ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 17:15

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში, წარმატებით დასრულდა, - შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.
დოკუმენტს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის, გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.
ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც, ორივე ქვეყანაში, ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მთავრობის მეთაურმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის განცხადებით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, მოლაპარაკებები წამოიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა.
მხარეების შეფასებით, საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკას და აღინიშნა, რომ, 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 3,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158%-იანი ზრდაა.
შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულებით პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი და ლოგისტიკური მიმართულება.

წაკითხულია 880 ჯერ

Related items

  • მემორანდუმი IFES Georgia-სთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა IFES-სა (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი IFES Georgia) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან მემორანდუმი განაახლა.

    მემორანდუმი მიზნად ისახავს „დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის დანერგვას.
    კურსის სწავლებისთვის 2011წ. USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო, რომელიც 2017წ. განახლებული სახით გამოიცა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. კურსი ინტერაქტიულია და, გარდა თეორიული მასალისა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დავალებებს, დისკუსიებს, დებატებს, სიმულაციებს.
    IFES საქართველოს მიერ ასევე შემუშავებულია მასწავლებლის წიგნი და სტუდენტებისთვის სამოქალაქო ჩართულობის პროექტზე მუშაობის გზამკვლევი (კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიმუშავებენ და ახორციელებენ გუნდურ პროექტებს).
    განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, IFES-ის დირექტორმა ქეთევან მაისურაძემ და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ქარაიამ.

    კურსის სწავლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება.

  • ლიბერთისა და ფარმადეპოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

    დღეს, ლიბერთისა და სააფთიაქო ქსელ ფარმადეპო’-ს შორის  ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 6 აგვისტოდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას  საუკეთესო ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები  გავრცელდება ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად - გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.  აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების და დაზღვევის გამოყენების შემთხევაშიც.

    ,,ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან - სააფთიაქო ქსელ  ,,ფარმადეპო“-სთან ერთად შევძელით ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და  დღეიდან პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ’’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ლევან თხელიძემ.

    ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდში დაუდგეთ ჩვენს მომხმარებელს. ამ პროექტის ფარგლებშიც,  გავითვალისწინეთ სოციალური ბარათის მფლობელების საჭიროებები და ვეცადეთ  სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება შეგვექმნაიმედი გვაქვს, შევძელითმაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მედიკამენტებზე გაწეული ყოველთვიური ხარჯები’- განაცხადა კომპანია “გეფა”-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.

  • ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

    მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

    მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

  • სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

    შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

    დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

    მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

    შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    „ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

    თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

    „საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

     

  • ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

    მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე - საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის. 

    ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების და სამეწარმეო საქმიანობისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით. 

    „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში  ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.  

    ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს და განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

    „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.  მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური