„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მოაწყვეს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა 48-ე უბანთან, მარნეულის საარჩევნო ოლქში, ნაც. მოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არცერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებთან და ასევე, მოვუწოდეთ მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში ნაც. მოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი ნაც.მოძრაობის. გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე.
კერძოდ, თქვა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ „რუსთავი2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა და ეს არცერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი2“-ის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი2“-ის ე.წ. ჟურნალისტებმა.
რაც შეეხება ნაც.მოძრაობის დღევანდელ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუცმენი და სააკაშვილის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე. ესეც არ გვიკვირს ჩვენ ბუნებრივია გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ნაც.მოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.