თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:19

პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

შაში-64-ის ევროპის ჩემპიონატი 12 ნოემბერს სასტუმრო „კალასში" (კ. აფხაზის, ყოფილი ლესელიძის #25) ოფიციალურად გახსნეს საერთაშორისო შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ლანგინმა და საქართველოს შაშის გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ კანდელაკმა.

ჩემპიონატის პირველი საპატიო სვლა გააკეთეს შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჰარმ ვირსმამ(ნიდერლანდები) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ. ტურნირის საზეიმო დაჯილდოება და დახურვა იგეგმება 19 ნოემბერს.

ტურნირის მონაწილენი არიან მსოფლიოს ტიტულოვანი დიდოსტატები ევროპის 18 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი ამ სახეობაში თბილისში არ ჩატარებულა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შაშის გაერთიანებულმა ეროვნულმა ფედერაციამ გაწია უდიდესი სამუშაო ამ უძველესი ინტელექტუალური სპორტის სახეობის აღორძინებასთან დაკავშირებით საქართველოში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია დაიმსახურა. 

საქართველოს აქტიურობამ საერთაშორისო სარბიელზე მიიპყრო მსოფლიო და ევროპული ორგანიზაციების ყურადღება, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება 64 უჯრიანი შაშის ევროპული ზეიმის მასპინძლობაში. ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს შაშის ყველა სახეობის განვითარებას საქართველოში და განავითარებს მოსახლეობის ინტელექტუალურ პოტენციალს.

საქართველოსაც ჰყავს საერთაშორისო დიდოსტატები, რომლებიც ამ ჩემპიონატზე მოსინჯავენ თავიანთ ძალებს.(ალექსანდრე ბერუაშვილი - წარსულში სსრკ ჩემპიონი; ლევან კიკნაძე - ორგზის ევროპის ჩემპიონი ინტერნეტ ვერსიით; ხოლო მანდილოსნებში მისი მეუღლე, დიდოსტატი - იამზე წივწივაძე).

წაკითხულია 856 ჯერ

Related items

  • ჯგუფური ეტაპი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურით დაასრულა
    ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე ადგილით და ევროპის ჩემპიონატის საგზურით დაასრულა.
    დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველო რუსეთთან 0-3 დამარცხდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვა.
    ჩვენი ნაკრები ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად, კონტინეტის მთავარ ტურნირზე ნიდერლანდებში იასპარეზებს.
    შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
    მადლობა თითოეულ გულშემატკივარს #ესშენიგუნდია
  • ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში!
    ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში! 3 ოქროს მედალი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები!
    ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
    ლაშა ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
    რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა, ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
    შეგახსენებთ, რომ 
    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
    დამყარდა მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს რეკორდები.
    მედლების რაოდენობით საქართველოს მამაკაცთა ნაკრები მე-4 წელია სტაბილურად ლიდერია!
  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • საქართველომ ფინეთს მე-3 პერიოდში 19 ქულა გაუბათილა, მაგრამ მოგებამდე ვეღარ მივიდა

    ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს. 

    ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

    ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 

    პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

    ბოლო წუთებზე ზუროსის გუნდს არაერთხელ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მოსაგებ ბრძოლაში ისევ ჩაბმულიყო, თუმცა ხან არ გაუმართლა, ხანაც ტექნიკური ხარვეზი დაუშვა და ფინელებმა გამარჯვება გაინაღდეს – 78:70 (სტატისტიკა). სკანდინავიელთაგან 14-14 ქულით საუკეთესო შედეგი ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ აჩვენეს. 

    საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა დუდა სანაძემ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. 4-დან 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულას გაიფორმა მიხეილ ბეიშვილმა, მერაბ ბოქოლიშვილი კი ჩვენს ნაკრებს 6 ქულით შეეწია.

    შედეგად, E ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი საქართველომ და სერბეთმა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა. სანამ საქართველო 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებდეს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მომავალ აგვისტოში ჩაებმება.

  • უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება

    უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

    16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

    ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

    ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

    ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

    სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

    კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

    სფფ-ს პრეს-რელიზი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური