შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 21:31

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.
ხვალ, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში.
გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება; ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.
თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, დილის 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 754 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ასევე, 7 მედია ორგანიზაციის 582-მა მედია წარმომადგენელმა, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და 44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარეს რეგისტრაცია  მეორე ტურების დაკვირვების მიზნით.
ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.
30 ოქტომბერს 07:00 სთ-დან  24:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაუშვებელია ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, შესაბამისად მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

წაკითხულია 835 ჯერ

Related items

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

  • საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

    დღეს, მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის #2-ე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები საარჩევნო ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს ამომრჩეველს უბანზე დახვდა გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენი, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს შესწავლის გარეშე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესი და საფუძვლის გარეშე მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია.

    მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდად და დაუსაბუთებელი ბრალდებების გარეშე გააგრძელონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება. 28 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და იცავს თითოეული მათგანის ნებას. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიულად ორგანიზებული არჩევნები და მცირე ხარვეზები ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე, თუმცაღა ეს ინციდენტიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის ინტერპრეტირებული სიცრუე და ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. 

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის #2-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა - რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.  

    საარჩევნო ადმინისტრაციას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჰქონდა და ექნება კანონისმიერი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, მათ შორის ამ უბნის რეგისტრატორის ქმედებასა თუ სხვა პროცედურულ ხარვეზზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, ასევე წარიმართოს გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში.

  • ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც აშუქებდნენ არჩევნების დღის მიმდინარეობას და საზოგადოებას დროულად აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100% ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს.

    წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500  საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

    საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.

    შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

    ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა.  აღნიშნული არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 925 ამომრჩეველი. ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იყო 8 კანდიდატი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური