ინვესტორებთან და ექსპერტებთან წარსადგენი პროექტები და პროგრესი გააცნეს მინისტრის მოადგილეს და მზაობა გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებში ჩართვაზე.

    ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან, ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთუმსხვილესკორპორაციასთან - Genentechდა   სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან.

    საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების,  მსოფლიოს  წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის  ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ  ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.  გარდა ამისა,  სილიკონ ველი ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნეს დამაჩქარებლების დიდი რაოდენობით.

    30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

    გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან - Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator, 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური