საგარეო საქმეთა მინისტრმა მონტენეგროს საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 06 ივნისი 2015 10:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ფორუმში - „TO BE SECURE“.
 
უსაფრთხოების ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბულგარეთის, რუმინეთის საგრეო საქმეთა მინისტრები.
 
კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ ევრო-ატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ვითარება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და მისი დაძლევის გზები.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში  უკრაინის კრიზისზე, სადაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და  საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას, კრიზისის მოგვარების გზებს, მის გავლენას ევროპულ და გლობალურ  უსაფრთხოებაზე, ასევე  იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.
 
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გზებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დასავლეთის ერთიანი და მტკიცე პოზიციის არსებობის მნიშვნელობას, „რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების  ვინც გააკეთეს თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი ფაქტობრივად ისჯებიან“.
 
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განხილვისას დიკუსიის მონაწილეებმა გაიხსენეს 2008 წლის ომი, აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისი სწორედ 2008 წლის ომის შედეგების გაგრძელებაა, რადგან სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა მოსკოვის აგრესიაზე.
 
2008 წლის აგვისტოს ომზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად მოიყვანა  აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. „უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ჰიბრიდული ომი გახლავთ, საერთაშორისო სამართალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისა, რაც მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიისწრაფვიან.

"მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არ არის ცალკეული შემთხვევა.  რუსეთმა ყველაფერი ჯერ კიდევ  90-იან წლებში საქართველოში წამოიწყო ეთნიკური კონფლიქტების სახით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს კი საქართველო-რუსეთს შორის ღია ფართომასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია.  სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამიტომ დღეს სახეზე გვაქვს ე.წ.  ხელშეკრულებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ასოცირებასა და ინტეგრაციაზე. ეს კი წარმოადგენს პირდაპირ ანექსიას სუვერენული საქართველოს ტერიტორიებისა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და იმ პროცესების გაგრძელებაა, რასაც რუსეთის მიერ ძველი გავლენის სფეროების აღდგენა ეწოდება. ამით რუსეთი სჯის იმ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც ორიენტირებულია იმ პოლიტიკის თავისუფლებაზე რომლის გატარებაც თავად სურთ. ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება. ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. არავის არ ააქვს უფლება ამ არჩევანს ვეტო დაადოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რომ გაფართოვდეს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე რეგიონში. ამიტომ ღია კარის პოლიტიკა უზომოდ მნიშვნელოვანია და ყველა იმ ქვეყანას რომელსაც შეუძლია, აქვს სურვილი და არ იშურებენ ძალისხმევას უნდა მიეცეს არჩეული მიმართულებით წასვლის საშუალება"- განაცდა ბერუჩაშვილმა.

 “To Be Secure” - მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც მონტენეგროში ყოველ წელს იმართება და აერთიანებს უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს.  ღონისძიების ორგანიზატორია მონტენეგროს ატლანტიკური საბჭო. 2015 წლის ფორუმი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მირო დუკანოვიჩმა გახსნა.

წაკითხულია 990 ჯერ

Related items

  • "მადლობას ვუხდი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

    გთავაზობთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა"-ს.

    მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, არაერთი ქვეყანა კვლავ პანდემიის ეტაპზეა გაჩერებული და მათი მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

    ამავე დროს, მსოფლიო დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს მიმართ, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ძალიან კარგად გაართვა თავი. მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მკვეთრად დაბალია ინფიცირებულ პირთა რაოდენობა.

    1. შეგიძლიათ გვითხრათ რამ განაპირობა საქართველოს ასეთი წარმატება

    მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ რა ზომები მიიღო

     საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების მრუდის შესამცირებლად?

    ჩინეთში და მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისთანავე აქტიურად დავიწყეთ ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და მათ გამოცდილებაზე უწყვეტი დაკვირვება. იანვრიდან დღემდე აქტიურად ვაკვირდებით კორონავირუსის განვითარების ტენდენციებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და მაქსიმალურად სწრაფად ვახდენთ პრევენციის, მართვისა და მკურნალობის ღონისძიებების შესაბამისობაში მოყვანას ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა თუ ევროპის წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებთან. ამისათვის ქვეყანაში სპეციალური ჯგუფებიც შეიქმნა.

    ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად ამ რთული გამოწვევის პერიოდშიც წინა პლანზე სწორედ მოქალაქეები დავაყენეთ და გავატარეთ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები. აღნიშნულმა საკმაოდ დააზარალა ეკონომიკური სექტორი, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ამ უმაღლესი ღირებულების დაცვის მიზნით, ვთვლით რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო.

    თავდაპირველ ეტაპზე, თითქმის ყველა ვისაც საზღვარზე, თუნდაც შედარებით მცირე ტემპერატურა ან რაიმე სიმპტომი უფიქსირდებოდა პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაგვყავდა, სადაც ხდებოდა მათი ვირუსზე შემოწმება. მსოფლიოში კორონავირუსის მასიურად გავრცელების პარალელურად შევწყვიტეთ საერთაშორისო ფრენები, თუმცა აქტიურად ვახდენდით და ვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებას, რომლებიც საზღვრიდან პირდაპირ სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადადიან, სადაც მათ სიმპტომებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

    ხაზი უნდა გავუსვა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს, რომლის მეშვეობით გვქონდა შესაძლებლობა დროულად მოგვეხდინა ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის PCR  ტესტირება, რის შემდეგაც აქტიურად და სწრაფად ხდებოდა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ.

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი  რა თქმა უნდა  ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი გვაძლევს.

    2. ამ ზომებიდან რომელს გამოყოფდითრომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 

    (ან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულირაც დაეხმარა საქართველოს 

    ეფექტურად შეეკავებინა ვირუსის გავრცელება ქვეყანაში?

    ქვეყნის მთავარი სტრატეგია, რამაც ხელი შეუშალა საქართველოში ვირუსის გავრცელებას, იყო ყველა დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევის იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი.

    აქ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ ყველა სექტორის, მათ შორის ჩვენივე მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა აღნიშნული სიტუაციის მასშტაბები და მათ მიერ გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სოციალური დისტანცირებისა და მაქსიმალურად სახლში დარჩენის კუთხით, ძალიან დაეხმარა ქვეყანას ვირუსის შიდა გავრცელების შეკავებაში.

    გარდა ამისა პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ახალი კორონავირუსით გამოწვეული კოვიდ-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი, სადაც სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გაერთიანებული არიან დარგობრივი ასოციაციები, დარგის ექსპერტები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  წარმომადგენლები,  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი ჩართულობით.

    3. რა დამატებითი ზომების მიღება იგეგმება, იმისათვის რომ ეკონომიკის და სოციალური აქტივობის განახლებასთან ერთად 

    საქართველომ შეინარჩუნოს ინფიცირების აღნიშნული, დაბალი მაჩვენებელი?

    საქართველოში ვირუსის დაბალი გავრცელების მიუხედავად სამთავრობო გუნდი და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური მობილიზაციით აგრძელებს მუშაობას. გამოწვევები კვლავაც უკავშირდება სოციალური დისტანცირების აუცილებლობას, რადგან ამაზე ქმედითი და ეფექტური მექანიზმი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვაქცინის არ არსებობის პირობებში, დისტანცირების გზით პრევენცია დაცვის საუკეთესო საშუალებად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, სამინისტროს მიერ, შემუშავდა სავალდებულო რეკომენდაციები, რომელიც ბიზნესმა და მოსახლეობამ უნდა დაიცვას ვირუსის პრევენციის მიზნით და რაც არის მათი ჯანმრთელობის გარანტი.  აღნიშნული რეკომენდაციების დაცვის მოთხოვნით, ეტაპობრივად დაიწყო ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვები თითქმის მოხსნილია და ბიზნესის უმეტესი ნაწილი გაიხსნა, თუმცა რეკომენდაციების შესრულების კონტროლს პერმანენტულად ვახორციელებთ.

    ამას გარდა ყოველდღიურად ფართოვდება ის ჯგუფები ვისაც ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით ტესტირება უტარდება საზღვრებზე, საკარანტინო სივრცეებში, საავადმყოფოებში და მაღალი რისკის პროფესიებში.

    ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დიდი ძალისხმევა დაიხარჯა სასტუმროებსა და რეკრეაციულ ადგილებში ინფექციის კონტროლის წესების დანერგვაზე. ბიზნეს ვიზიტორებისთვის ქვეყანაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი და ბიზნეს გარემო. რეგულარულ PCR ტესტირებაზე იოლი ხელმისაწვდომობა ვიზიტორს საშუალებას აძლევს კარანტინში ყოფნის გარეშე უსაფრთხოდ აწარმოოს ბიზნეს მოლაპარაკებები თუ სხვა საქმიანობა.

    ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მზაობის ხარისხი დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს პირველი ტალღის წინ იყო. სამედიცინო სფერო მეტად მობილიზებულია, ყველა სახელმწიფო სამსახურს აქვს მკაფიო სამოქმედო პროტოკოლი და შესწევს დაუყოვნებელი რეაგირების უნარი თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და ქვეყანა  მზადებას განაგრძობს.

    4. გავრცელებული ინფორმაციითსაქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

     ამ კუთხით რა სახის თანამშრომლობა მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის და რა როლს თამაშობს აღნიშნული, კორონავირუსთან ბძოლის წინააღმდეგ?

    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის.

    დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის მთავრობის მხრიდან. პეკინში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მარტშისაქართველოს  უსასყიდლოდ გადმოსცა 420 000 აშშ დოლარის ღირებულების PCR ტესტები და ორი შესაბამისი აპარატურა.

    ამას გარდა, ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართულ მხარეს მიღებული აქვს 21 000 ცალი სწრაფი ტესტი და 5 ტონამდე პირადი დაცვის საშუალებები.

    აღსანიშნავია, რომ გარდა მატერიალური დახმარებისა, ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, ჩვენი ქვეყნების სამედიცინო პერსონალისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით ვიდეო კონფერენციებიც გაიმართა, რომელიც Covid-19-ის ეპიდზედამხედველეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, დაავადების კონტროლისა და მკურნალობის საკითხებს ეხებოდა.

    საინფორმაციო სააგენტო "სინხუა", ჩინეთი

  • ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დ. ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ო. ვარჰელთან

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელთან.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტერიალისა და ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითებს, კერძოდ პარტნიორობის მომავალ სამიტის სამზადისს და პარტნიორობის მომავალის ხედვას 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები,საქართველოს პრიორიტეტებსა და ხედვასთან დაკავშირებით.

    ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს Covid-19- პანდემიის დროს გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.
    თავის მხრივ,ევროკომისარმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

    შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. დაგმობილი იქნა საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა Covid-19-ის პანდემიის დროს,მათ შორის შეშფოთება გამოითქვა 11 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

    ხაზი გაესვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პროცესში და ასევე ევკოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში.

  • ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

    2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
     
    ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
     
    მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
     
    მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

    ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე 22-25 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

    კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თანხლებით, კონგრესის პრეზიდენტი თბილისში შეხვდება ქალაქის მერს კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

    ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ გორში, მერთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

    გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

    ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

    ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

    ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური