"დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ"-კალაძე შეხვედრებს ჭიათურაში განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 18:56

ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს.

„ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორიცილედა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. ზუსტად ამიტომ გაიზარდა რაოდენობა პატარებისა ბაღებში და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა სკოლებამდე ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რაც, შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.

„სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაოებებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა. ჩვენ, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. 

„უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნება“ ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში“,-განაცხადა კალაძმე. პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა ჭიათურელ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს.

„ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც „ ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50- ში 49 არის ჩვენი კანდიდატი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ე ოლქშივე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების , ჩვენი თანამოაზრეების , თანამებრძოლების გამარჯვება , ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება . დღეს რატომ არის ამხელა იმედი და მარდაჭერა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს ვიკადრებთ , არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ დავჩაგროთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე . ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადერებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცა სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ , თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს.

ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალი სახე, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჭიათურას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, სულხან მახათაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჭიათურის წარმომადგენელი პარლამენტში. სულხანის ამოცანა აქ იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის განვითარება. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სამთო მოპოვებას ჭიათურისთვის, დიდი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესს მისდევენ. სულხანმა ეს კარგად იცის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად წესრიგში მოგვეყვანა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის სულხანს. ახლა კი დგება მომენტი, როდესაც ამ მიმართულების სწრაფი განვითარება უნდა მოხდეს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა კვლავ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. წინ კიდევ ერთი ბარიერი გვაქვს გადასალახი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის გამარჯვებით. ჩვენს ქალაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ოთხ წელში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განვახორციელეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში არამარტო ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება, არამედ მთელი რიგი საკითხების მოგვარება“,-აღნიშნა სულხან მახათაძემ.

წაკითხულია 460 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

    StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

    მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

    100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • პარლამენტის დეპუტატმა ე. ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პარლამენტში გააკეთა.

    „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... "ქართული ოცნება" ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

    დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

    შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

    საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური