არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ და ინიცირებულ საწარმოებში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:49

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„სასიამოვნოა, როცა ეკონომიკის მინისტრს ან მის მოადგილეს უკავშირდები და მათგან ოზურგეთში ათეულობით წარმატებული პროექტის  შესახებ იღებ ინფორმაციას. თქვენი წარმატების მაგალითები არის ჩვენთვის ძალა შემდგომი სწრაფი განვითარების და ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად.

ოპოზიციის რიტორიკული შეკითხვა „სად არის თქვენს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები და მხარდაჭერილი საწარმოები?“ თავიდანვე უსამართლოა. უსამართლოა იმიტომ, რომ ეს შეკითხვა უგულებელყოფს თქვენს შრომას, თქვენს მიღწევებს და თქვენს მიერ შექმნილ დოვლათს“ - მიმართა მეწარმეებს არჩილ თალაკვაძემ.   

წაკითხულია 458 ჯერ

Related items

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადება

    გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას:

    "მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად.

    სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი. აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია.

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი. პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების აქტიური ჩართულობით, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა კიდეც ევროკავშირის სახელით.

    დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ ხელს აწერს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

    ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში,  თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. 

    ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული.

    გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით.

    დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ , ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას ვხედავთ, რომ კვლავ ვერ ახერხებს.

    გარდა ამისა, ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის  40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

    ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.

    ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ", -- აღნიშნულია ა. თალაკვაძის განცხადებაში.  

  • ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური და მოზომილი, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

    „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერც ამჯერად შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელთან დაკავშირებითაც  „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ხელს აწერდა.

    ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროდ შეთანხმება ვერ შედგა, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    „არ დაუჯეროთ არაფერს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რადგან რაც ისაუბრეს, მეტწილად ტყუილი იყო. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იგივე სცენარით, რა სცენარითაც წინა მოლაპარაკების პროცესი, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა, ორ საკითხს. ეს ეხებოდა ხელახალი არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას.

    გარდა ამისა, იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. ანუ, პრაქტიკულად ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს. ეს გამოჩნდა მათ შორის აქაც, როდესაც კითხვები დავუსვით. აქაც გამოჩნდა, რომ ისინი ამ დოკუმენტზე ხელის მომწერი არ იყვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხდა შეთანხმება და ცხადია, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

    „ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიტყვი და არა ზოგადად ოპოზიციაზე, რომ ჩემი აზრით, ის სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არც ერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე არ მჯერა, რომ იქ დაწერილი ტექსტებით მართლა შეიძლება, რეალურად რამე შეიცვალოს მართლმსაჯულების სცენარში, ან ძალაუფლების განაწილების ნაწილი ჩემთვის საერთოდ საინტერესო თემა არ არის –  პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობა და მსგავსი რაღაცები.

    კომპრომისი იყო ის, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი მაგალითად მე და ვიძახდი, რომ კარგი, ამას მოვაწერ ხელს. მათ შორის იყო ჩემთვის პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მთელი მოლაპარაკებების რაუნდები, ჯერ კიდევ პირველი რაუნდიდან მოყოლებული, როცა ელჩები აკეთებდნენ ფასილიტაციას, ვითხოვდი სრულად პროპორციულს, ბარიერის გარეშე ყველა არჩევნებს და ვერ მივაღწიე, რომ ასეთი ტექსტი ჩაწერილიყო, მაგრამ მზად ვიყავი, ამაზე თვალი დამეხუჭა. ასევე იყვნენ ჩემი კოლეგებიც მზად, სხვადასხვა საკითხზე თვალი დაეხუჭათ, თუ კომპრომისებზე არის საუბარი.

    ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს დღემდე, მათ შორის პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესშიც უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არ მესმის, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი. მად კომპრომისი სად გადის, არ ვიცი, ისევე როგორც არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა, როდესაც 8 წელია, ერთი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. პრობლემები რომ არსებობს, ეს წერია შარლ მიშელის თითოეულ პუნქტში, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, არ არის დამოუკიდებელი, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს და პოლიტიკური დევნაა. მე რანაირად ვარ ამაზე პასუხისმგებელი, გაუგებარია. ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი, დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს. ამაზე ვლაპარაკობ საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც“, – განაცხად ზურაბ ჯაფარიძემ.

    რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ წერია დოკუმენტში რურუა“, – ჯაფარიძე პასუხობს, რომ „ოცნებას“ უთმობენ.

    „იმიტომ არ წერია, რომ უთმობენ „ოცნებას“, უთმობენ „ოცნებას“, რადგან „ოცნება“ არ მოდის მაგაზე. ვიდრე ასეთი მოზომილი პოზიციით არიან, მანამდე ივანიშვილი არ დათმობს არაფერს, რადგან მას ესმის მხოლოდ ძალის ენა. ამას მარტო თქვენთან კი არ ვიძახი,  ამას ვეუბნები ჩვენს მეგობრებს პირშიც“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ამასთან, კითვაზე, „როგორ გააძლიერებთ საერთშორისო ზეწოლას“, ჯაფარიძე პასუხობს: „ჩვეულებრივი, ბრძოლის ამბავია, როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით. რაიმე გამზადებული რეცეპტი არ არის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ლუპის ქვეშ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან. მათ ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული, რომ ამ ქვეყანაში აშენდეს დემოკრატია. მთელი წლების განმავლობაში გვხატავდნენ, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული რეგიონში, როგორც დემოკრატიის მშენებელი ქვეყანა და ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ დემოკრატიის მშენებელ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტი არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და ეს ესმის ყველას. შესაბამისად, ყურადღება ისევ გაგრძელდება მათი მხრიდან, უბრალოდ, ჩემი აზრით, პრონციპულად შესაცვლელია ეს მიდგომა. მათ ღიად უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეთი არის სასამართლო, ასე ტარდება არჩევნები და ასეთი კრიზისის დროს, ზოგადად ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. უტრირებენ იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩადებული აქვთ ეს ინვესტიცია და ახლა უნდა გადაუსვან ამ ყველაფერს ხაზი და თქვან, რომ გაგვექცა სიტუაცია ხელიდან, აგერ, ერთი კაცის ხელშია ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

    ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

    წყარო: https://1tv.ge/news/zurab-jafaridze-vidre-chveni-megobrebis-pozicia-iqneba-diplomatiuri-da-mozomili-qartuli-ocneba-arafers-datmobs/

  • არჩილ თალაკვაძე - ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ეხმაურება.

    „მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

    გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

    „ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

    „თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

    „შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

    ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

    ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

    წყარო: https://1tv.ge/news/archil-talakvadze-dialogis-am-etapze-opozicia-isev-ar-aghmochnda-mzad-rom-kheli-moewera-shetankhmebaze/

  • ევროკავშირის შუამდგომლობა: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

    მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლის შუამდგომლობით რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს, გვიან ღამით, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. 

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

    ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული.

  • პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კომენტარი ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით

    პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი "ნიუს დეი საქართველოსთან" საუბარში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების, კონკრეტულად ნიკა მელიას საკითხს და საქართველოს შესახებ სენატში გამართულ მოსმენას შეეხო: 

    მისი თქმით, ამერიკის სენატის მოსმენაზე ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს. მათ განაცხადეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო ელექტრონული სამაჯური. "თუმცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს "ქართული ოცნება" ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია - პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის გადასახდელად, იქნება ეს 1 დღე, თუ 1 თვე, რაც ასევე არ არის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ცრუობს, თითქოს ყველაფერი მელიას ხელშია, რადგან ხელისუფლების ხელშია პროკურატურა და სასამართლოც! მხოლოდ ამის მერე ექნება მელიას არჩევანის საშუალება, გამოვა თუ არა ციხიდან“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა..

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური