თურქეთში გაერო-ს ტრიბუნალის წევრი მოსამართლე დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 17:18

თურქეთში გაერო-ს ტრიბუნალის წევრი მოსამართლე დააკავეს. აიდინ სეფა აკაის ბრალად 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა დასდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი იუგოსლავიისა და რაუნდის ტრიბუნალის წევრი ტეოდორ მერონი ავრცელებს.
მისი თქმით, ანკარამ მოსამართლე მათთან შეთანხმების გარეშე დააკავა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
″აიდინ სეფა აკაის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მასთან შეხვედრა მოვითხოვეთ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარისგან არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ყველამ ვიცით თურქეთში რამდენი ადამიანი დააკავეს. ამიტომ, ბუნებრივია ჩემი კოლეგების გამო ვღელავ.″-განაცხადა მან.
მერონის თქმით, ანკარის ეს საქციელი იმას ნიშნავს, რომ თურქეთი გაერო-ს მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
″ეს ძალიან სერიოზული საკითხია. იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში პირველად რომელიმე ქვეყანამ გაეროს მოქმედი მოსამართლე დააკავა.″-აღნიშნა მერონმა.
მერონი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ინსტიტუტების ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თურქეთს აიდინ სეფა აკაი სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
წყარო: http://www.bbc.com/turkce/37933223?ocid=socialflow_twitter

წაკითხულია 902 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ტრიბუნა, რომ ვისაუბროთ იმ გზავნილებზე, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ინტერესებს - აცხადებს ი. კობახიძე

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ იმ გზავნილებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ვეცდები, რომ მაქსიმალურად აქტიურად გამოვიყენო ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    დეპუტატმა, რომელიც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირველი სესია საინტერესოდ დაიწყო და ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

    „ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განიხილებოდა, ეხებოდა რუსეთის დელეგაციის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით, გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან და შევჯერდით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდით დელეგაციის აღიარების საკითხს იმ უხეში წინააღმდეგობების გამო ევროსაბჭოს პრინციპებთან, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ეს გზავნილი გავახმოვანეთ ევროპის საბჭოს სესიაზე და უკვე კომიტეტები იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის დელეგაციის აღიარება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი დელეგაციის მიერ სხვა დელეგაციებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    სასესიო კვირის დღის წესრიგზე საუბრისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განმარტა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

    „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში პირველად ვიღებთ მონაწილეობას ახალი შემადგენლობით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო პროცესებში. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში. განწყობა შესანიშნავია, აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ახალი შემადგენლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა“, – აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    როგორც ცნობილია დღეს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

     
  • სამმხრივმა მინისტერიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე - დ. ზალკალიანი

    23.12.2019 თბილისი - თბილისში,  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა  ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს: „ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით“. მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია.

    „ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

    დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“ - სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის მექანიზმებს.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა.

    „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. გამოვყავით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.

    შეხვედრაზე აღინიშნა სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამასთან, დაფიქსირდა ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. „უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ამასთან, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.

    „შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“ -  აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დავით ზალკალიანმა. 

    მინისტერიალის ფარგლებში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს აზრებაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასება მისცეს, საქართველოში გამართულ მინისტერიალს და ამ ფორმატში სამი ქვეყნის თანამშრომლობას. 

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე ისაუბრა

    2019 წლის 12 დეკემბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

    ადამიანის უფლებათა დღე მსოფლიოს მასშტაბით 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 

    დავით დონდუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარეობს.

    ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადგილი აქვს ადამიანთა გატაცებას, წამებას, უკანონო დაკავებას, ქონების ხელყოფასა და ეთნიკური ნიშნით დევნას. ამასთან, ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით, იზღუდება თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ხოლო ათიათასობით იძულებით ადგილნაცვალ პირს, კვლავაც არ ეძლევა თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება - აღნიშნა მან.

    საქართველოს წარმომადგენელმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს გატაცებულ იქნა საოკუპაციო ძალების მიერ და იგი ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში.

    სხდომის ფარგლებში, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • თურქეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა

    ქ. ინეგოლში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით ფოკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" ჩატარდა.

    ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა

     მათ  ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
     
    საღამოს ფარგლებში,  დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
     
    ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).
     
    ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
     
    ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური