დავით ზალკალიანმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:54

ბრაზილიაში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა 2016 წლის 1 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ბრაზილიის ეროვნული სენატის, ბრაზილია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, სენატორ აოუზიო ნუსესთან და სენატორ ანტონიო ანასტასიასთან, ასევე ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების (სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბია, გაიანა, პერუ) დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, აღინიშნა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციაში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას.

ბრაზილიელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. დავით ზალკალიანმა სენატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.

გადაფარვის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩებს რეგიონში არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ოქტომბრის თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს საქართველოსთან სტაბილური და პარტნიორული თანამშრომლობის პოლიტიკის გაძლიერების მზადყოფნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრების  XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც საქართველოს 2014 წლიდან ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.

წაკითხულია 682 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
    შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ  ვითარებაზე.
    ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკის  მნიშვნელობას. 
    გამოითქვა დაინტერესება საქართველო-ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში არსებული გარემოს გათვალისწინებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით.
    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, ახმედ ალი ალ საიეღს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საამიროების პრეზიდენტს შორის ა.წ. 31 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების მექანიზმებს.

    ამ მიმართულებით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კონკრეტული ნაბიჯების შემუშავების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

  • საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

    2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან -  ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
    საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის  საკითხები. 
    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
    როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული  ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.

     

  • საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

    2022 წლის 11 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა  საბჭოს (HRC) წევრად 2023-2025 წლების ვადით. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით.
    ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, გეოგრაფიული პრინციპით რეგიონული ჯგუფებიდან ირჩევენ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. საბჭო საქმიანობას  ჟენევაში ახორციელებს.
    საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. საბჭოში წევრობა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლადარჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდთან დაკავშირებით

    2022  წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
    მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება  რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.  
    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური