15:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნებზე 1 222 634 ამომრჩეველი მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 16:34

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,8 % (1222634) შეადგინა.

ანა მიქელაძემ ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხმების დათვლამდე შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან. „კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა არის ფარული და მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის  5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ, - „ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს,“ - აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ანა მიქელაძემ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად - აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და  აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა,“ განაცხადა ანა მიქელაძემ.

წაკითხულია 453 ჯერ

Related items

  • ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

    როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.

    „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.

    ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

  • ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

    დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

    ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

    კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

    აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

    რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს:

    ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

    ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

    ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

    დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

    ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

     

  • ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ორი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში მსჯელობს კენჭისყრის დღისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესამუშავებელ რეკომენდაციებზე. 

    15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია რეგულაციები არჩევნების დღისთვის. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დადგენილების პროექტში უკვე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი სრულყოფის მიზნით კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

    სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის (199-ე მუხლის მე-5 პუნქტი) საფუძველზე, დადგენილებით უნდა განსაზღვროს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენურ წესები.

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

    კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

    პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

    კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური