"მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:32

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.


"ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას, ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო, მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას; ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა, ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს ან წინასაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა, და მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი.

ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა - მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული, რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენის და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა, ანუ ყველა მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წაკითხულია 623 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

    StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

    მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

    100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად აქვს „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • პარლამენტის დეპუტატმა ე. ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს პარლამენტში გააკეთა.

    „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... "ქართული ოცნება" ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

    დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

    შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

    საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

  • ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

    საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მეგობრებო, ისევე როგორც თქვენ, მეც ბევრ რამეზე ვარ განაწყენებული. განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების და საკადრო პოლიტიკის ნაწილში. დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის სიმდრომი - 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა!

    სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა არჩევნებზე არმისვლა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ქვეყანა და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებისთვის. უნდა დავიცვათ 2012 წლის მონაპოვარი, ანუ კიდევ ერთხელ ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, რომ რევანშისტულ ძალებს არ მივცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

    მე ვერთვები ამ ბრძოლაში კიდე ერთხელ, რათა ბოლომდე მივიყვანო 2004 წელს დაწყებული ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი და პორტირებული ნაცხროვა მოვისროლოთ სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევეგუოთ „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას საქართველოში!"-აცხადებს ჯუმბერ თავართქილაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური