ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 14:54

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი ამავე მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 „მოგეხსენებათ, მიღებული მაღალი პროცენტისა და დიდი სხვაობის მიუხედავად, მაჟორიტარულ სისტემაში დაწესებული 50%-იანი ბარიერის გამო მეორე ტურში მონაწილეობა გვიწევს. პირველ ტურში მიღებული დიდი უპირატესობა გვაძლევს მყარ საფუძველს, განვაცხადოთ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დღეს ჩვენს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს და ამით იწყება ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, რამეთუ მე მაინტერესებს პრობლემების შესახებ, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, მოვისმინო თქვენგან - ნეიტრალური და მუნუციპალიტეტების ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანებისგან,“ - მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპუტატობის კანდიდატმა.

 „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის “ დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა და „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს.

 დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, თვითმმართველობის დონეზე, თუმცა ზოგჯერ უყურადღებობას აწყდება. ამირან გიგინეიშვილმა კი გამოთქვა სურვილი, დეპუტატობის კანდიდატს გააცნოს გურიის ზღვისპირა სოფლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მისმა ორგანიზაციამ შეიმუშავა.

ნინო წილოსანმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.

 „მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, რაც აუცილებლად გამომადგება საპარლამენტო მუშაობისას - თქვენ, ფაქტობრივად, მაძლევთ გამზადებულ მოკვლევას, რომლისთვისაც მე საკმაო დრო დამჭირდებოდა,“ - აღნიშნა წილოსანმა.

პრობლემებზე ისაუბრეს გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბისა“ და ჩოხატაურის „შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის“ წარმომადგენლებმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ ლანჩხუთშიც დაფუძნდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებზე იზრუნებს.

წაკითხულია 500 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

    StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

    მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

    100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • პარლამენტის დეპუტატმა ე. ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პარლამენტში გააკეთა.

    „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... "ქართული ოცნება" ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

    დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

    შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

    საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

  • ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

    საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მეგობრებო, ისევე როგორც თქვენ, მეც ბევრ რამეზე ვარ განაწყენებული. განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების და საკადრო პოლიტიკის ნაწილში. დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის სიმდრომი - 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა!

    სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა არჩევნებზე არმისვლა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ქვეყანა და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებისთვის. უნდა დავიცვათ 2012 წლის მონაპოვარი, ანუ კიდევ ერთხელ ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, რომ რევანშისტულ ძალებს არ მივცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

    მე ვერთვები ამ ბრძოლაში კიდე ერთხელ, რათა ბოლომდე მივიყვანო 2004 წელს დაწყებული ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი და პორტირებული ნაცხროვა მოვისროლოთ სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევეგუოთ „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას საქართველოში!"-აცხადებს ჯუმბერ თავართქილაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური