ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრ გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:40

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა. კერძოდ, კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

„სოფელ კუმურდოში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას როცა ეხება საქმე, მათ ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოს სხვა დიდ სოფლებს. დღეს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები პირველად შემოდიან ამ სოფელში და აქაურ მოსახელობას საშუალებას აძლევენ, ისეთივე ოდენობის და ხარისხის სერვისებით ისარგებლონ, რითაც დიდი ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს. სახელმწიფო სერვისები, უკაბელო ინტერნეტი, წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეის მონაცემებით, კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთსა და ლაჯანაში.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წაკითხულია 495 ჯერ

Related items

  • ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრი ონლაინ სწავლებას იწყებს

    Covid-19-ით გამოწვეული მკაცრი კანარტინის ფონზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რათა ადგილობრივ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. პირველი ონლაინ სესია 14 აპრილს, ქართული ენის დღეს განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 30 სტუდენტს აქვს საშუალება, დისტანციურად გააგრძელონ ქართული ენის შესწავლა.
    “მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღე! დღეს სიმბოლურად, ონლაინ რეჟიმში განახლდება ქართული ენის გაკვეთილები, რაც ვფიქრობ ერთგნვარი ოაზისი იქნება კორონავირუსის პანდემიის დროს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი მეგობრობა ყველა ვირუსზე გამძლეა, წარმატებებს გისურვებთ!” – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ, ვიდეო მიმართვაში.
    “ეს ონლაინ კურსი ჩვენ ახალგაზრდებს დაეხმარება, დაეუფლონ სახელმწიფო ენას და უკეთ ინტეგრირდნენ საზოგადოებასთან, რაც დღეს ასე სჭირდება ჩვენ რეგიონს,”– აღნიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჟანა ხაჩატურიანმა.
    პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, სასწავლო ცენტრი ასევე შეიმუშავებს ონლაინ ტესტებს ისეთ სასკოლო საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება. ტესტები შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ყველა კლასის მოსწავლეთათვის და ემსახურება მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ტესტების ინტეგრირება განხორციელდება პოპულარულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე www.izrune.ge-ზე და ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის 26 აპრილიდან.
    ახალქალაქის LAG-ის სასწავლო ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროექტის „ახალქალაქის სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
    ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.enpard.ge

  • საზოგადოებრივ ცენტრებში ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი

    იუსტიციის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა  და სოფლებში, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში  ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეებში განთავსებულია ლიბერთის ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები  ( შორაპანის, დუშეთის და საწირის გარდა).

    დღეიდან, პენსიის მიმღებ პირებს შეეძლებათ გამოიტანონ საკუთარი პენსია ნებისმიერ დროს და ისარგებლონ გადახდის აპარატის მომსახურებით თავის საცხოვრებელ რეგიონებსა და სოფლებში

    იხილეთ მისამართები: 

    • ბოლნისის რაიონი, სოფელი კაზრეთი 
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ღორეშა
    • დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი არხილოსკალო
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
    • ხაშურის რაიონი, სოფელი გომი
    • ყვარელის რაიონი, სოფელი შილდა
    • ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
    • ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხევი
    • თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა
    • თეთრიწყაროს რაიონი, მანგლისი, რუსთაველის ქ. 28ა
    • ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ფოკა
    • ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოეთი
    • წალენჯიხის რაიონი, ჯვარი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი იორმუღანლო
    • ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი
    • ქობულეთის რაიონი, სოფელი მუხაესტატე
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
    • წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი
    • გორის რაიონი, სოფელი მეჯვრისხევი
    • საჩხერის რაიონი, სოფელი კორბოული
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი
    • ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კაბალი
    • ლენტეხი, აღმაშენებლის ქ. 11
    • ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი აბაშიძის ქ. 2
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი ხრეითი
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი
    • სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში
    • მარნეულის რაიონი, სოფელი სადახლო
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი რუხი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი კიცხი
    • გორის რაიონი, სოფელი ტყვიავი
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი უსახელო
    • ახალციხის რაოინი, სოფელი ვალე, ვაჟა ფშაველას ქ. 4
    • ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული
    • ცაგერის რაიონი, სოფელი ლაჯანა
    • ახალქალაქის რაიონი, სოფელი კუმურდო
    • წალკა, არისტოტელეს ქ. 12
    • სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი კოხნარი
    • ვანის რაიონი, სოფელი ზეინდარი
    • ბორჯომის რაიონი, ბაკურიანი
    • ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი
    • დუშეთის რაიონი, დაბა ფასანაური
    • წალენჯიხის რაიონი, სოფელი ჯგალი
    • ოზურგეთის რაიონი, სოფელი ქვემო ნატანები
    • ლანჩხუთი, თბილისის ქ. 5
    • ახალციხის რაოინი, სოფელი აწყური
    • თელავის რაიონი, სოფელი ნაფარეული
    • ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე
    • თერჯოლის რაიონი, სოფელი ზედა საზანო
    • საჩხერე, მერაბ კოსტავას ქუჩა
    • სიღნაღის რაიონი, წნორი, ევდოშვილის ქუჩა
    • დმანისი, მ. ხერგიანის ქუჩა
    • ადიგენი, თორნიკე ერისთავის ქ. 32
    • ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
    • მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო
    • შუახევი, რუსთაველის ქ. მესამე შესახვევი
    • ქობულეთი, 9 აპრილის ქ. 28
    • ხულო, თამარ მეფის ქ. 5
    • ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. 2-ის მიმდებარედ
    • ქედა, აბუსერიძის ქ. 16-ის მიმდებარედ
    • ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქ. 41-ის მიმდებარედ
    • თეთრიწყარო, დიდგორის ქ. 8
    • ცაგერი, რუსთაველის ქ. (სპორტული მოედანი)
    • მარნეულის რაიონი, სოფელი ყაჩაღანი
    • ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭრებალო
  • ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

    საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
    ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
    “მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
    ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
    ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
    პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
    ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

     

     

     

  • ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

    ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სოფელ ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

    იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
     
    საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
     
    საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა 10  საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
     
    ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს. გახსნის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ბარალეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
     
    საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
     

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური