"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა"- კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:36

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. 

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარეუბლი, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ჯანდაცვის, სოფლის მურნეობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოსახლეობ აქალაქიდან სოფელს უბრუნდება, სადაც საკუთარი საქმის წამოწყებისა და ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობაა. 

"აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ქუჩაში აღარ იხოცებიან და აღარავინ იჩაგრება უსამართლოდ. ეს ყველაფერი ჩვენი მონაპოვარია და იმის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველო განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ რელსებზე გდავიდა. ჩვენი ქვეყანა დღეს სრულიად სხვა რამეს უყრის კენჭს და სხვა რამის გამო მიდის არჩევნებზე - იმიტომ, რომ აღარ უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, მშვიდი ცხოვრება, ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები არ ხრავენ, არ ჭამენ ერთმანეთს და არ აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმი,თ მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ქვეყანა, საზოგადოება და ასე მოიტანოს უკეთესი მომავალი.

"მინდა, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ, მიუხედავად იმისა, რასაც ისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ეს ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ უნდ გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ მეტად ჩვენი პედაგოგები, როგორ შევცვალოთ ინფრასტრუქტურა, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო პირობები კერძო სექტორისთვის, მეტი დასაქმება მოვიტანოთ ქვეყანაში და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომ მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები ვართ, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა და გულიხმობს იმას, რომ დღეიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ახალი, კომპლექსური სარაგბო ბაზის შესახებ, რომელიც მარტყოფში დღეს გაიხსნა და განაცხადა, რომ რაგბი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ადამიანების გვერდში დგომა. 

"სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დღეს და ყველას, ვინც ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან პასუხს ელოდება, 8 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ - ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ, ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში. ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს და ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში სანთელივით, ჩირაღდანივით ანთია, ის ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, და თუ ამას გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები, ყოველთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რისიც მე მჯერა ჩემი გონების, ჩემი სხეულის ყველა უჯრედით და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც ახლა ხედავთ და ამიტომ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალური იქნება", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" გამორჩეულ კანდიდატებს - კობა კობალაძეს, ლევან კობიაშვილსა და ლევან კობერიძეს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი, საამაყო ადამიანია.
"კობა გამორჩეული პატრიოტია, გენერალი კობალაძე არის ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე; ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა და არის გმირი, ყველა მისი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.

"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვე ნდა არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლაამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძალიან პერსპექტიული ახალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ლევან კობერიძე.

"ლევანი არის განსაკუთრებული ადამიანი, გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, სტრატეგიული მარკეტინგის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო კერძო სექტორში მუშაობით და, კობასთან და ლევანთან ერთად, არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წაკითხულია 916 ჯერ

Related items

  • "მთავარი არხის" ოპერატორი, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

    ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. როგორც ბ. ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

    მისივე ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. 

    "მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა", - ამბობს ბ. ყორშია "მთავარი არხის" ეთერში. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/56603-sruli-jojokheti-gamoviaret-meore-sartulis

     

     

  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს.

    ამ მიზნით ნ. მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.

    პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია. 

    "ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება ბოლო დროინდელ მოვლენებთან შედარებით. ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ყველაფერს სახელს არქმევს. ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარო ვალზე შეთხზული ტყუილები. მთავარი პოლიტიკური განაცხადია. და რა არის ქართული ოცნების პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად არ გვინდა რეფორმები.

    სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც დასავლური გზიდან გადახვევის ნათელი და მტკიცე მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც მეც და ჩვენი მეგობრებიც მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, გადავდგათ ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

    მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

    ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

    ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს იყოს დასავლური ოჯახის წევრი!

    გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს! ისე კი სინამდვილეში ევროკავშირი, საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო - აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე და არა პირიქით. ქვეყნის ცუდი ხელისუფლება სახადია, ხოლო სტრატეგიული არჩევანი მარადიული ღირებულებაა.

    დღეს ამიტომაც ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად დაცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43- პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ". - თქვა ნიკა მელიამ. 

    ***

    ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

    დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

    2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

    დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

    სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

    მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

    ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

    ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

    მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.

    წყარო: https://formulanews.ge/News/55975?fbclid=IwAR3ysbdXB2n_IiPr7aPtN8bTofZc45Gq_OjTE30LUnHKfB6u1qVRjrtlOQk

  • ცესკოს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებისთვის საჭირო კამერები გადაეცა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება (საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ), რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. დღეს კი 3 700 - მდე ვიდეოკამერა, რომლითაც ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ გადასცა. კამერების გადმოცემის შემდეგ ცესკოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მთელი ის პროცესი თუ როგორ მოხდება კამერებით ვიდეოგადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის საჯაროობის უზრუნველყოფა. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი სიორიძე და ცესკოს წევრი ივანე ნორაკიძე ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ამ მასშტაბით უპრეცედენტოა და ამ პროცესს არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.“

    „მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბი“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

    2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება 3 200 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ამასთან ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.  როგორც ცნობილია წელს პირველად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება.

  • "აშშ გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან", - აშშ-ს საელჩო საქართველოში
    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
    "ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის 115-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო.
    ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის.
    საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული, თუ შეთანხმებაში მიღწეული კონკრეტული სასამართლო, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად. დროული პროგრესი ამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაზე პასუხისმგებლიანი გზაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლი დასრულდეს და ეს პროგრესი კვლავ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას.
    ეს შეთანხმება ქმნის სასარგებლო გზამკვლევს მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რომელიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად. ეს რეფორმები, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია.
    ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას", ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის", - ნათქვამია აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები!“

    დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

    მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე.

    სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

    მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების  მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად.

    მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

    მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური